Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასაარჩევნოდ ისევ იძაბება ურთიერთობა ოფიციალურ თბილისსა და ბათუმს შორის


თამარ ჩიქოვანი, თბილისი იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კოდექსში გათვალისწინებული არ იქნება აღორძინების ინტერესები, გამორიცხული არ არის, აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკამ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებს

ბოიკოტი გამოუცხადოს - ასეთი განცხადება გააკეთა 22 ივლისს ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ასლან აბაშიძემ. თბილისში, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ფრაქცია "აღორძინების" ლიდერი ჯემალ გოგიტიძე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის განსაზღვრისას აღორძინების ინტერესების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, პარლამენტის შენობის წინ მასობრივი აქციების გამართვის შესახებ აკეთებს განცხადებას.წინასაარჩევნოდ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ვითარება საშიშად იძაბება.


22 ივლისს ფრაქცია "აღორძინებამ" პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, პროტესტის ნიშნად, დატოვა. მანამდე აღორძინების ლიდერები კოლეგებს აფრთხილებდნენ, რომ რეგიონის პოლიტიკური ინტერესების გაუთვალისწინებლობა ქვეყანაში უმართავ პროცესებს გამოიწვევს. ამის თაობაზე განცხადება დილის სხდომაზე ისევ აღორძინების წევრმა სანდრო ბრეგაძემ გააკეთა:
[ სანდრო ბრეგაძის ხმა] " ნუ მიიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, თუნდაც თქვენთვის სასარგებლოს, რომელიც უგულებელყოფს აღორძინების და, ამ შემთხვევაში, რეგიონის ინტერესებს."
იმ 7 ფრაქციის წარმომადგენლები, რომლებიც, "აღორძინებისა" და "მრეწველებისგან" განსხვავებით, შეთანხმდნენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციისთვის გამოყოფილი ადგილების განაწილების წესსზე, კატეგორიულად მოითხოვენ საარჩევნო კოდექსის პროექტის განხილვის დაწყებას. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ელდარ შენგელაია კითხულობს:
[ ელდარ შენგელაიას ხმა] " საარჩევნო კოდექსი როდისმე ადგილიდან დაიძვრება თუ არა? თუ ჩვენ ველით ბეიკერის ხელმეორედ ჩამოფრენას?"
საარჩევნო კოდექსის განხილვის სასწრაფოდ დაწყების მოთხოვნით გამოდის ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატები". ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით:
[ვასილ მაღლაფერიძის ხმა] " ახლა, ყოველმიზეზგარეშე, ჩვენ უნდა დავიწყოთ საარჩევნო კოდექსი. არც ერთი სხვა საკითხის განხილვა აღარ იქნება. ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. ჩვენ უნდა დავიწყოთ საარჩევნო კოდექსი."
საარჩევნო კოდექსის პროექტის განხილვა 22 ივლისის სხდომაზე ისევ არ დაწყებულა. სახელისუფლებო ძალები მოითხოვენ, რომ ოპოზიცია თავად შეთანხმდეს ადგილების გადანაწილების წესზე და ერთიანი პროექტი წარმოადგინოს დასამტკიცებლად. ოპოზიცია წესზე ვერ თანხმდება: "აღორძინება" ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 4, ხოლო "მრეწველები", მინიმუმ 2 ადგილს ითხოვენ, რასაც სხვა ოპოზიციური ფრაქციები კატეგორიულად არ ეთანხმებიან. იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია ვერ შეთანხმდა, - არადა, როგორც ჩანს, საქმე სწორედ აქეთ მიდის, - როგორ გადანაწილდება ოპოზიციას შორის ადგილები, სამთავრობო ფრაქციების კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული. სამთავრობო ძალებს ასეთი პასუხისმგებლობის აღება არ სურთ და მოითხოვენ, კონსენსუსს თავად ოპოზიციამ მიაღწიოს.
საბოლოოდ, პარლამენტარები შეთანხმდნენ, რომ კონსულტაციებს ოპოზიცია 23 ივლისს განაგრძობს, თუმცა იმედი, რომ შეთანხმება მიღწეული იქნება, ბევრს არავის აქვს.
XS
SM
MD
LG