Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდული პროგრამა


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე ჩვენი დღევანდელი გადაცემა ორ სხვადასხვა საკითხს ეხება.

წინა გადაცემაში ვილაპარაკეთ სასწავლო წლის დაწყებაზე და განათლების თემას არც ახლა ავუვლით გვერდს. მით უმეტეს, საამისო საბაბი გვაქვს - საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ, არა მხოლოდ თავიანთ ქვეყანაში მიიღონ განათლება და იმუშაონ მეცნიერულად, არამედ ეს გააკეთონ ამერიკის შეერთებულ შტატებში: საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები საქართველოში აცხადებს ახალ პროგრამას 2004-2005 აკადემიური წლისათვის. მაგრამ ვიდრე ამ პროგრამაზე ვისაუბრებდეთ, სიტყვას ეკა წამალაშვილს დავუთმობ. ის შეგახვედრებთ ჩვენი გადაცემის ერთ ადრინდელ სტუმარს. მუსიკა, რომელიც ჩვენს დღევანდელ პროგრამას გასდევს, სწორედ მისი შესრულებულია.

ეკა წამალაშვილი:

პატარა მუსიკოსს ბარბარე ჭყონიას ჩვენს გადაცემაში უკვე მეორედ შეგახვედრებთ და გიამბობთ იმ წარმატებაზე, რომელსაც მან ვილინიუსში ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსზე მიაღწია. ბარბარემ ამ კონცერტზე წარდგენილი პროგრამა ჩვენი გადაცემისთვისაც შეასრულა. თქვენ ახალა მისი შესრულებით დებიუსის "არაბესკა" გესმით.
[ხმა: დებიუსის "არაბესკა"]

ასე გაგაცანით ბარბარე ჭყონია გასულ ზამთარში. მაშინ ბარბარემ იცოდა, რომ მისი პედაგოგი სერიოზულ კონკურსზე გაყვანას უპირებდა. გავიდა დრო, პატარა მუსიკოსი ცოტა გაიზარდა და პირველ დიდ წარმატებასაც მიაღწია. ცნობილი ქართველი მომღერლების - იშხნელების შთამომავალმა ამ ზაფხულს საერთაშორისო კონკუსში მიიღო მონაწილეობა და ლაურეატის ტიტულიც მოიპოვა. კონკურს-ფესტივალი, რომლის პირველი ადგილიც მას ერგო, ქალაქ ვილნიუსში ჩატარდა. "მუსიკა უსაზღვროდ" - ასე ერქვა ამ საერთაშორისო ღონისძიებას, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული სხვადასხვა ასაკის მოზარდი პიანისტები იღებდნენ მონაწილეობას. საქართველოდან ბარბარე ერთადერთი იყო. მას, ისევე როგორც სხვა კონკურსანტებს მუსიკალური ნაწარმოებების შესრულება მუზეუმებში და სკვერებში გამართულ კონცერტებზე მოუწია. მის მიერ შესრულებულმა შოპენის "რონდომ", დებიუსის "არაბესაკამ" და ქართველი კომპოზიტურის, ვაჟა აზარაშვილის "ნოსტალგიამ" კონკურსზე წარმოდგენილი უფროსი ცნობილი მუსიკოსები აღაფრთოვანა. პატარა ქართველი პიანისტი კიდევ ერთ კონკურსზე მიიწვიეს. ბარბარე ვილნიუსში დედასთან ერთად იყო ჩასული, მომავალში კი ახალი პროგრამით პარიზში ჩავა. იქ გასამართ საერთაშორისო ღონისძიებაზე გამოსვლისას კი მას, დედის გარდა, პედაგოგიც გაუწევს გულშემატკივრობას. ქალბატონი მანანა გელაშვილი, რომელიც ბარბარეს წარმატებით კამყოფილია, უფრო სერიოზული წარამტებებისთვის მისგან მეტ მუშაობას ითხოვს.

[მანანა გელაშვილის ხმა] "ველოდი ამ წარმატებას, იმიტომ, რომ საკამოდ კარაგდ იყო მომზადებული და ჩემთან 3 წლის მეცადინეობის პერიოდში საკმაო წინსვლას მიაღწია და ვნახოთ. მომავალში უფრო სერიზოულ წარამტებებს მიაღწევს, თუ არ იზარმაცებს. რაც აკლია - მეცადინეობის სიყვარულია. როცა შრომას შეიყვარებს, ყველაფერი წესრიგში იქნება."

[ბარბარე ჭყონიას ხმა] " ვეცდები მასწავლებელს დავუჯერო და მეტი ვიმეცადინო, - დღეში 6 საათი, თანაც უფრო ყურადღებით."

