Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსში" გამოქვეყნებულია ჩეჩნეთში არერთგზის ნამყოფი ფრანგი ჟურნალისტის,






ანნ ნივას სტატია სათაურით: "ომი, რომელშიც რუსეთი გამარჯვებით მარცხდება". რუს ჩინოვნიკებს თუ მოუსმენთ, წერს ანნ ნივა, ჩეჩნეთში არაა ომი. მიმდინარეობს მორიგი ფაზა ანტიტერორისტული ოპერაციისა, თანაც იმდენად მოხდა ვითარების ნორმალიზაცია, რომ უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადააბარა ამ ოპერაციის ხელმძღვანელობა. ფრანგი ჟურნალისტი განაგრძობს:

"ასეა თუ ისე, აცხადებენ რუსი ჩინოვნიკები, ჩეჩენმა ხალხმა უარყო ისლამური სეპარატიზმი, როცა რუსეთის შემადგენლობაში ჩეჩნეთის დარჩენას დაუჭირა მხარი მარტში გამართული რეფერენდუმის დროს. ოქტომბერში, ჩეჩნეთის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. ჩეჩნები ეთანხმებიან ამგვარ მტკიცებას, მაგრამ საკუთარი არგუმენტირებით. არა, ამბობენ ისინი, ის, რაც აქ ხდება, ბევრად უარესია ომზე, ვინაიდან გაცილებით მეტი მშვიდობიანი მოსახლე იღუპება. ეს მოვისმინე რესპუბლიკაში მოგზაურობისას, ყველგან ავტობუსებში, ბაზრობებზე და ხალხთან გასაუბრებისას. თუმცა დანარჩენ რუსეთში მათი ხმა არ ისმის. კრემლმა იმდენად შეზღუდა ინფორმაცია ჩეჩნეთის ომის შესახებ, რომ ხალხს უბრალოდ წარმოდგენა არა აქვს, რა ხდება კავკასიის ამ რესპუბლიკაში. მე ხომ ჩეჩნურ ტანსამელში გამოწყობილმა არალეგალურად შევძელი რესპუბლიკაში ჩასვლა. გროზნო კვლავაც ნანგრევებშია. მხოლოდ ადმინისტრაციული შენობების აღდგენა მიმდინარეობს. ხშირია თვითმკვლელთა თავდასხმები. ვითარება ჩიხშია მოქცეული: არც რუსეთი მიდის მოლაპარაკებაზე და არც მეამბოხეები, თანაც არცერთ მხარეს არ ძალუძს ომის მოგება. ფედერალური ჯარის მორალი დაცემულია. "ჩვენ აქ, მხოლოდ ფულისთვისა ვართ ჩამოსული", მითხრა ერთ-ერთ საგუშაგოზე 23-წლის ჯარისკაცმა. იქვე, კედელზე თვალი მოვკარი წარწერას: "დაგვღალა ჩეჩნების ხოცვამ ტყუილ-უბრალოდ. ჩვენი ფული სისხლშია გასვრილი". ჩეჩნებს, ვისაც მე მესაუბრე, ომის დამთავრება სურთ, მაგრამ ისინი მეამბოხეებს თანაუგრძნობენ. უკანასკნელმა მოგზაურობამ ჩეჩნეთში გამიქარწყლა ყოველგვარი იმედი იმისა, რომ თვალსაწიერ მომავალში კავკასიის ამ რესპუბლიკაში მშვიდობა დამყარდება".

რუსეთმა საკუთარი ავტორიტეტი დაკარგა, წერს გერმანიის გაზეთი "ბერლინერ ცაიტუნგი" და დასძენს, რომ ტერაქტების სტატისტიკამ, ივლისში, ჩეჩნეთის კონფლიქტის ესკალაციაში ახალი ტენდენცია გამოავლინა: აფეთქებები სულ უფრო ხშირად ხდება, და თანაც უკვე არა მარტო ჩეჩნეთის ტერიტორიაზე, და ამას სჩადიან ადამიანები, ვინც მზადაა დაიღუპოს და თან მშვიდობიანი მოქალაქეებიც მოკლას. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:

"სახეზეა სიძულვილი, განადგურებისკენ სწრაფვა. ამას ვერც ჯარის დამატებითი ნაწილების გაგზავნა შეაჩერებს, და ვერც ტერორისტების საჯაროდ სიკვდილით დასჯა, რაც კემეროვოს გუბერნატორმა გვირჩია. და ვერცერთი ახალი ტერაქტი ვერ შეარყევს რუსეთის ავტორიტეტს ჩრდილოეთ კავკასიაში, ვინაიდან ავტორიტეტი მას ამ რეგიონში აღარ გააჩნია. რუსეთს ისღა დარჩენია ძალადობას ძალადობითვე უპასუხოს. ამიტომაც იქნება პრეზიდენტ პუტინის ყოველი სამშვიდობო ინიციატივა უშედეგო. ტერორისტები, საავადმყოფოებს რომ აფეთქებენ, არც მოსკოვს, და არც ჩეჩნეთის არჩეულ პრეზიდენტს დაემორჩილებიან. ვინც უნდა გახდეს ასეთი პრეზიდენტი, მან პირველ რიგში ნიადაგი უნდა გამოაცალოს ტერორს. ეს კი მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, თუ ჩეჩნეთის ეს არჩეული პრეზიდენტი საკმარის სახსრებს მიიღებს რესპუბლიკის აღსადგენად და შესძლებს ხალხის დარწმუნებას იმაში, რომ იგი არაა უბრალოდ მოსკოვის ნაცვალი. საერთაშორისო დახმარების გარეშე ეს ვერ მოხდება, ხოლო მოსკოვი ამგვარ დახმარებას არ დაუშვებს".
XS
SM
MD
LG