Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო "ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში" კიდევ ერთხელ დაპატიჟეს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს "ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში" ეპატიჟებიან. კავშირი, რომელიც რუსეთს, ბელორუსიას, ყაზახეთსა და ყირგიზეთს აერთიანებს, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ხარჯზე გაფართოებას ცდილობს,

თუმცა პოსტსაბჭოთა ქვეყნები მაინცდამაინც დიდ ინტერესს ამ გაერთიანების მიმართ არ იჩენენ. საქართველოს კი იმთავითვე ჩამოყალიბებული ჰქონდა კავშირის მიმართ პოზიცია და მის გადასინჯვას არც ამჟამად აპირებს. რა დამოკიდებულება აქვს თბილისს "ევრაზიის ეკონომიკური კავშირის" მიმართ?

საქართველოში რუსული სამთავრობო დელეგაციების სტუმრობის დროს რუსი პოლიტიკოსები შემთხვევას არ უშვებენ ხელიდან და პერიოდულად "ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში" გაწევრიანებას გვთავაზობენ.

სიტუაცია არ შეცვლილა არც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დელაგაციის თბილისური ვოიაჟისას. ამჯერად ინიციატივა გაახმოვანა დუმის დსთ-ს საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ სერგეი აპატენკომ, რომელმაც ეს შემოთავაზება პრეზიდენტ შევარდნაძესთან შეხვედრაზეც გაიმეორა.

აპატენკოს მიაჩნია, რომ სუუამ-მა საქართველოს არაფერი მოუტანა, მაშინ როდესაც "ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში" გაწევრიანებით ქვეყანა ბევრ პრობლემას მოაგვარებს. როგორც ჩანს, რუსი დეპუტატი იმ გაერთიანების პოპულარიზებას ცდილობს, რომელშიც რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთია გაწევრიანებული და რომელიც ქმედით და მობილურ წარმონაქმნად ვერა და ვერ იქცა. მართალია, ვერც სუუამ-ი ჩამოყალიბდა მძლავრ რეგიონალურ გაერთიანებად, მაგრამ პოლიტოლოგები მის პერსპექტივებს უფრო მეტი ოპტიმიზმით უყურებენ, ვიდრე თუნდაც ე.წ. ოთხთა კავშირს, რომელში გაწევრიანებასაც ასე დაჟინებით გვთავაზობენ რუსი პოლიტიკოსები.

თავად აპატენკო აღიარებს, რომ "ევრაზიის ეკონომიკური კავშირი" არ არის პანაცეა, თუმცა რუს დეპუტატს მიაჩნია, რომ საქართველოს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებით რუსეთთან მოქმედი სავიზო რეჟიმის პრობლემის გადაწყვეტა შეეძლება. ასევე, შეეძლება ისარგებლოს თავისუფალი საბაჟო ზონის "სიკეთეებით".

"ევრაზიის ეკონომიკური კავშირის" შექმნისთანავე საქართველოს ხელისუფლების პოზიცია მის მიმართ საკმაოდ სკეპტიკური იყო და ამ მოსაზრების გადასინჯვას ხელისუფლება არც ამჟამად აპირებს, მით უმეტეს, რომ საქართველომ არაერთგზის დააფიქსირა ევროსტრუქტურებში ინტეგრირების პრიორიტეტი. კავშირი, რომელიც ბევრისათვის საბჭოთა კავშირის რეანიმირების მცდელობად აღიქმება, ჩვენთვის მაინცდამაინც მომხიბლავი პერსპექტივა არ გახლავთ.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელის რომან გოცირიძის განცხადებით კი, "ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში" გაწევრიანებაზე საუბარიც კი უაზრობაა. "საქართველო არ შეიძლება გახდეს ამ კავშირის წევრი. ჩვენ ვემხრობით რუსეთთან, ყაზახეთთან, ყირგიზეთთან და ბელორუსიასთან ორმხრივ ურთიერთობას, მაგრამ თავად კავშირში შესვლა არასერიოზულია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც გეზი ევროპისკენ გვაქვს აღებული ", მიაჩნია რომან გოცირიძეს.

ამასთან, "ევრაზიის ეკონომიკური კავშირი" ცნობილია ერთიანი სავალუტო სივრცის შემოღების იდეით, თანაც ასეთ ვალუტად მათ რუსული რუბლი ესახებათ. საინტერესოა, რომ რუბლის ერთიან ვალუტად გადაქცევის იდეას თავად "ოთხთა კავშირის" წევრი ზოგიერთი ქვეყანაც არ იზიარებს. შესაბამისად, საეჭვო და უპერსპექტივო პროექტებით ცნობილ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანებით არავინ იქნება მოხიბლული.
XS
SM
MD
LG