Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა თურქეთის პარლამენტი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ღებულობს და ჩეჩნეთის კონფლიქტი ჩრდილოეთი კავკასიის საზღვრებს გასცდა,

- ამ ორ საკითხს დაეთმობა უცხოეთის პრესის დღევანდელი მიმოხილვა.

ოთხშაბათს, თურქეთის პარლამენტმა მოიწონა კანონპროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს სამხედროების როლს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ხოლო ერთი კვირის წინ იმავე პარლამენტში დამტკიცებულ იქნა კანონი ჩრდილოეთ ერაყში გახიზნულ იმ ქურთ მეამბოხეთა ამნისტიის შესახებ, ვინც იარაღს დაყრის და შინ დაბრუნდება.
როგორც გაზეთი "ფრანკფურტერ ალგემაინე" აღნიშნავს სარედაქციო სტატიაში, ისლამისტური ძალები იმთავითვე ცდილობდნენ თურქეთში მცხოვრებ ქურთ უმცირესობასთან დაძაბულობის განმუხტვას, და მართალია ამნისტია ქურთისტანის მუშათა პარტიის მისამართით გადადგმული შემრიგებლური ჟესტია, თუმცა ამ პარტიის ლიდერს აბდულა ოჯალანსა და სხვა წამყვან წევრებზე ეს ამნისტია არ გავრცელდება. გაზეთი დასძენს:

"ამნისტია უწინარესად იმისთვისაა გამიზნული, რომ ქურთმა მეამბოხეებმა დატოვონ ჩრდილოეთი ერაყი და თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში. ამ პრობლემის მოგვარება ხელს აძლევს ოფიციალურ ანკარას, ვინაიდან თურქეთში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა მეზობელ ერაყში შეერთებული შტატების თაოსნობით განხორციელებულ ინტერვენციას. ქურთ მეამბოხეთა დაბრუნებას სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში მიესალმება ვაშინგტონიც, ვინაიდან ეს ვითარების სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს ჩრდილოეთ ერაყში. და რაც მთავარია, ქურთების პრობლემის მოგვარება დააჩქარებს თურქეთის გაწევრიანებას ევროკავშირში".

ევროკავშირი მიესალმა ცნობას იმის შესახებ, რომ ოცდაათ ივლისს თურქეთის პარლამენტმა მოიწონა კანონპროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს სამხედროების როლს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელშიც სამხედროები დომინირებენ, ამიერიდან საკონსულტაციო ორგანოს ფუნქციით შემოიფარგლება. აი რას წერს ამასთან დაკავშირებით გაზეთი "დეილი ტელეგრაფი":

"1980 წელს განხორციელებული მესამე სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ თურქმა გენერლებმა დააარსეს ეროვნული უშიშროების საბჭო, რომლის მეშვეობით სწორედ ისინი განსაზღვრავდნენ
სამოქალაქო მთავრობის ეროვნულ პოლიტიკას. ამიერიდან, უშიშროების საბჭოს გენერალურ-მდივანს, რომელიც ტრადიციისამებრ გენერალური შტაბის უფროსის მიერ დანიშნული ოთხვარსკვლავიანი გენერალია, პრემიერ-მინისტრი დანიშნავს და სულაც არაა გამორიცხული, რომ სამოქალაქო პირმა დაიკავოს ეს თანამდებობა. მთავრობამ აღარ იქნება ვალდებული ანგარიში გაუწიოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა თუ მისი გენერალური-მდივნის აზრს. ხოლო საბჭოს სხდომა არა ყოველთვიურად, არამედ ორ თვეში ერთხელ გაიმართება".

გაზეთ "ლოს ანჯელეს ტაიმსის" აზრით, ოთხშაბათს თურქეთის პარლამენტმა უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, როცა მოიწონა კანონპროექტი, რომელიც არსებითად ზღუდავს სამხედროების როლს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ხოლო გაზეთი "ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნი" ხაზგასმით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ თურქეთის პარლამენტის მიერ მოწონებული კანონპროექტით, სამხედროების როლის შეზღუდვასთან ერთად ქვეყანაში პატიმართა წამების პრაქტიკის აკრძალვა და სიტყვის თავისუფლების შემდგომი გაფართოებაა გათვალისწინებული.

რუსეთში უკვე აღარ დარჩა კუთხე, რომელსაც ჩეჩნეთის ომი ვერ მისწვდება, - წერს გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსი" და სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:

"სოფელი ტოლსტოპალცევო რუსეთის დედაქალაქის მიმდებარე აგარაკია მდიდარი ტყის საფარით, სადაც მოსკოველები მიიჩქარიან ხმაურიან დედაქალაქში სამუშაოს დამთავრების შემდეგ. თუმცა ახლახან გამოირკვა, რომ მოსალოდნელი ტერორის შიშისგან თურმე არც ეს წყნარი სოფელი ყოფილა დაზღვეული. აქ, ერთ-ერთ სახლში აღმოაჩინეს საწყობი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა, აგრეთვე თვითმკვლელ ტერორისტთა ხუთი ქამარი იყო დამალული. რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბორის გრიზლოვმა განაცხადა: "საწყობის აღმოჩენამ ჩეჩენ ტერორისტებს მიაყენა დარტყმა და ხუთი ტერაქტი აგვაცილაო". თუმცა მოსახლეობა პანიკამ მოიცვა, ვაი თუ ჩეჩნეთის ომი მთელი ქვეყნის ტერიტორიას მოედოსო. მაისიდან მოყოლებული, თვითმკვლელ ტერორისტთა თავდასხმებმა სულ ცოტა 110 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. პირველი ოთხი თავდასხმა ჩეჩნეთში ან მის მახლობლად მოხდა, ხოლო ბოლო ორი - რუსეთის დედაქალაქში. მოსკოველები უსიამოვნო მოლოდინმა მოიცვა."

გერმანიის გაზეთი "ველტი" კომენტარს უკეთებს ცნობას იმის შესახებ, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადააბარა ჩეჩნეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის სარდლობა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პუტინმა შესაბამისი ბრძანება გასცა, უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ნიკოლაი პატრუშევმა კოლეგებს მიულოცა: "ტერორიზმთან ბრძოლა, ჩეჩნეთში, ჩვენ დავამთავრეთ, და ამჯერად მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაღაა საჭიროო".
სარედაქციო სტატიაში გაზეთი წერს:

"უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები ტერორს უწყობდნენ ჩეჩნეთში მშვიდობიან მოსახლეობას. ეგრედ წოდებული "წმენდების" დროს ნიღბიანი სამხედროები უნომრო ავტომანქანებით შედიან სოფლებში. ჩეჩნებმა ამ ქვედანაყოფებს "სიკვდილის ესკადრონები" შეარქვეს. კრემლი უარყოფს ამგვარი ქვედანაყოფების არსებობას. ამგვარ წმენდებს, უფლებადამცავთა მონაცემებით, მშვიდობიანი მოსახლეობის ძარცვა-გლეჯა, ქალების გაუპატიურება და ადგილზე დახვრეტები ახლავს. წმენდები შემოსავლის წყაროც გახდა სამხედროებისთვის, ვინაიდან ნათესავის გვამისთვის ჩეჩნებს 5,000 დოლარი უნდა გადაეხადათ, ხოლო ცოცხლად გათავისუფლებისთვის - ათი ათასი".
XS
SM
MD
LG