Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდული პროგრამა


ნონა მჭედლიშვილი და დავით პაიჭაძე თბილისში მისაღები გამოცდების ციებ-ცხელებაა.

უმაღლესი სასწავლებლები სტუდენტთა ახალი ნაკადის მისაღებად ემზადებიან. არანაკლებ სამზადისში არიან აბიტურიენტებიც, რომლებიც სტუდენტობის უფლებას, ტრადიციულად, ცოდნის გარდა, საგამოცდო ნერვიულობითა და მღელვარებით მოიპოვებენ.საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებიდან, ასევე ტრადიციულად, ყველაზე პოპულარული უმაღლესი სკოლა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტია. ახალგაზრდული პროგრამის პირველ ნაწილში ამ უნივერსიტეტის სტუდენტობის მოსურნე რამდენიმე ახალგაზრდას წარმოგიდგენთ და უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში არსებულ სიახლეებზეც მოგიყვებით. გადაცემის მეორე ნაწილში დღეს შევეცდებით გაჩვენოთ, რომ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელშიც შეიძლება გამოინახოს სტუდენტების მიღებისა და განსწავლის ისეთი, ჩვენთვის აქამდე უცნობი, ფორმები, რომლებიც დაკავშირებული არ იქნება კორუფციასა და ავტორიტარულ გარემოსთან. დავით პაიჭაძე ამ საკითხებზე თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენებისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პორფესორს, კათედრის გამგეს სერგო რატიანს გაესაუბრება.


კავკასიაში პირველი უნივერსიტეტი, ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1918 წელს დაარსდა. დაარსების პირველ წელს უნივერსიტეტში იყო ერთი - სიბრძნისმეტყველების - ფაკულტეტი, 18 პროფესორ-მასწავლებელი და 369 სტუდენტი. დღეისათვის უნივერსიტეტის 22 ფაკულტეტსა და ფილიალებში 30 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. წლევანდელი მისაღები გამოცდების შემდეგ უნივერსიტეტის სტუდბილეთის მფლობელი საბიუჯეტო სექტორზე კიდევ 1627 ახალგაზრდა გახდება, არასაბიუჯეტოზე კი - თითქმის ათასით მეტი, 2 617. ამ ორი ციფრის დაჯამება სოლიდურ რიცხვს გვაძლევს. როგორც უნივერსიტეტის მიმღები კომისიის პასუხისმგებელი მდივნის მოადგილემ ემილ კოპალიანმა განგვიმარტა, ჯამური 4 000 კაცი ბოლო წლებისთვის სტაბილური კონტინგენტია. ანუ 100-ზე მეტი სპეციალობისათვის ბევრი არ არის. შესაბამისად, უნივერისტეტის ყველა აბიტურიენტი სტუდენტი, სამწუხაროდ, ვერც წელს გახდება.

[ნინო რუხაიას ხმა] "ძალიან ვნერვიულობ ეხლაც. როგორი მომზადებული ვარ,მაგი ნაღდად არ ვიცი. მაგას ვნახავთ პირველ გამოცდაზე. პირველი გამოცდა ქართული მაქვს, 26 ივლისს."[სტილი დაცულია]

ნინო რუხაიამ სკოლა წელს დაამთავრა. იგი დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე აბარებს. ფრანგულზე. არჩევანი მან ჯერ კიდევ მეექვსე კლასში გააკეთა. იგი საფრანგეთში წასვლაზე ოცნებობს.
უფრო კონკრეტული გეგმები აქვს ისტორიის ფაკულტეტის დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის აბიტურიენტს თამთა პეტროსოვას. არც მეტი, არც ნაკლები, მას ელჩობა სურს. ირაკლი გოგია კი პროფესიულ მომავალზე ბევრს არ ფიქრობს და ცოტას ორიგინალობს კიდეც:

[ირაკლი გოგიას ხმა]"ბიზნეს ორგანიზაციაზე ვაპირებ. რა ვიცი, აბა, რატომ. მთავარია ჩავაბარო. რა გითხრათ, აბა, ეკონომიური...აუ, არ ვიცი, უბრალოდ, ხელი დავადე და ვსიო. სახელი მომეწონა და მორჩა. არა, ნაღდად სერიოზულად გეუბნებით. ჩემთვის მთავარია ჩავაბარო. (მაშინ შეგეტანა უცხო ენებზე-ნ.მ.). არა, მათემატიკა ეხლა შედარებით უკეთესად ვიცი და ... კონკურსი ჯერ დიდი არ არის. ნუ, ორი კაცი ადგილზე. (მაგის მიხედვითაც არ შეგირჩევია? ნ.მ.) არა, უბრალოდ სახელით და მათემატიკის იმით."[სტილი დაცულია]

