Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ქართულ კავშირგაბმულობასაც "უმიზნებს"


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოში "ენერგეტიკული ექსპანსიის" შემდეგ რუსეთი მეორე რენტაბელური და სტრატეგიული სფეროს, კომუნიკაციების, ხელში ჩაგდებას ლამობს. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ უკვე ღიად

საუბრობენ საკანონმდებლო ხელისუფლებაში. ამ დღეებში "გაერთიანებული დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომელიც "საქართველოს ტელეკომის" აქციების გაყიდვის მცდელობას შეეხება. ვინ და რატომ არის დაინტერესებული "საქართველოს ტელეკომის" ხელში ჩაგდებით?

პარლამენტის დეპუტატი გიორგი ბარამიძე ხელისუფლებას რუსეთის მიერ ქართული კავშირგაბმულობის ხელში ჩაგდების აღსაკვეთად პრევენციული ზომების მიღებისაკენ მოუწოდებს. ბარამიძის ინფორმაციით, რუსული "როსტელეკომი", "საქართველოს ტელეკომის" აქციათა საკონტროლო პაკეტის შეძენის მიზნით, აქციების 30 პროცენტის მფლობელ ამერიკულ "მეტრომედიასთან" აწარმოებს მოლაპარაკებას.

იმ დროისათვის, როდესაც ჯერ არ არის ჩამცხრალი "თელასის" "რაო ეესისთვის" მიყიდვის გახმაურებული სკანდალი, ცნობილი ხდება, რომ კომუნიკაციების სფეროში კიდევ ერთი რუსული გიგანტი "როსტელეკომი" კავშირგაბმულობის სფეროში აპირებს შემოსვლას.

მიუხედავად იმისა, რომ "გაერთიანებული დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის განცხადებებს არ ადასტურებს და არც უარყოფს არც რუსული მხარე და არც ხელისუფლება, სიტუაციის ნაცნობი სცენარით განვითარების პერსპექტივა სავსებით რეალურია.

საინტერესოა, რომ "საქტელეკომში", ამერიკული კომპანიის გარდა, გამოკვეთილია რამდენიმე სკანდალურად ცნობილი ქართველი პოლიტიკოსის და მოღვაწის ინტერესი. კერძოდ, ბარამიძის მტკიცებით, ამ კომპანიის ძირითადი მფლობელი კავშირგაბმულობის ყოფილი მინისტრი და ამჟამად "ლეიბორისტების" ერთ-ერთი სახე ფრიდონ ინჯიაა, რომელმაც თავისი მინისტრობის პერიოდში თავისთვისვე წარმატებით შეძლო კომპანიის აქციების ხელში ჩაგდება. ინჯიასა და მისი ყოფილი უწყების მაღალჩინოსნის, იაშვილის, სახელს უკავშირდება ბერძნული კომპანიის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გაყვანილი უახლესი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შეძენა.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ტელეკომუნიკაციები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სარფიან ბიზნესადაა მიჩნეული, რუსული კომპანიის ინტერესი "საქტელეკომის" მიმართ სრულიად ბუნებრივად აიხსნება. თუმცა ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც "რაო ეესთან" და "გაზპრომთან" მიმართებაში, ეკნომიკურთან ერთად არის წმინდა პოლიტიკური ფაქტორი. ანუ კომუნიკაციების, ისევე როგორც ენერგეტიკის, კონტროლი სტრატეგიული პოზიციაა ნებისმიერი ქვეყნისათვის. შესაბამისად, თუ "როსტელეკომი" შეძლებს ამ გარიგების დასრულებას, მნიშვნელოვან ბერკეტსაც ჩაიგდებს ხელში. ასე რომ, პრეზიდენტ პუტინის ე.წ. ახალი "ეკონომიკური ექსპანსიის" პოლიტიკა გაცილებით მარტივი გასატარებელი იქნება.

გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს კავშირგაბმულობის სისტემის ხელში ჩაგდების აღსაკვეთად იგი საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, კავშირგაბმულობის მინისტრსა და კავშირგაბმულობის ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას წარუდგენს. ამის გარდა, "გაერთიანებულ დემოკრატებს" მომზადებული აქვთ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის მიღების შემთხვევაში საქართველოს კავშირგაბმულობის სისტემის ხელში ჩაგდება რუსული მხარისათვის შეუძლებელი გახდება.
XS
SM
MD
LG