Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში ვითარება კვლავინდებურად დაძაბულია


თამარ ჩიქოვანი, თბილისი მაშინ, როცა თბილისში გაისმის მოთხოვნა აღმასრულებელი ხელისუფლების გადადგომის შესახებ,

სოხუმში ვლადისლავ არძინბას გადადგომის აუცილებლობის შესახებ განცხადებას უკვე აფხაზთა პარლამენტის სპიკერი აკეთებს. ნუგზარ აშუბას აზრით, თუ ავადმყოფობა ხელს უშლის ვლადისლავ არძინბას საქმიანობაში, პრეზიდენტმა თავად უნდა მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება. ასეთი დაძაბული ფონი დახვდება აფხაზეთში ოფიციალური თბილისის დელეგაციას, რომელიც 15 ივლისს ქართულ-აფხაზურ საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სოხუმში ჩავა. რა შედეგით შეიძლება დასრულდეს მოლაპარაკება?


როგორც გახსოვთ, გაეროს ეგიდითა და ჟენევის ფორმატით ქართულ-აფხაზური სამშვიდობო მოლაპარაკება 2001 წელს, კოდორის მოვლენების შემდეგ, შეწყდა. თუმცა, გულახდილად რომ ითქვას, საკოორდინაციო საბჭოს მუშაობა შედეგიანობით დიდად არც მანამდე გამოირჩეოდა. ის შეთანხმებები, რომელთა თაობაზეც საერთო აზრის გამომუშავება ხერხდებოდა, საბოლოოდ მაინც შეუსრულებელი რჩებოდა. ამჯერადაც კონფლიქტში მონაწილე მხარეები განსხვავებულ მიზნებს უკავშირებენ 15 ივლისს სოხუმში დაგეგმილ შეხვედრას: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქართული მხარე მთელი პრინციპულობით მოითხოვს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით, აფხაზეთის კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების შესახებ დიალოგის დაწყებას - იგულისხმება ე.წ. ბოდენის დოკუმენტი, რომლის განხილვის დაწყების შესაძლებლობას კატეგორიულად უარყოფს სოხუმის ხელისუფლება. გარდა ამისა, ქართული მხარე კვლავ დააყენებს კონფლიქტის ზონაში მყოფი სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაციის საკითხს.
სოხუმის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა კი წინასწარ აკეთებს პროგნოზს, რომ ქართული მხარის ორივე მოთხოვნა ჩავარდნისთვის არის განწირული - როგორც მან განუცხადა სააგენტო "აფსნი პრესს", აფხაზეთის სტატუსის საკითხის განხილვა დღის წესრიგში არასდროს დადგება. რაც შეეხება ინტერნაციონალიზაციას, შამბას განმარტებით, ამისთვის კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარის თანხმობაა აუცილებელი, აფხაზური მხარე კი სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაციის აუცილებლობას ვერ ხედავს.
რაც შეეხება ვითარებას თავად აფხაზეთში: აფხაზეთის ომის ვეტერანთა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის "ამცახარას" მეოთხე ყრილობის შემდეგ "ამცახარას" რეგიონალურმა ორგანიზაციებმა რეგიონებში მუშაობა გაააქტიურეს, რათა მოსახლეობა პირველწყაროდან იყოს ინფორმირებული, რასაც მოითხოვს "ამცახარა". როგორც გახსოვთ, ავადმოყოფობის გამო ვლადისლავ არძინბას თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომის გარდა, "ამცახარა" კვლავ მოითხოვს აფხაზურ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას და პრეზიდენტის არჩევნების შესახებ კანონის რევიზიას.
ოფიციალური თბილისი თავს არიდებს სოხუმში მიმდინარე მოვლენების კომენტარს. 14 ივლისს ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ ოფიციალურ პირებს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თავშეკავებისკენ მოუწოდა. მისი აზრით, პოზიციის გახმაურება მხოლოდ საქმეს ავნებს. გარდა ამისა, პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადებით:
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] " რაც შეეხება ომის პროვოცირებას - სხვათა შორის, ზოგიერთი ოპოზიციონერი ამასაც კი გვიკიჟინებს, თითქოს ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს წინასაარჩევნოდ ომის პროვოცირება აფხაზეთში და ა.შ. მე ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა."
შეგახსენებთ: იმელის შენობასთან, მე-13 დღეა, შიმშილობენ აფხაზეთიდან დევნილები, რომლებიც მოითხოვენ გაერომ აამოქმედოს აფხაზეთში მშვიდობის იძულებით დამყარების მექანიზმი.
XS
SM
MD
LG