Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის სხდომის შორსმიმავალი შედეგები


დავით პაიჭაძე, თბილისი ოთხშაბათობით საქართველოს მთავრობა სხდომებს მართავს. ბოლოდროინდელი სხდომები გამორჩეული იყო პრეზიდენტ შევარდნაძის არაორდინალური განცხადებებით - ერთხელ პრეზიდენტმა განაცხადა,

რომ მოსამართლეებნი მთავრობას უნდა ეთათბირონ გადაწყვეტილებათა მიღების წინ, ხოლო მეორედ აღნიშნა, რომ სიკვდილით დასჯის გაუქმება საქართველოში ნაადრევი იყო. 3 სექტემბერს ედუარდ შევარდნაძემ ორი რამ მოსთხოვა სამართალდამცავი სამსახურების ხელმძღვანელებს. პირველი: უარეყოთ, რომ პრეზიდენტის ნათესავები ჩართულნი არიან ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნისა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გაორის მართვაში და წარმოადგენენ ურჩ გადამხდელებს; მეორე: დაეჭირათ პიროვნებები, ვინც სახელმწიფოს გადასახადებს უმალავს ან უკანონო ბიზნესს ეწევა, თუნდაც ისინი მინისტრების ახლობლები იყვნენ. თუ რა შეიძლება გამოვიდეს აქედან, ამაზე დავით პაიჭაძე გვესაუბრება.

საქართველოს მთავრობის სხდომები ცუდად ფარავს ერთ ტენდენციას: აღმასრულებელი ხელისუფლება ცდილობს შეინარჩუნოს ერთიანობა და თანამოაზრეთა გუნდის ოპტიკური ილუზია. ამ ძალისხმევაში თითქოს დისონანსად გაისმის სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ანზორ ბალუაშვილის ხმა, რომელიც ბოლო დროს თანმიმდევრულად უპირისპირდება ფინანსთა სამინისტროსა და ფისკალურ სამსახურებს, მოიხსენიებს მათ ხელმძღვანელობას არაკომპეტენტურად და ა.შ. იგივე შეფასებები შეიძლება მთლიანად მთავრობაზეც გავრცელდეს, რომლის შიგნითაც უკვე ცუდად იმალება არათუ კოორდინაციის არარსებობა, არამედ ისიც, რომ თანამოაზრეობა და პრეზიდენტის პოლიტიკის ერთგულება ცარიელი სიტყვებია, - ისევე, როგორც ცარიელი სიტყვებია პრეზიდენტის დაჟინებული მოთხოვნა, დააპატიმრონ გარკვეული პირები, რომელთა ვინაობის არც დასახელებას და არც, მით უმეტეს, გახმაურებას, საშველი არ ადგება. შეგახსენებთ, 1997 წლიდან მოყოლებული, შევარდნაძე აცხადებს, რომ კორუფციას ებრძვის, ხელი არ აუკანკალდება დამნაშავეთა დასასჯელად, მაგრამ არც ერთი სახელმწიფო მოხელე კორუფციული ბრალდებების საფუძველზე საქართველოში არ დაუპატიმრებიათ, ხოლო თანამდებობიდან ერთეულები გაათავისუფლეს.

საარჩევნოდ გოროზი განცხადებები, შესაძლოა, კარგი სატყუარა იყოს, მაგრამ ხალხის დასარწმუნებლად ამ განცხადებებს კონკრეტული ქმედება, ან თუნდაც ასეთ ქმედებათა სიმულაცია უნდა მოჰყვეს. არჩევნები ახლოვდება რუსეთშიც, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტის დასაყრდენი პარტიის, ერთიანი რუსეთის ლიდერი ბორის გრიზლოვი სათავეში ჩაუდგა ე.წ. მაქცია-მილიციელების მამხილებელ კამპანიას, რასაც რამდენიმე კორუმპირებული მილიციელის დაპატიმრება მოჰყვა. რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის მონაცემებით, ამ კამპანიას გამოკითხულთა მხოლოდ 20% აღიქვამს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში კორუფციასთან ბრძოლად, დანარჩენებს სკეპტიკური განწყობა აქვთ და ფაქტებს წინასაარჩევნო სვლად ან პოლიტიკური ბრძოლის ნაწილად მიიჩნევენ. მთავრობისა და პრეზიდენტის ვინ რა უნდა ირწმუნოს საქართველოში, როცა შევარდნაძის სიტყვები ძალას კარგავენ მთავრობის ხდომათა დარბაზიდან მინისტრების გამოსვლისთანავე?
XS
SM
MD
LG