Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პარადოქსები


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოში რუსული კაპიტალის გამოჩენის პერსპექტივას პოლიტიკოსები სხვადასხვანაირად ეხმაურებიან. თუ ნაციონალური მოძრაობა რუსეთის "აგრესიის" წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლისთვის მზადყოფნას აცხადებს, მოსკოვში ვიზიტით მყოფი სოციალისტური პარტიის ლიდერი ოქტომბრისთვის

დაგეგმილი ქართულ-რუსული ეკონომიკური ფორუმის საორგანიზაციო საქმიანობით არის დაკავებული. როგორც მოსკოვში მყოფმა ვახტანგ რჩეულიშვილმა განუცხადა საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსს", უკვე გამოიკვეთა იმ 20-30 მსხვილი ბიზნესმენის წრე, ვინც თბილისში ჩამოსვლას გეგმავს.
რა პერსპექტივა ელის რუსეთ-საქართველოს ბიზნესურთიერთობებს?

როგორც ჩანს, სოციალისტური პარტიის თავმჯდომარე უაღრესად აქტიურ საქმიანობას ეწევა მოსკოვში. ყოველ შემთხვევაში, მის მიერ მიღწეული შედეგები, უდავოდ, შთამბეჭდავია - როგორც ვახტანგ რჩეულიშვილმა განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს, ქართულ-რუსული ეკონომიკური ფორუმის მონაწილეთა გარდა, მიღწეულია შეთანხმება ოქტომბერში თბილისში რუსეთის პირველი ქალბატონის ლუდმილა პუტინას ჩამოსვლის თაობაზე. ლუდმილა პუტინა დაესწრება რუსული კულტურის ცენტრის გახსნის ცერემონიას. მართალია, ეს ცენტრი არამცთუ არ არსებობს, არამედ თბილისის მერიას მისი მშენებლობისთვის თანხმობაც არ განუცხადებია, მაგრამ რუსეთის პირველი ქალბატონი თანახმაა, ცენტრი თავისი მზრუნველობის ქვეშ აიყვანოს. გარდა ამისა, შესაძლოა, ასევე ოქტომბერში, თბილისს რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხეილ კასიანოვიც ესტუმროს, თუმცა ჯერჯერობით მას ოფიციალურად არ დაუდასტურებია თავისი თანხმობა სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის მოწვევაზე.
ასეა თუ ისე, არჩევნების წინ საქართველოში რუსული პოლიტიკისა და ბიზნესის ელიტის ფართო ლაშქრობაა მოსალოდნელი.
რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ასეთ ინტერესს? - ქართველი ექსპერტები ქართულ-რუსული ეკონომიკური ფორუმის გამართვას უფრო წინასაარჩევნო დატვირთვას ანიჭებენ და ნაკლებად - ეკონომიკურს. რომან გოცირიძის განმარტებით, საქართველოში უკვე არსებობს რუსული კაპიტალით შექმნილი საწარმოები, რომლებიც ყველაზე მომგებიან სფეროებში მოღვაწეობენ - იქნება ეს სატრანსპორტო გადაზიდვები, ენერგეტიკა თუ ენერგომატარებლებთან დაკავშირებული ბიზნესი. ყველაზე დიდ რუსულ ინვესტიციად აქამდე ზესტაფონის ფეროშენადნობთა საწარმოს აქციების 49 პროცენტის შეძენა ითვლება. ამავე დროს, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთს საკმაოდ დიდი წილი აქვს სავაჭრო სფეროშიც - მართალია, ერგნეთის ბაზრობიდან შემოსული საქონელი, როგორც წესი, კონტრაბანდაა, მაგრამ ეს საქონელი სწორედ რუსული წარმოების გახლავთ და რუსეთიდან შემოდის.
საქართველოს ეკონომიკაში ჩადებულია რუსული წარმოების ფულიც, რის მაგალითადაც გამოდგება ბადრი პატარკაციშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ქართული ბიზნესი. ათვისების თვალსაზრისით, რუსული კაპიტალი საკმაოდ მწირად არის წარმოდგენილი საბანკო სფეროში. თუმცა, როგორც ჩანს, ესეც დროის ამბავია.
მთლიანობაში, ბიზნესში მიღებული თეორიით, ფულს ეროვნება არა აქვს და, ალბათ, ეს, მართლაც, ასეა. სხვა საკითხია, რომ რუსეთიდან საქართველოში არა მხოლოდ უეროვნებო ფულის შემოსვლის შანსი გაიზარდა, არამედ რუსული ბიზნესის კეთების კულტურისაც, რაც, საეჭვოა, ახალგაზრდა ქართული ბიზნესისთვის კარგ მაგალითად გამოდგეს.
XS
SM
MD
LG