საბუთების მიღება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 18 ივლისის ჩათვლით გრძელდება. მისაღები გამოცდები 20 ივლისს იწყება. განცხადებების რაოდენობის მიხედვით, წელსაც ტრადიციულ სურათთან გვაქვს საქმე: ჰუმანიტარული ფაკულტეტებიდან მაღალი კონკურსი იქნება იურიდიულზე, ფსიქოლოგიურზე, საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო ურთიერთობებზე, დასავლეთ ევროპისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტებზე. საბუნებისმეტყველო და ეკონომიკური ფაქკულტეტებიდან კი -საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების, ფინანსებისა და საბანკო საქმის სპაციალობებზე. ეს სპეციალობა აირჩია მარიამ ნანავამაც.

[მარიამ ნანავას ხმა] " რაღაც მაინტერესებს ძალიან. აი, ეს მიზიდავს რაღაც, ეს ფინანსები და საბანკო საქმე. შეიძლება იმიტომაც, რომ უფრო მეტი პერსპექტივა და უფრო მეტი გასაქანი გექნება. არ ვიცი, კონტინგენტი 60, 40 ბავშვზე არის და არ ვიცი. ახლა კონკურსი ამ ფაკულტეტზე საერთოდ ძალიან დიდია, ვიცი."

[ემილ კოპალიანის ხმა] " ეხლა ჯერ ციფრი, რა გვექნება 18 ივლისისათვის, როცა მორჩება საბიუჯეტოზე საბუთების მიღება და რა გვექნება 1 აგვისტოს, როცა დამთავრდება არასაბიუჯეტოზე, ძალიან ძნელია თქმა, მაგრამ თუ დღევანდელი მონაცემით, შევადარებთ დღევანდელ მონაცემს გასული წლისას, მატებაა საერთო რაოდენობის. საერთო რაოდენობის განცხადებებისა, დაახლოებით ასე 80, 100-ით. ეს არ იძლევა რაღაც ისეთი დასკვნების გაკეთების საშუალებას იმიტომ, რომ სიტუაცია ძალიან ისეთი დინამიურია. იცვლება ყოველდღიურად, ჩვენ სტატისტიკას ვაკრავთ. ეხლა ჯამში რა იქნება, პროგნოზი ... რა ვიცი, აბა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მეტი იქნება შარშანდელთან შედარებით."[სტილი დაცულია]

შარშანდელთან შედარებით, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აბიტურიენტებს წელს სასწავლო სპეციალობების უფრო გამრავალფეროვნებული სპექტრი დახვდათ. ამის თაობაზე უფრო დაწვრილებით ისევ ემილ კოპალიანი მოგვითხრობს.

[ემილ კოპალიანის ხმა]"წელს პირველად მიღება ხდება... დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე გაიხსნა სპეციალობა ამერიკანისტიკა. აქამდე ეს სპეციალობა არ იყო. კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე შემოვიდა ორი ახალი სპეციალობა: ვაჭრობის ეკონომიკა და საგარეო სავაჭრო ურთიერთობები და მარკეტინგი. ეს აქამდე არა გვქონდა. მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტზე - ეს ორივე ფაკულტეტი ეკონომიკური ბლოკის ფაკულტეტებია -ბიზნესის ადმინისტრირება, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, ვთქვათ. ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტზე - დამდგმელი მხატვარი. "

ჩვენდა გასაკვირად, აღმოჩნდა, რომ უნივერსიტეტის ახალი სპეციალობებიდან, სავარაუდოდ, ყველაზე გამოსარჩევ ამერიკანისტიკის სპეციალობაზე კონკურსი ჯერჯერობით ძალიან დაბალია. სპეციალობაზე სულ 12 კაცია მისაღები - 11 ივლისის მონაცემებით კი, არც ერთი განცხადება არ იყო შესული. 18 ივლისამდე - ანუ საბუთების მიღების დასრულების ვადამდე - დარჩენილი დრო სურათს ყველა ფაკულტეტზე შეცვლის. უნივერსიტეტში მოხვედრის მსურველ აბიუტირიენტთა რიგები მიმღებ კომისიებთან, როგორც წესი, ბოლო დღეებში დგება ხოლმე.


განვაგრძობთ ახალგაზრდულ პროგრამას და, დაპირებისამებრ, მიკროფონთან ვიწვევთ დავით პაიჭაძეს და მის სტუმარს, პროფესორ სერგო რატიანს. ინტერვიუ სტუდენტების მიღებისა და სწავლების, სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებისაგან განსხვავებულ, პრაქტიკას შეეხება.

იხ. აუდიოვერსია.
XS
SM
MD
LG