Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში გრძელდება რეპრესიები დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ


ანდრო ეული, პრაღა დევნა-შევიწროების ახალი ტალღა აგორდა ბელორუსიაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ინფორმაციის დამოუკიდებელ საშუალებათა წინააღმდეგ.

ცალკეული მიმომხილველები ამაში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ხელწერას ხედავენ. მას, როგორც ჩანს, სურს, კონსტიტუციაში ისეთი შესწორება შეიტანოს, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემს, პრეზიდენტის სავარძელი მესამე ვადითაც შეინარჩუნოს.

ამ ორიოდე კვირის წინათ, ჰელსინკის კომიტეტის მინსკის ბიუროს, სრულიად მოულოდნელად, საგადასახადო პოლიციის თანამშრომლები ესტუმრნენ. იგივე მოხდა ბელორუსიის 12 არასამთავრობო ორგანიზაციის რეგიონულ წარმომადგენლობებშიც. სამართალდამცავებმა დოკუმენტების შემოწმება დაიწყეს.

ჰელსინკის კომიტეტის მინსკის ბიუროში საგადასახადო პოლიციის თანამშრომლებს რაიმე ფინანსური დარღვევა არ აღმოუჩენიათ. პრობლემამ თავი იჩინა ამ არასამთავრობო ორგანიზაციის სახელწოდებაში. აი, რა უთხრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს ჰელსინკის კომიტეტის მინსკის ბიუროს უფროსმა ტატიანა პროცკამ [ტატიანა პროცკას ხმა]: "ჩვენს ბლანკზე წერია: რესპუბლიკური საზოგადოებრივი გაერთიანება - ბელორუსიის ჰელსინკის კომიტეტი. და ბელორუსიის ჰელსინკის კომიტეტი ბრჭყალებში უნდა იყოს ჩასმული. ჩვენ ეს გამოგვრჩა. უბრალოდ დიდი ასოებით დავწერეთ, მაგრამ ბრჭყალებში არ ჩავსვით, და ამიტომაც მივიღეთ გაფრთხილება. სამი ასეთი გაფრთხილების შემდეგ ორგანიზაცია შეიძლება დაიხუროს."

ბევრს ეს ამბავი აბსურდად მოეჩვენება, მაგრამ ტატიანა პროცკა და მისი კოლეგები ამბობენ, რომ ეს სულაც არ არის სასაცილო. პრეზიდენტ ლუკაშენკოს მთავრობამ საზოგადოების გასაჩუმებლად მორიგი კამპანია წამოიწყო.

გასულ თვეში, სახელმწიფო მოხელეების წინაშე გამოსვლისას, ალექსანდრ ლუკაშენკომ ეგრეთ წოდებული ოფიციალური "იდეოლოგიის" დაკანონებაზე ილაპარაკა. სახელმწიფო იდეოლოგია ლუკაშენკომ ადამიანის იმუნოსისტემას შეადარა და თქვა, რომ სახელმწიფოს დაქვემდებარებული იდეოლოგიის დაკანონება ბელორუს ხალხს ნებისმიერი შესაძლო "ინფექციისგან" დაიცავს. მომავალი წლიდან ბელორუსიის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ახალ საგანს, "ბელორუსიის იდეოლოგიის საფუძვლებს" შეისწავლიან.

ბელორუსიის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე ჟანა ლიტვინა აღშფოთებას ვერ მალავს იმის გამო, რაც დღეს ბელორუსიაში ხდება. განვლილი ორი წლის მანძილზე ამ ქვეყანაში ინფორმაციის დამოუკიდებელ საშუალებათა ნახევარი დაიხურა. საეთერო დრო შეუმცირეს თვით რუსეთის რადიო- და ტელეგადაცემებს, რომლებსაც ბელორუსიაში უამრავი მსმენელი და მაყურებელი ჰყავს [ჟანა ლიტვინას ხმა]: "ძნელად თუ წარმოვიდგენდი თუნდაც რვა წლის წინათ, რომ ამ დონემდე შეიძლებოდა პროპაგანდისტული მანქანის რეანიმაცია; რომ ასე ადვილად მოხდებოდა კომუნისტური რეჟიმის დროს გამოყენებული მეთოდებისა და ხერხების რეანიმაცია. ბელორუსიაა იმის კარგი მაგალითი, თუ რაოდენ ადვილად შეიძლება ეს მოხდეს, რაც სახიფათოა."

ჟანა ლიტვინას თქმით, ბელორუსიაში მოღვაწე დამოუკიდებელი ჟურნალისტები მიმდინარე თვის მიწურულს საპროტესტო აქციას მოაწყობენ. "ეს იქნება "დახურული გაზეთების დღე". აქციას მოვაწყობთ 19 სექტემბერს, ჟურნალისტთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს, რათა ვიყოთ ერთად და კიდევ ერთხელ დავანახოთ ყველას, რომ შეიძლება დახურო გაზეთი ან რადიოსადგური, მაგრამ ჟურნალისტს პროფესიას ვერ წაართმევო" - თქვა ჟანა ლიტვინამ.

არაერთი წელია, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ლუკაშენკომ უკიდურესად შეზღუდა თავის მოქალაქეთა უფლებები. მაგრამ მაინც, რა იმალება დამოუკიდებელი მასმედიის წინააღმდეგ ბელორუსიაში ამ ბოლო ხანს გაჩაღებული კამპანიის მიღმა? მას შემდეგ, რაც 2001 წელს მან მეორე ხუთწლიანი ვადით გაინაღდა პრეზიდენტობა, ბევრმა ბელორუსიაში გარკვეული ლიბერალიზაციის დადგომა იწინასწარმეტყველა.

ჟანა ლიტვინას ეჭვი არ ეპარება, რომ ლუკაშენკო ნიადაგს ამზადებს კონსტიტუციაში იმ მუხლის შესაცვლელად, რომელიც კრძალავს პრეზიდენტად არჩევას მესამე ვადით. ხოლო ჰელსინკის კომიტეტის მინსკის ბიუროს ხელმძღვანელი ტატიანა პროცკა დარწმუნებულია, რომ რეფერენდუმი, რომელსაც იგი პრეზიდენტის არჩევაზე დაწესებული შეზღუდვის გასაუქმებლად მოაწყობს, ლუკაშენკოს სასარგებლოდ დამთავრდება.
XS
SM
MD
LG