Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსპერტებმა ირანში გამდიდრებული ურანის კვალი აღმოაჩინეს


ანდრო ეული, პრაღა გაეროს ექსპერტებმა უხვად გამდიდრებული ურანის კვალი აღმოაჩინეს თეირანის სამხრეთით სამას კილომეტრში მდებარე ნათანზის ქარხანაში,

რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ირანი შესაძლოა გაცილებით უფრო ახლოსაა ბირთვული იარაღის შექმნასთან, ვიდრე განიარაღების ექსპერტებს წარმოუდგენიათ. ირანელები აცხადებენ, რომ გამდიდრებული ურანის კვალი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექპერტებმა რომ ნახეს ნათანზის გამამდიდრებელ ქარხანაში, დატოვა აღჭურვილობამ, რომელიც სხვა ქვეყნისაგან შეისყიდა ქარხნის ადმინისტრაციამ.

თუ გამოირკვა, რომ ირანი არა მშვიდობიანი მიზნით, არამედ შეიარაღებისათვის იყენებს თავის ბირთვულ პროგრამას, ამას მეტად სავალალო შედეგები მოჰყვება. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ირანში ფარულად ხორციელდება ბირთვული შეიარაღების პროგრამა, რითაც თეირანი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის თაობაზე დადებული საერთაშორისო ხელშეკრულების პირობებს არღვევს.

ირანი უარყოფს ამ ბრალდებას და აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა ერთადერთ მიზანს - ელექტროენერგიის მიღებას ემსამხურება.

ირანის მუდმივმა წარმომადგენელმა ვენაში დაფუძნებულ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში ალი-აქბარ სალეჰიმ განაცხადა, რომ აღჭურვილობა, რომელზეც გამდიდრებული ურანის კვალი ნახეს ექსპერტებმა ნათანზის გამამდირებელ ქარხანაში, უკვე იყო "დაბინძურებული" გამდიდრებული ურანით, ვიდრე მას ირანი შეისყიდიდა. "ხსენებული აღჭურვილობა "მრავალი წლის წინათ იქნა ჩატანილი ირანში სხვადასხვა შუამავალი ქვეყნის გავლით", ასე რომ შეუძლებელია იმის დასახელება, თუ რომელი ქვეყნის ნაწარმია ეს აღჭურვილობაო", - უთხრა ასოშიეიტედ პრესის სააგენტოს ალი-აქბარ სალეჰიმ.

ხოლო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენელმა მელისა ფლემინგმა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ სტელეფონო ინტერვიუში განაცხადა [მელისა ფლემინგის ხმა]: "უხვად გამდიდრებული ურანის კვალი ნამდვილად ნახეს ნათანზის გამამდიდრებელ ქარხანაში, რაც ალბად იმაზე მიანიშნებს, რომ ირანელებს უკვე აქვთ გამდიდრებული ურანი. არც ისაა გამორიცხული, რომ სინამდვილეს შეესაბამებოდეს ირანელთა ვერსია, რომ უცხოეთიდან იმპორტირებული აღჭურვილობა სხვა ბირთვულ ობიექტზე დაბინძურდა. ასე რომ, დღეს ჩვენ არ ვიცით, საიდან მოდის უხვად გამდიდრებული ურანის ეს კვალი. სწორედ ამის გამოძიებას ვაპირებთ ჩვენ და ვიმედოვნებთ, რომ პასუხი უახლოეს კვირეებში გახდება ცნობილი".

ჟურნალ შტერნისათვის მიცემულ ინტერვიუში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მოჰამედ ელ-ბარადეიმ ღრმა შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ თეირანის სამხრეთით მდებარე ნათანზის გამამდირებელ ქარხანაში ექსპერტებმა უხვად გამდიდრებული ურანის კვალი ნახეს. ხოლო მელისა ფლემინგს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ უხვად გამდიდრებული ურანი მხოლოდ ბირთვულ შეიარაღებაში გამოიყენება [მელისა ფლემინგის ხმა]: "უხვად გამდიდრებული ურანი ბირთვული იარაღის კომპონენტია. მას არასოდეს გამოიყენებენ სამოქალაქო პროგრამებში, შესაძლოა მხოლოდ კვლევისთვის. მაგრამ არავის სურს მისი დანახვა სადმე. გამდიდრებული ურანი ატომური რექტორებისთვისაა საჭირო. ხოლო უხვად გამდიდრებული ურანი სცილდება ამ სფეროს და როგორც წესი, მხოლოდ ერთადერთი მიზნით - ბირთვულ შეიარაღებაში გამოიყენება".

8 სექტემბერს ვენაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება, რომელზეც ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები იქნება განხილული. წინა ასეთ შეხვედრაზე მმართველთა საბჭოს წევრებმა ირანს მოუწოდეს - ხელი მოაწეროს ბირთვული გაუვრცელებლობის ხეშეკრულების დამატებით ოქმს, რომელიც საშუალებას მისცემს საერთაშორისო ექსპერტებს, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეამოწმონ ირანში, როცა კი მოესურვებათ, ნებისმიერი ბირთვული ობიექტი.
XS
SM
MD
LG