Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები ეთნიკური რუსები


ანდრო ეული, პრაღა ერთ დროს პრივილეგირებული ერის სტატუსით კმაყოფილ ეთნიკურ რუსებს დღეს სხვა ეროვნულ უმცირესობებთან გათანაბრებული სტატუსით უხდებათ ამიერკავკასიაში ცხოვრება.

უკანასკნელი მონაცემებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ორი მესამედით შემცირდა სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური რუსების რიცხვი. ხოლო იმათთვის, ვინც დარჩა, ადგილობრივ პოსტსაბჭოურ გარემოსთან ადაპტაცია ნელი და მტკივნეული პროცესი აღმოჩნდა.

მას შემდეგ, რაც 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა, რასაც ეთინკური კონფლიქტები მოჰყვა შედეგად, ამიერკავკასიის რეგიონი ათეული ათასობით რუსმა დატოვა.

საბჭოთა კავშირში მოსახლეობის უკანასკნელი, 1989 ჩატარებული აღწერის თანახმად, აზერბაიჯანში 392,000, ხოლო სომხეთში 52,000 ეთნიკური რუსი ცხოვრობდა. დღეს იგივე მაჩვენებელი 142,000-სა და 12,000-დეა შესაბამისად შემცირებული, ანუ რუსები აზერბაიჯანში მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 1,8 პროცენტს, ხოლო სომხეთში - 0,4 პროცენტს შეადგენენ.

2002 წელს ჩატარებული აღწერის თანახმად, რომლის შედეგები ახლახან გამოქვეყნდა, ამიერკავკასიაში ეთნიკურად ყველაზე მრავალფეროვან საქართველოში დღეს მხოლოდ 75,000 რუსია დარჩენილი, მაშინ როცა 1989 წელს რესპუბლიკაში მათი რიცხვი 350,000 იყო.

რუსი მოსახლეობის ესოდენ მკვეთრი შემცირება, საქართველოს შემთხვევაში, არა მარტო ემიგრაციით, არამედ საქართველოსგან აფხაზეთის ფაქტობრივი გამოყოფითაც უნდა აიხსნას მით უმეტეს, როცა აფხაზეთში რუსები კომპაქტურად იყვნენ დასახლებულები.

რუსების ყველაზე დიდი რაოდენობით წასვლა ამერიკავკასიიდან 90-იანი წლების დასაწყისში მოხდა, როცა საქართველოს ნაციონალისტი ზვიად გამსახურდია მართავდა, ხოლო მეზობელ აზერბაიჯანში ჰეიდარ ალიევი დაბრუნდა ხელისუფლების სათავეში 1993 წელს.

ეკონომიკურმა სიდუხჭირემ ასევე განაპირობა რუსების მიგრაცია კავკასიიდან. განვლილი 12 წლის მანძილზე თითქმის 75 პროცენტით შემცირდა სომხეთში რუსი მოსახლეობის რიცხვი.

ცხოვრების დონის მკვეთრმა დაცემამ 90-იან წლებში, აგრეთვე აზერბაიჯანიდან სომეხი ლტოლვილების მოზღვავებამ, რაც მთიანი ყარაბაღის გამო დაწყებულმა ომმა გამოიწვია, რუსეთის სამხრეთ პროვინაციებში გააქცია სომხეთიდან რუსები.

იური იაკოვენკო ერევანში ათი წლის წინათ დაარსებულ არასამთავრობო ორგანიზაცია "როსიას" თავმჯდომარეობს. ეს ორგანიზაცია სომხეთში მცხოვრები რუსების მოქალაქეობრივ უფლებებს იცავს. იაკოვენკოს თქმით, იმ პოლიტიკამ, სომხეთის მთავრობამ რომ გაატარა დამოუკიდებლობის საწყის პერიოდში ასევე აიძულა რუსები დაეტოვებინათ ამიერკავკასიის ეს რესპუბლიკა [იური იაკოვენკოს ხმა]: "რით უნდა აიხსნას ასეთი მასობრივი იმიგრაცია?
თუნდაც იმ ფაქტით, რომ 1993 წელს სომხეთში მიღებულ იქნა კანონი სახელმწიფო ენის შესახებ, და თვალის დახამხამებაში რუსული სკოლები და ფაკულტეტები უმაღლეს სასწავლებლებში დაიხურა და სწავლება ხდებოდა მხოლოდ სომხურ ენაზე. სწორედ ესაა ძირითადი მიზეზი".

იაკოვენკო განაცხადა, რომ ეთნიკური რუსების მდგომარეობა სომხეთში რამდენადმე გაუმჯობესდა უკანასკნელ წლებში, და მიგრაციამაც იკლო. სახელდობრ, სომხეთის მთავრობამ შეიმუშავა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურსა და სოციალურ ცხოვრებაში ეთნიკური რუსების ინტეგრაციისთვისაა გამიზნული. სომხეთის ათობით სკოლაში განახლდა რუსულ ენაზე სწავლება, ხოლო ერევანში, დაწყებითი რუსული სკოლა ფუნქციონირებს.

საქართველოში, ათობით ეგრედ წოდებული "შერეული სკოლის" პარალელურად, სადაც სწავლება როგორც ოფიციალურ, ასევე ეროვნულ უმცირესობათა ენებზე მიმდინარეობს, 60-დე რუსული სკოლაა. მართალია რესპუბლიკაში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა ძირითადი მოთხოვნები დაკმაყოფილებულია, თუმცა ეროვნული სკოლების არსებობა აფერხებს საზოგადოებაში არაეთნიკური ქართველების ინტეგრაციას.

ალა ბეჟენცევა საქართველოში რუსი ქალების კავშირს თავმჯდომარეობს. მისი თქმით, საქართველოში 1991 წლის შემდეგ დაბადებული რუსი ბავშვები რუსულ სკოლებში ღებულობენ განათლებას, და არა ქართულში, ვინაიდან მშობლები უნდობლობას უცხადებენ განათლების ადგილობრივ სისტემას. გარდა ამისა, მშობლები იმედოვნებენ, რომ მათი შვილები ერთ მშვენიერ დღეს რუსეთში ნახავენ სამუშაო ადგილს. და ბოლოს, როგორც ბეჟენცევა აღნიშნავს, რუსი მშობლები სათანადოდ ვერ ფლობენ ქართულს, და ამიტომაც ურჩევნიათ რუსულ სკოლაში მიაღებინონ განათლება თავიანთ შვილებს [ალა ბეჟენცევას ხმა]: "მაგალითად, მე რომ მყავდეს შვილი, არ ვიქნებოდი წინააღმდეგი, რომ იგი ქართულ სკოლაში შესულიყო, მაგრამ, მაშინ მე ვერ დავეხმარებოდი შვილს საშინაო დავალებების შესრულებაში, ვინაიდან საკმარისად ვერ ვფლობ ქართულ ენას. ბუნებრივია, იმ მშობლებს, ვინც ვერ ფლობს ქართულს, რუსულ სკოლებში მიჰყავთ თავიანთი შვილები".

იმის გამო, რომ საქართველოში არაა ადვილი სამუშაო ადგილის ნახვა, ხოლო ხელფასები უაღრესად დაბალია, ეთნიკური რუსები, ძირითადად ახალგაზრდობა, რუსეთში მიდის სასწავლებლად თუ სამუშაოდ.
XS
SM
MD
LG