Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა ომისშემდგომ ერაყში მიმდინარე აღდგენითი პროცესი კვლავაც მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრშია მოქცეული.

ხუთშაბათს ბაღდადში ამერიკა-ინგლისის დროებითი ადმინისტრაციის უფროსმა პოლ ბრემერმა განაცხადა, რომ საყოველთაო არჩევნები ერაყში ალბათ ერთ წელიწადში გაიმართება და ახლახან შექმნილი მმართველი საბჭო დემოკრატიული გზით არჩეული მთავრობით შეიცვლება. როგორც გაზეთ "ველტის" მიმომხილველი ტორსტენ კრაუელი აღნიშნავს, ბრემერის განცხადებამ არჩევნების მოახლოების შესახებ ერაყში მიმდინარე აღდგენითი პროცესის ძლიერი და სუსტი მხარეები წარმოაჩინა ერთდროულად. გერმანელი ჟურნალისტი წერს:

"აღდგენითი პროცესის სისუსტე იმაშია, რომ განცხადება საყოველთაო არჩევნების ჩატარების შესახებ ერაყის კონსტიტუციის მიღებამდე გაკეთდა. ვაშინგტონი იძულებულია იჩქაროს, ვინაიდან ლეგიტიმური მთავრობის გარეშე ერაყი ვერ მიიღებს საერთაშორისო დახმარებას. მეორეს მხრივ, ბრძნული ნაბიჯი გადადგა ბრემერმა, როცა ერაყელი ხალხი ჩართო უშუალოდ ქვეყანაში მიმდინარე აღდგენით პროცესში. ერაყელმა ხალხმა მომავალსა და წარსულს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი მთელი მსოფლიოს წინაშე. ჭეშმარიტი დემოკრატიის დამყარება ერაყში ლეგიტიმურს გახდის შეერთებული შტატების ომს სადამ ჰუსეინის დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ, და თან დაანახებს მთელს მსოფლიოს, რომ ამერიკელების ყოფნა ერაყში სადამ ჰუსეინის შეპყრობის გარდა სხვა, უფრო კეთილშობილურ მიზნებსაც ემსახურება".

გაზეთ "ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნის" აზრით, ეროვნული შერიგების იდეას ხშირად ბოროტად იყენებენ პოსტკონფლიქტურ საზოგადოებებში ცინიკოსი ლიდერები, როცა "აპატიე და დაივიწყეს" მოწოდებით გამოდიან. გაზეთი წერს:

"მაგრამ, შერიგების ნიღბით თავსმოხვეული ეროვნული ამნეზია უნდა უარყოს ყველამ, ვისაც სტაბილური მშვიდობის დამყარება სურს ქვეყანაში. ჭეშმარიტი შერიგების აუცილებელი პირობაა ისტორიის მიუკერძოებელი, ობიექტური შეფასება, რათა გამოააშკარავდეს და აღიარებულ იქნეს წარსულში ჩადენილი ყველა დანაშაული. შერიგებისთვის აუცილებელია ასევე მთავრობის, ხელისუფლების შეცვლა. სტაბილური მშვიდობა ვერ დამყარდება, თუ რადიკალურად არ შეიცვლება ქვეყანაში პოლიცია, ჯარი, სასამართლოები და სხვა მმართველი ორგანოები."

ერთმა კვირამ განვლო მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დადასტურდა სადამ ჰუსეინის ვაჟების: უდაისა და ქუსაის გარდაცვალება, რასაც გაზეთ "ჩიკაგო ტრიბიუნის" აზრით უდავოდ აქვს "სიმბოლური და სტრატეგიული მნიშვნელობა", მაგრამ ნაკლებად არის იმის შანსი, რომ ერაყელებმა შეწყვიტონ ამერიკელ და ბრიტანელ ჯარისკაცებზე თავდასხმები. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

"არ არის არანაირი სამხილი იმისა, რომ უდაი და ქუსაი თაოსნობდნენ ერაყში პარტიზანულ მოძრაობას. იგივე შეიძლება ითქვეს სადამ ჰუსეინზეც, რომელიც საკუთარი ტყავის გადარჩენაზე ფიქრობს. საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევა აუცილებელია, რათა ერაყში სტაბილური ვითარება დამყარდეს და დაჩქარდეს აღდგენითი პროცესი. მშვიდობიან და დემოკრატიულ ერაყს, სადაც ტერორისტები ვეღარასოდეს მოიკიდებენ ფეხს, არა მარტო შეერთებული შტატები, არამედ მთელი მსოფლიოც მიესალმებოდა".
XS
SM
MD
LG