Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღევანდელ მიმოხილვაში გესაუბრებით იმ წერილების შესახებ, რომლებიც საქართველოს


გიორგი კაკაბაძე, თბილისი დღევანდელ მიმოხილვაში გესაუბრებით იმ წერილების შესახებ, რომლებიც საქართველოს შესაძლო დეფოლტსა და პრეზიდენტ შევარდნაძის რუსეთის მიმართ დამოკიდებულებას ეხება.

საქართველოში მოსალოდნელ დეფოლტთან დაკავშირებით 22 აგვისტოს გაზეთი "კომერსანტი" წერს, რომ შემოდგომაზე თბილისი აპირებს თხოვნით მიმართოს პარიზის კრედიტორთა კლუბს საკუთარი საგარეო ვალების მომავალი რესტრუქტურიზაციის თაობაზე. გაზეთის თქმით:

"უარის შემთხვევაში ქვეყანა იძულებული იქნება გადაუდებლად გადაიხადოს დაახლოებით 200 მილიონი დოლარი (ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ნახევარი) ვალის ძირითადი ნაწილის დაფარვის ანგარიშში ან ბანკროტად გამოაცხადოს თავი.
ფორმალურად საქართველოში დეფოლტის პერსპექტივა ასპროცენტიანია, მაგრამ პარიზის კლუბის გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, წმინდა პოლიტიკური იქნება. ქვეყანაში ვითარება ისედაც მძიმეა და განაჩენზე, რომელსაც კრედიტორთა კლუბი გამოიტანს, ფაქტობრივად, დამოკიდებულია მსოფლიოში კიდევ ერთი "ცხელი წერტილის" გაჩენა. ეს კი არ უნდა სჭირდებოდეს საერთაშორისო სავალუტო ფონდს, მით უფრო, რომ ბოლო დროს საქართველომ აშშ-ის როგორც ფინანსური, ისე პოლიტიკური მხარდაჭერა მოიპოვა".

თუმცა, როგორც 22 აგვისტოს გაზეთი "ნოვიე იზვესტია" წერს, "თუ ედუარდ შევარდნაძეს დავუჯერებთ, კოზირი მაინც არსებობს. მისი თქმით, სამხედრო ბაზებისთვის ტერიტორიის არენდის გამო რუსეთის ვალი საქართველოს მიმართ - არც მეტი, არც ნაკლები - 15 მილიარდი დოლარით განისაზვრება. სავსებით შესაძლებელია, რომ საქართველომ რუსეთს პარიზის კრედიტორთა კლუბი "მიუქსიოს", მით უფრო, რომ თვით რუსეთი იძულებულია ამ კლუბის ვალები დაფაროს."

21 აგვისტოს გაზეთ "ვერსტის" აზრით კი, "შევარდნაძე რომ საქართველოს ჭეშმარიტი პატრიოტი და ქვეყანაში მცხოვრებ ხალხთა ინტერესების ნამდვილი დამცველი ყოფილიყო, მაშინ რუსეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაცია ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა შექმნილ სიტუაციაში."
"მაგრამ შევარდნაძეს შესანიშნავად ესმის, რომ რუსეთთან დაახლოება ძალაუფლების დაკარგვად დაუჯდება მასაც და მის გარემოცვასაც, რომელიც ხაზინის ქურდობასა და კორუფციაშია ჩაფლული".
გაზეთი წერს:

"აი, რატომ აირჩია შევარდნაძემ ასეთ სიტუაციაში მისთვის მისაღები ერთადერთი გზა: აშშ-სა და რუსეთს შორის არსებულ წინააღმდეგობებზე თამაში და საქართველოს გეოპოლიტიკური ვითარებით სპეკულაცია."
"ამგვარი პოლიტიკის რეზულტატად იქცა საქართველოს მიერ ოდესღაც ნანატრი სუვერენიტეტის დაკარგვა. საქართველოს პარლამენტმა მოახდინა აშშ-თან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, რის შედეგად ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა პრაქტიკულად განუსაზღვრელი უფლებები მიიღეს საქართველოს ტერიტორიაზე."

"ვერსტის" თქმით, "აშშ-ის სახით ახალშეძენილი "უფროსი ძმის" მხარდაჭერის პირობებში ოფიციალური თბილისი არ უშვებს შესაძლებლობას, რომ დროდადრო რუსეთთან ურთიერთობა გაამწვავოს".
"თუმცა რუსეთთან ღია კონფრონტაციის გზის არჩევა შევარდნაძისთვის სახარბიელო არ არის, რადგან ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება. ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება საქართველოში ისევ და ისევ ბევრად არის დამოკიდებული რუსეთის პოზიციაზე, სხვათა შორის, ისტორიულად ჩამოყალიბებული ფაქტორების გამოც."
XS
SM
MD
LG