პირველი, ვისაც ბარბარემ საერთაშორისო კონკურსზე მიღწეული წარმატება ახარა, სწორედ მანანა მასწავლებელი იყო. მსმენელთა რეაქციის მიხედვით, ბარბარე წინასწარ, დაჯილდოვების ცერემონიალამდე მიხვდა, რომ პირველი ადგილი სწორედ მას ერგებოდა და ეს აზრი პედაგოგისთვის რომ გაეზიარებინა, მას სასწრაფოდ დაურეკა.

[მანანა გელაშვილის ხმა] "მანანა მასწავლებელო, ალბათ, პირველ ადგილს მომცემენო, რადაგნ დიდი გამოხმაურება ჰქონია მის გამოსვალს".

[ბარბარე ჭყონიას ხმა] "ბავშვებიც მილოცავდნენ. დაჯილდოვებაზე ტირილი დავიწყე, ისე გამეხარდა პირველი ადგილი. საქართველოს დიდი დროსა ჰქონდათ იქ და პირველ ადგილზე რომ დამასახელეს, ჟიურის წევრები აფრიალდებდნენ მის დროშას".

ასე, რომ პატარა ქართველმა მუსიკოსმა ვილნიუსში შეკრებილი მუსიკალური საზოგადოების თვალწინ საქართველოს დროშის აფრიალებას მიაღწია. ამას გარდა ბარბარეს შესრულებული ვაჟა აზარაშვილის "ნოსტალგია" ისე მოეწონათ, რომ ამ ნაწარმოების ნოტებზე მოთხოვნილება გაჩნდა. ბარბარეს კუთვნილი ნოტები უამრავ ეგზემპლიარად გამრავლდა.

ქართველი კომპოზიტორის ეს ნაწარმოები თვითომ ბარბარესაც ძალიან მოსწონს, რომანტიკულია და რომანტიკული ნაწარმობები განსაკუთრებით მხიბლავსო, ამბობს ის .

საერთაშორისო ფესტივალზე, რომელსაც "მუსიკა უსაზღვროდ" ერქვა, ბარბარე აპრილში ასევე ვილინიუსში ყოფნისას მიიწვიეს. პროფესორმა ვერონიკა ვიტაიტემ მაშინდელი კონკურსის ქართველ მონაწილეს მასტერ კლასი ჩაუტარა და მისი უფრო სერიოზულ კონკურს-ფესტივალზე გაყვანა გადაწყვიტა. თბილისში დაბრუნების შემდეგ პატარა მუსიკოსის ვილნიუსში გამგზავრებისთვის სპონსორის ძებნის პროცესი დაიწყო. აღსნიშნავია, რომ ფესტივალზე "მუსიკა უსაზღვროდ" სხვა ქვეყნებიდან ჩასული ბავშვების მგზავრობაც და ცხოვრებაც მათი სახელმწიფოების მხრიდან იყო დაფინანსებული.

ვილნიუსში ჩასული პატარა პიანისტები დამეგობრდნენ, ბარბარე დღემდე აგრძელებს მათთან მიმოწერას. ამბობს, რომ ამ ქალაქმა ულამაზესი ტბებით და საოცარი სისუფთავით მოხიბლა, იქ ჩატარებულმა ფესტივალმა კი ლაურეატობა მოუპოვა და მეტი პასუხისმგებლობა დააკისრა.
ბარბარე მალე შემდგომი საერთაშორისო კონკურსისთვის დაიწყებს მზადებას. ვილნიუსის ფესტივალზე მას ყურადღება ცნობილმა პიანისტმა იგორ ლასკომ მიაპყრო და პარიზში მიიწვია.



დავით პაიჭაძე:

ახლა ვილაპარაკებთ განათლების ახალ შესაძლებლობებზე საქართველოს მოქალაქეთათვის. საერთაშორისო განათლების ამერიკულმა საბჭოებმა ორიოდე დღის წინ ახალი პროგრამები წამოიწყო 2004-2005 წლისათვის. ჩვენ იმ პროგრამებზე მოგითხრობთ, რომლებიც, ვფიქრობ, განათლების მიღების მსურველ ახალგაზრდებს დააინტერესებთ.

ამერიკული საბჭოები საქართველოში 1992 წლიდან მუშაობს, ანუ საქართველოს მოქალაქეებს ამერიკის შეერთებულ შტატებში განათლების მიღების საშუალებას წელს მეთორმეტედ აძლევს. წელს ამ ორგანიზაციას საქართველოში ახალი დირექტორი, ტიმ ბლაუერტი ჰყავს. "რადიო თავისუფლება" გაესაუბრა ტიმ ბლაუერტს:

"სიამაყით უნდა აღვნიშნო, რომ ყოველ წელს საქართველოს დაახლოებით 100 მოქალაქეს ვაგზავნით შეერთებულ შტატებში სხვადასხვა საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამით. სადღეისოდ, ჩვენი ხაზით 1200 ადამიანმა მიიღო განათლება შეერთებულ შტატებში. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ყველაზე ეფექტიანი ინვესტიციაა საქართველოს მომავალში. წელს ამერიკული საბჭოები ადმინისტრირებას გაუწევს 5 პროგარმას, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი დააფინანსებს".

