Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორიგი კონფლიქტი ბიბისისა და ბრიტანეთის მთავრობას შორის


ანდრო ეული, პრაღა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის უფროსი მრჩეველი მოითხოვს, რომ ქვეყნის რადიო და ტელემაუწყებლობის უდიდესმა კომპანია ბიბისიმ ბოდიში მოიხადოს გამოქვეყნებული ინფორმაციისთვის...






ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტონი ბლერის უფროსი მრჩეველი ალესტერ კემპბელი მოითხოვს, რომ ქვეყნის უდიდესმა რადიო და ტელემაუწყებლობის კომპანია ბიბისიმ ბოდიში მოიხადოს გამოქვეყნებული ინფორმაციისთვის, რომ ტონი ბლერის კანცელარიამ თითქოს გააზვიადა ის მუქარა, ერაყის მასობრივი განადგურების არსენალიდან რომ მომდინარეობს. ბიბისი აცხადებს, რომ არ აპირებს ბოდიშის მოხდას, და რომ მისი პოზიცია ამ საკამათო საკითხში უცვლელია.


ლაპარაკია დოსიეზე, რომელიც გასულ წელს გამოაქვეყნა ბრიტანეთის მთავრობამ ერაყის მასობრივი განადგურების შეიარაღებასთან დაკავშირებით.

ბიბისის მიერ გასულ თვეს გამოქვეყნებულ ცნობაში აღნიშნულია, რომ ხსენებული დოსიე პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერის კანცელარიის თხოვნით იქნა გაზვიადებული. ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს ტონი ბლერის უფროსი მრჩეველი ალესტერ კემპბელი. ამ დღეებში იგი ჩვენებით გამოვიდა ბრიტანეთის პარლამენტში, რომლის საგანგებო კომისიამ გამოძიება დიწყო იმის გასარკვევად, თუ რამდენად იყო გამართლებული ბრიტანეთის მონაწილეობა სამხედრო ოპერაციაში ერაყის წინააღმდეგ [ალესტერ კემპბელის ხმა]: "ბიბისის ამბავთან დაკავშირებით მინდა უბრალოდ განვაცხადო, რომ ესაა სიცრუე, ეს იყო სიცრუე, სიცრუე იყო ეს თავიდან ბოლომდე. და ვიდრე ჩვენ არ მივიღებთ ამისთვის მობოდიშებას, მე გავაგრძელებ ძალისხმევას, რომ პარლამენტმაც და ხალხმაც იცოდეს, რომ ეს, სიცრუე იყო".
მას შემდეგ კემპბელმა წერილობით მიმართა ბიბისის და ბოდიშის მოხდა მოითხოვა, რაზეც ცივი უარი მიიღო. რადიო და ტელემაუწყებლობის კომპანიას არ შეუცვლია პოზიცია და აცხადებს, რომ მის მიერ გამოქვეყნებული ცნობა, რამაც მთავრობის განრისხება გამოიწვია, "მაღალი ჩინის სარწმუნო წყაროდან" მიღებულ ინფორმაციაზეა დაფუძნებული. ხოლო კემპბელის მოთხოვნას ბიბისიმ, მთავრობის მხრიდან "უპრეცედენტო" ზეწოლის შემთხვევა უწოდა.
ტოვინ მეისონი ბიბისის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო თავის დროზე. აი რა განაცხადა მან ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში [ტოვინ მეისონის ხმა]: "არ შემიძლია გავიხსენო მსგავსი შემთხვევა, როცა ბიბისის პირდაპირ სთხოვეს აღიაროს, რომ შეცდომა დაუშვა კონკრეტულ საკითხში და ბოდიში მოუხადოს მთავრობას, რაც ერთობ კონფრონტაციული ჟესტია. თუმცა ეს ჩვეული მოვლენაა ყოველთვის, როცა მთავრობის უკმაყოფილება იმითაა გამოწვეული, თუ როგორ გააშუქა ბიბისიმ ესა თუ ის მნიშვნელოვანი მოვლენა".
დაპირისპირება ბიბისისა და ბრიტანეთის მთავრობას შორის სულაც არაა უპრეცედენტო. უინსტონ ჩერჩილს, რომელიც მაშინ ფინანსთა მინისტრი იყო სურდა, რომ ბრიტანეთის მთავრობას დაქვემდებარებოდა მთლიანად ბიბისის საქმიანობა, ვინაიდან მიაჩნდა, რომ მაუწყებლობის უდიდესმა კომპანიამ მიკერძოებულად გააშუქა 1926 წლის საყოველთაო გაფიცვა, რომელმაც ცხოვრების პარალიზება გამოიწვია ბრიტანეთში. 1950-იან წლებში მთავრობამ მოუწოდა ბიბისის მეტის თავშეკავებით გაეშუქებინა სუეცის კრიზისი. არაერთი დაპირისპირება მოხდა ხსენებულ კომპანიასა და ბრიტანეთის მთავრობას შორის 80-იან წლებშიც.
ბობ ეტკინსი ბიბისიში მსახურობდა წლების მანძილზე, ხოლო ამჟამად მომავალ ჟურნალისტებს უკითხავს ლექციებს ქალაქ კარდიფის უნივერსიტეტში, უელსში. ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში მან გაიხსენა რამდენიმე შემთხვევა დაპირისპირებისა მარგარეტ ტედჩერის კონსერვატიულ მთავრობასა და ბიბისის შორის.
"ქალბატონი ტედჩერი აღაშფოთა იმან, თუ როგორ აშუქებდა ბიბისი ფოლკლენდის კუნძულების გამო ბრიტანეთსა და არგენტინას შორის მომხდარი ომის მსვლელობას. ტედჩერმა მიიჩნია, რომ ბიბისის გადამეტებულად ნეიტრალური პოზიცია ეკავა ამ ომში, მაშინ როცა ბრიტანელ ჯარისკაცებს მასმედიის თანადგომა ესაჭიროებოდათ", განაცხადა ბობ ეტკინსმა. უთანხმოება მოჰყვა ბიბისის მიერ ჩრდილოეთი ირლანდიაში მიმდინარე მოვლენების, ირლანდიის რესპუბლიკური არმიის საქმიანობის, აგრეთვე ცნობილი ინციდენტის გაშუქებასაც, როცა შეერთებულმა შტატებმა ბრიტანეთის ბაზებიდან ლიბია დაბომბა 1986 წელს. ქალბატონი ტედჩერი უაღრესად აღშფოთებული იყო იმის გამო, როგორ გააშუქა ეს მოვლენები ბიბისიმ.
80-იან წლებში აღირიცხა იშვიათი შემთხვევა, როცა ბიბისის მმართველთა საბჭომ ვერ გაუძლო ზეწოლას და დათმობაზე წავიდა მთავრობასთან. შინაგან საქმეთა მინისტრი ლეონ ბრიტენი შეშფოთებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ჩრდილოეთი ირლანდიის კონფლიქტისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმს შესაძლოა ექსტრემისტთა წისქვილზე დაესხა წყალი. ბიბისის მმართველთა საბჭომ გადადო ფილმის დემონსტრირება, რასაც განრისხებულმა ჟურნალისტებმა გაფიცვით უპასუხეს.
თუმცა მთლიანობაში ბიბისი წარმატებით უგულვებელყოფდა პოლიტიკურ ზეწოლას, და დღეს იგი, მთელს მსოფლიოში, ინფორმაციის სრულიად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საშუალების რეპუტაციით სარგებლობს.
ბიბისი 1922 წელს დაარსდა ეგრედ წოდებული სამეფო ქარტიის საფუძველზე. მის საქმიანობას მმართველთა საბჭო უწევს ზედამხედველობას, ხოლო დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს სატელევიზიო ქსელისათვის აუცილებელი ლიცენზიის გაცემისას მოსახლეობიდან შემოსული გადასახადი - ოჯახზე დაახლოებით 15 ევრო თვეში. სამეფო ქარტია ყოველ ათ წელიწადში ერთხელ უნდა განახლდეს. ბიბისის 2006 წელს მოუხდება ამ ქარტიის განახლება.
XS
SM
MD
LG