Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციზური საქონლიდან საბიუჯეტო შემოსავლები შემცირდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი სააქციზო საქონლიდან საბიუჯეტო მოსაკრებლების დონემ გასული წლის ზღვარსაც ვერ მიაღწია.

ლამის ყოველდღიური განცხადებებისა თუ პერმანენტული თათბირების პირობებში მთავრობა კონტრაბანდის შემცირებას ვერ ახერხებს და ყველაზე მაღალრენტაბელური სასაქონლო ჯგუფების დიდი ნაწილი, ელემენტარულად, აღრიცხვას არ ექვემდებარება. შედეგად კი გარღვეულ ბიუჯეტს და უკვე ტრადიციად ქცეულ სეკვესტრს ვიღებთ. რა სიტუაციაა აქციზური პროდუქციის დაბეგვრისა და შემოსავლების მხრივ?

ოფიციალური მონაცემების თანახმად, გასულ 6 თვეში აქციზური საქონლიდან სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს ჩამორჩება. ივნისის ჩათვლით, სახელმწიფომ ამგვარი პროდუქციის რეალიზაციიდან 36 მილიონ 580 ათასი ლარი მიიღო, მაშინ, როდესაც 2002 წლის ივნისისათვის ეს ციფრი 42 მილიონ 130 ათასს შეადგენდა. კლების ტენდენცია, ძირითადად, იმპორტს ეხება.

აქციზი ერთ-ერთი ცენტრალიზებული არაპირდაპირი გადასახადია, რომელიც გადაიხდება აქციზური საქონლის იმპორტის ან ადგილზე წარმოებისას. აქციზურ საქონელს განეკუთვნება: ბენზინი, თამბაქოს ნაწარმი და ალკოჰოლური სასმელები, ანუ ის პროდუქცია და ნედლეული, რომელიც საქართველოში, ტრადიციულად, მაღალრენტაბელურადაა მიჩნეული და რომლის იმპორტიდან და წარმოებიდან ბიუჯეტს სოლიდური შემოსავლები უნდა ჰქონდეს. თუმცა ბაზრის ამ სეგმენტებს, როგორც წესი, გავლენიანი მფარველები ჰყავს და საქმე თათბირებისა და გულზე მჯიღის ცემის იქით არ მიდის.

საინტერესოა, რომ გასულ 6 თვეში მარტო ნავთობპროდუქტების იმპორტის შემოსავალი 7 მილიონი ლარით ნაკლები იყო, ვიდრე შარშან. არადა, ამ სახის ნედლეულის მოხმარება თუ არ გაიზარდა, ნამდვილად არ შემცირებულა და არც ბენზინის და ნავთობპროდუქტების დეფიციტი იგრძნობა საქართველოში სოკოებივით აღმოცენებულ ავტოგასამართ სადგურებში.

უკეთესი სიტუაცია არც ადგილობრივი წარმოების აქციზურ პროდუქციასთან დაკავშირებით არის. მაგალითად, გასული წლის ივნისამდე სამამულო წარმოების აქციზური ნაწარმიდან შემოსავლებმა 11 მლნ. 880 ათასი ლარი შეადგინა, მაშინ, როდესაც წელს ბიუჯეტმა მხოლოდ 11 მლნ. 210 ათასი მიიღო. ადგილობრივი ალკოჰოლური სასმელებიდან წელს 806 ათასი ლარია შემოსული, გასული წლის ივნისის ჩათვლით კი ეს მაჩვენებელი 1 მლნ. 400 ათასი ლარი იყო.

როგორც ჩანს, ამ კატასტროფული სტატისტიკით საქართველოს ფისკალურ სტრუქტურებზე მეტად საერთაშორისო ორგანიზაციები არიან შეშფოთებულები, რასაც მოწმობს ორიოდე კვირის წინ საქართველოს პრეზიდენტთან ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სპეციალური ჯგუფის შეხვედრა, როდესაც მათ შევარდნაძესა და საზოგადოებას ნავთობპროდუქტების იმპორტში არსებული სიტუაციის ანალიზი წარუდგინეს. აქციზური საქონლის დაბეგვრის მოწესრიგებაზე მოგვიანებით საგანგებო ჩანაწერი ჩნდება სავალუტო ფონდის სამახსოვრო შენიშვნებში. სამწუხარო ის არის, რომ ქართულ კონტრაბანდულ ლაბირინთებში გარკვევას უცხოელები უკეთ ახერხებენ, ჩვენს ხელისუფლებას კი არ ძალუძს - ან არ სურს - მეტ-ნაკლები წესრიგი დაამყაროს ამ სფეროში, რათა ქვეყანას და მოსახლეობას ბიუჯეტის სეკვესტრის უსიამოვნო პერსპექტივა ააცილოს და შემოსავლები გაზარდოს.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა დონორებთან შეხვედრის შემდეგ აქციზური პროდუქციის კონტრაბანდის შემცირების ღონისძიებებზე მუშაობის იმიტაციას ქმნის, ძნელი წარმოსადგენია ხელისუფლებამ არჩევნების წინ რაიმე ქმედითი ნაბიჯი გადადგას თუნდაც იმის შიშით, რომ იმავე ბენზინის კონტრაბანდის შემცირებამ ბაზარზე ფასების ცვალებადობა არ გამოიწვიოს.
XS
SM
MD
LG