ამერიკული საბჭოების დირექტორის კოლეგამ, ემილი გოლდრიკმა ერთ ასეთ, მომავალი ლიდერების გაცვლის პროგრამაზე გვითხრა ორიოდ სიტყვა:

"პირველი პროგრამაა მომავალ ლიდერთა გაცვლის თავისუფლების მხარდამჭერი აქტი. ეს სკოლის მოსწავლეების, უფროსკლასელების პროგრამა გახლავთ. კონკურსში გამარჯვებული 50 ბავშვი ყოველწლიურად მიემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში. იქ ერთ აკადემიურ წელს დაჰყოფენ, ისწავლიან და იცხოვრებენ ამერიკულ ოჯახებში. პროგრამა ეხებათ 1987 წლის 1 იანვრიდან 1989 წლის 15 ივლისამდე დაბადებულ ბავშვებს. წელს ტესტირებას ჩავატარებთ საქართველოს შემდეგ ქალაქებში: ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, გორი, თბილისი და თელავი".

ტიმ ბლაუერტი გვესაუბრა კიდევ ერთ პროგრამაზე, რომელიც განათლების მოსურნეებს შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში შემდეგ სპეციალობათა დაუფლებას სთავაზობს: ბიზნესის ადმინისტრაცია, ეკონომიკა, განათლების ადმინისტრაცია, სამართალი, საბიბლიოთეკო საქმე, ინფორმაციული მეცნიერება, ჯანდაცვა, საერთაშორისო ურთიერთობები, სახელმწიფო მართვა და გარემოს დაცვა. ეს პროგრამა იმათთვისაა, ვისაც უკვე აქვს უმაღლესი განათლება. საქართველოში პროგრამა კარგად არის ცნობილი - ის ყოფილი სენატორის, ედმუნდ მასკის სახელს ატარებს.

"ეს პროგრამა ქართველებს საშუალებას აძლევს ისწავლონ ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში 11 სპეციალობაზე ერთი ან ორი წლის განმავლობაში და მიიღონ ხარისხი. ამერიკაში ამ პროგრამით ახლა 29 სტუდენტი იმყოფება საქართველოდან. სულ კი სადღეისოდ საქართველოს 200-მდე მოქალაქემ ისწავლა ამ პროგრამის ფარგლებში."

ახალგაზრდები, უფრო ზუსტად, ახალგაზრდა პედაგოგები, რომლებიც საშუალო სკოლებში ინგლისურ ენასა და ამერიკულ კულტურას ასწავლიან, შესაძლოა, დაინტერესდნენ ამერიკული საბჭოების სპეციალურად მათთვის გამიზნული პროგრამებით. ეს უფრო წამახალისებელი პროგრამები გახლავთ, ვიდრე საგანმანათლებლო.

ემილი გოლდრიკი: "ჩვენ ორი პროგრამა გვაქვს საშუალო სკოლის მასწავლებელთათვის. ინგლისური ენისა და ამერიკული სწავლების მასწავლებელთა პროგრამა 2000 დოლარამდე ტექნიკური აღჭურვილობით აჯილდოებს ადგილობრივ გამარჯვებულებს. ჩვენ ასევე გავაგზავნით 7 მასწავლებელს შვიდკვირიან სემინარზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ გვაქვს დამატებითი პროგრამაც სკოლის მასწავლებლებისთვის. ესაა პარტნიორობა განათლების სფეროში. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოსა და ამერიკის საშუალო სკოლებსა და მასწავლებლებს შორის პირდაპირი კონტაქტების განვითარებას. მონაწილე უნდა მუშაობდეს მასწავლებლად ისტორიის, საზოგადოებრივ ან სოციალურ მეცნიერებათა სფეროში, ან ეკავოს ადმინისტრაციული თაბამდებობა სკოლაში და ჰქონდეს, სულ ცოტა, 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება. ამ პროგრამითაც 7 მასწავლებელი გაემგზავრება ამერიკაში სამოქალაქო განათლების შვიდკვირიან სემინარზე".

ამერიკული საბჭოები, შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო კიდევ არაერთ პროგრამას სთავაზობს საქართველოს მოქალაქეებს. მაგრამ ამ პროგრამათა შესაძლო მონაწილეების ასაკი მხოლოდ ახალგაზრდული არ არის. ამიტომაც ჩვენს გადაცემაში მათ აღარ შევეხებით.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG