Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენი ოპოზიციური გაერთიანება შედგება საქართველოში


დავით პაიჭაძე, თბილისი საარჩევნო გაერთიანებების ჩამოსაყალიბებლად საქართველოში არც ისე ბევრი დრო დარჩა. რამდენადაც ხელისუფლებამ ასეთი გაერთიანების შექმნა ყველას დაასწრო, ამ პროცესით დაინტერესებულმა

მოქალაქეებმა ყურადღება ოპოზიციას მიაპყრეს. საარჩევნო სიების შედგენა-გამოქვეყნებამდე ერთ თვეზე ოდნავ მეტი დრო რჩება. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი გაერთიანება, რომელსაც აქვს შანსი და პრეტენზია, გადალახოს საპარლამენტო ბარიერი, ახლაც დუღილის პროცესშია. სწორედ მათ შესახებ მინდა გესაუბროთ.

დავიწყოთ იმ ორგანიზაციებით, რომელთა შევსება გარეშე პარტიული რესურსით, ალბათ, აღარ მოხდება. ესენია: "მრეწველები", "ახალი მემარჯვენეები", ლეიბორისტული პარტია, ნაციონალური მოძრაობა, რომელიც სწორედ გაერთიანებას წარმოადგენს: მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ჯგუფის პარტნიორები არიან ეროვნულ ძალთა გაერთიანება (თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური) და რესპუბლიკური პარტია (დავით ბერძენიშვილი). აღარავინ შეემატება ბლოკს "ახალი საქართველოსთვის": იქ უკვე სიის შედგენასა და კვოტების განაწილებაზე მუშაობენ. "აღორძინება", როგორც ცნობილია, ბლოკს აღარ შეკრავს და ვისაც აბაშიძის წყალობით პარლამენტში გასვლა სურს, პარტიაში ეპატიჟება. რჩება რამდენიმე ჯგუფი, რომელთა ურთიერთკავშირებს ჯერ საბოლოო სახე აღარ მიუღია.

ასეთია პარლამენტის ყოფილი და ახლანდელი სპიკერების გაერთიანება. ნინო ბურჯანაძე "გაერთიანებულ დემოკრატებთან" დავით სალარიძესთან ერთად მივიდა. სავარაუდოდ, ამ ბლოკში შეიძლება ადგილი მოინახოს რევაზ შავიშვილის ნეოლიბერალური პარტიისთვისაც, თუ მის ლიდერში ჩვეულმა პოლიტიკურმა უკარებობამ არ იძალა. სამაგიეროდ, ძალიან საეჭვოა ამავე ბლოკში ვიხილოთ "ძლიერი რეგიონები - ძლიერი საქართველოსთვის" ანუ ე.წ. მაჟორიტარ დეპუტატთა პარტია. არადა, ეს ორგანიზაცია თითქოს სწორედ ბურჯანაძისთვის იქმნებოდა, მაგრამ ზურაბ ჟვანიასა და სპიკერის გაერთიანების შემდეგ მაჟორიტარებს მისკენ სავალი გზები მოეჭრათ. ორჭოფულ ვითარებაში აღმოჩნდნენ ტრადიციონალისტები, რომელთაც საიმედო ლოკომოტივის გარეშე პარლამენტში მოხვედრის შანსი არა აქვთ: ისინი ან მაჟორიტარებს უნდა მიეკედლონ და თავიანთი რესურსით გაამდიდრონ, ან ჟვანია-ბურჯანაძესთან ეძებონ პოლიტიკური თავშესაფარი.

მეტი გაურკვევლობაა ძალებში, საარჩევნოდ რომელთა ერთმანეთისკენ ლტოლვა საერთოდ აზრს უკარგავს მცდელობას, განსაზღვრო მათი პოლიტიკური და ღირებულებითი ორიენტირები. ჯუმბერ პატიაშვილთან ფლირტი ამა წლის იანვარში "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო შევარდნაძის იმ სტაჟიანი და ურყევი ოპოზიციონერის იმიჯის ეშხით, რომელიც ჯუმბერ ილიას ძეს აქვს. აქედან არაფერი გამოვიდა. სამაგიეროდ, პატიაშვილს ახლა "ეროვნული თანხმობისა და სამართლიანობის აღდგენის კავშირი" ანუ გურამ აბსანძე ეტანება, თანამოაზრეებითურთ. გამსახუდრიას მთავრობის ფინანსთა მინისტრს 20 აგვისტოს რაყიფი გამოუჩნდა, თემურ ხაჩიშვილისა და პარტია "დათვის" სახით, რომელიც თავს ცენტრისტულ ორგანიზაციად რაცხს. თემურ ხაჩიშვილი ასე აყალიბებს საფუძველს, რომელმაც შეიძლება "დათვები" და პატიაშვილის "ერთობა" შეაწყვილოს.

[ხაჩიშვილის ხმა] "ბატონ ჯუმბერის გარშემო ჩვენი და სხვა ოპოზიციური ძალების გაერთიანებისა და სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საფუძველი შეიძლება გახდეს შემდეგი პოზიცია: 1) საქართველოს გაწევრიანება ევრაზიულ კავშირში, სადაც დომინირებს რუსეთი; 2) "ეს-ენ-გე"-ს თავდაცვით სისტემაში გაწევრიანება. ეს არის ორი ძირითადი პოსტულატი, რის შედეგადაც შესაძლებელია და აუცილებლად გადაწყდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, დაიწყება ლტოლვილების დაბრუნება და მოიხსნება სავიზო რეჟიმი. ეს არის გზა 50-დოლარიანი პენსიისა და 100-დოლარიანი ხელფასისაკენ."

მოკლედ, ჯუმბერ პატიაშვილს მალე მოუწევს პარტნიორთა არჩევა, რითაც, სავარაუდოდ, დასრულდება წინასაარჩევნო გაერთიანებათა ჩამოყალიბება საქართველოში.
XS
SM
MD
LG