Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ბედი ელის 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი წესით და რიგით, 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სეკვესტრის პროექტის განხილვა პარლამენტს 12 აგვისტოს უნდა დაეწყო, მაგრამ, ბოლო ცნობებით,

პარლამენტში წარდგენილი და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონპროექტი ბიუჯეტის კორექტირების შესახებ კვლავ აღმასრულებელ ხელისუფლებას დაუბრუნდა. როგორც ირკვევა, ფინანსთა სამინისტროში მომზადებული ეს დოკუმენტი არ ემთხვევა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს. რა ბედი ელის 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს?


2003 წლის მრავალჭირნახულ სახელმწიფო ბიუჯეტს წინ ახალი პერიპეტიები ელის: მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბიუჯეტის კორექტირების კანონპროექტს და იგი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა, მოულოდნელად გაირკვა, რომ ბიუჯეტის კორექტირება არ ემთხვევა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ კანონპროექტი უკან გამოითხოვა და ოთხშაბათის მთავრობის სხდომა ისევ და ისევ ბიუჯეტის სეკვესტრის პრობლემას მიეძღვნება. თუმცა პარლამენტის კომიტეტებში უკვე გამართული განხილვების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ სეკვესტრის საკითხის განხილვა ძალიან მძიმე ვითარებაში ჩაივლის. 11 აგვისტოს ორ მოსმენაზე დარგობრივი ეკონომიკისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებმა უარი განაცხადეს მხარი დაუჭირონ ბიუჯეტის კორექტირების წარმოდგენილ პროექტს. პარალელურად, აღმასრულებელი ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლებიც არ მალავენ თავიანთ უკმაყოფილებას ბიუჯეტთან დაკავშირებით. თუ შინაგან საქმეთა, უშიშროებისა და თავდაცვის სამინისტროები ბიუჯეტში მათთვის გამოყოფილი სახსრების შემცირებას აპროტესტებენ, საბაჟო და საგადასახადო დეპარტამენტები არარეალურს უწოდებენ ბიუჯეტის სასარგებლოდ გაზრდილ პარამეტრებს. პარალელურად, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი მერაბ ადეიშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება კორექტირების პროექტით გათვალისწინებულ მობილური ტელეფონებით სარგებლობის აქციზით დაბეგვრას. მის მოსაზრებას იზიარებს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თვმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე, რომელმაც ხელისუფლების მიერ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება ხარაკირს შეადარა. ბიუჯეტის კორექტირების მხარდაჭერაზე უარს აცხადებენ მაჟორიტარი დეპუტატებიც, რადგან პროექტი რეგიონალური ტრანსფერების 10 პროცენტით შემცირებას ითვალისწინებს.
საიდან უნდა შემოდიოდეს სახსრები ბიუჯეტში? - პრეზიდენტის განცხადებით, სიგარეტითა და ბენზინით ვაჭრობის სფეროდან. 11 აგვისტოს რადიოინტერვიუში მან საგანგებოდ გამოყო უშიშროების სამინისტროს მიერ ბენზინგასამართი სადგურების შემოწმების შედეგები:
[ ედუარდ შევარდნაძის ხმა] " შეიძლება ითქვას, რომ ყველა ამ ობიექტის უკან, - ეს არის ასეულობით ბენზინგასამართი სადგური, - ამ ობიექტების უკან დგას ან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი, სამართალდამცავი სტრუქტურის მუშაკი, თუ ცენტრალური აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ორგანოს წევრი. აი, რა არის კორუფცია - ნამდვილი კორუფცია. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს ოპერაციებს უაქციზო სიგარეტის აღმოსაჩენად. შედეგი აქაც შთამბეჭდავია."
სავარაუდოდ, აღმასრულებელი ხელისუფლების ანტიკორუფციული ღონისძიებები დიდ შთაბეჭდილებას პარლამენტზე ვერ მოახდენს და საკანონმდებლო ორგანო მაინც შეეცდება, ბიუჯეტის შეუსრულებლობის გამო კონკრეტული პასუხისმგებელი პირების თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი დააყენოს. ამის თაობაზე 11 აგვისტოს ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ განუცხადა. პრეზიდენტი უფრო ლოიალურ განწყობას ამჟღავნებს და აცხადებს, რომ არავის მოხსნას არ აპირებს.
XS
SM
MD
LG