Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას საქმიანობენ ენერგეტიკის ყოფილი მინისტრები?


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოში ყველაზე ხშირად ფინანსთა და ენერგეტიკის მინისტრებს "ერჩიან".

შესაბამისად, კადრების როტაციის სიხშირის თვალსაზრისით, ყველაზე ხშირად ვაკანტური სწორედ ფინანსთა და ენერგეტიკის მინისტრების თანამდებობებია. ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ ყოფილი მინისტრების ბედი საზოგადოებას, როგორც წესი, არ ანაღვლებს. არადა, მათი "ზეობის" ხანაში ინტერესი მოქმედი მინისტრებისადმი თვალშისაცემი იყო. რას საქმიანობენ დღეს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრები?


შეიძლება ითქვას, რომ, შრომითი მოწყობის თვალსაზრისით, ენერგეტიკის ბოლო ყოფილ მინისტრს დავით მირცხულავას აშკარად გაუმართლა. მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, ის არათუ უმუშევარი არ დარჩა, საკმაოდ მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე ინიშნება - საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეობა, თბილისის მერის ვანო ზოდელავას აზრით, ენერგეტიკის მინისტრობაზე ნაკლები თანამდებობა ნამდვილად არ არის.
საინტერესოა, რომ დავით მირცხულავას მიმართ ყველაზე ხშირად გამოითქმებოდა სხვადასხვა ბრალდება, იქნებოდა ეს, საკმაოდ სოლიდური ინვესტიციების მიუხედავად, ენერგეტიკის სფეროში არსებული კრიზისი თუ საკუთარი ბიზნესინტერესების ქონა. მიუხედავად ამისა, მირცხულავა, რომელიც ენერგეტიკის სფეროში ერთ-ერთ კარგ პროფესიონალადაა მიჩნეული, ხელისუფლებამ უმუშევარი არ დატოვა და მართლაც საკმაოდ მნიშვნელოვანი პოსტი ჩააბარა.
სხვაგვარად წარიმართა დავით მირცხულავას წინამორბედთა ბედი. სათბობ-ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის დავით ზუბიტაშვილის კვალის მიგნება საკმაოდ გაჭირდა. მას შემდეგ, რაც იგი სათბობ-ენერგეტიკის მინისტრობიდან გაათავისუფლეს, ერთხანს უმუშევარი გახლდათ. შემდეგ, ვანო ჩხარტიშვილის ეკონომიკის მინისტრობის ჟამს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო. ამ სამი წლის წინათ საკუთარ ეზოში მას თავს დაესხნენ და მძიმედ დაჭრეს. გამოძიებამ დღემდე ვერ დაადგინა ვერც დამნაშავეები და ვერც დანაშაულის მოტივი. ბოლო ცნობებით, დღეს დავით ზუბიტაშვილი ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთ დეპარტამენტში მუშაობს.
კიდევ უფრო ძნელი აღმოჩნდა ენერგეტიკის კიდევ ერთი ყოფილი მინისტრის, თემურ გიორგაძის, გზა-კვალის მიგნება. იგი ენერტეტიკის მინისტრი 1998-იდან 1999 წლამდე იყო. გემახსოვრებათ, როგორი ენთუზიაზმით დაამტკიცა პარლამენტმა იგი სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე. შეგახსენებთ იმასაც, რომ სათბობ-ენერგეტიკის მინისტრობამდე თემურ გიორგაძე იყო პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკის საკოორდინაციო სამსახურის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში. თუმცა ახალმა მინისტრმა ნდობა ვერ გაამართლა და ერთი წლის თავზე მის ადგილზე პარლამენტმა დავით მირცხულავა დაამტკიცა. რას საქმიანობს დღეს თემურ გიორგაძე - არავინ უწყის. გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო სამსახურამდე იგი 5 წლის მანძილზე ბიზნესის სფეროში საქმიანობდა, გამორიცხული არ არის, რომ კვლავ ბიზნესს დაუბრუნდა.
ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ, ექსპერტთა განმარტებებით, ენერგეტიკაში კრიზისი და დარგის ნგრევა სწორედ დავით ზუბიტაშვილის მინისტრობიდან დაიწყო, თემურ გიორგაძემ კი ეს პროცესი წარმატებით გააგრძელა, მაგრამ არც ერთი კომისიის დასკვნაში, რომელიც ენერგეტიკის სფეროში შექმნილი ვითარების ანალიზის შედეგად გაკეთდა, არც ზუბიტაშვილისა და არც გიორგაძის გვარი არ ფიგურირებს. როგორც ჩანს, ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ მოქმედებს ფრთიანი გამონათქვამი - წასულ კაცზე ცუდს არ ამბობენო.
XS
SM
MD
LG