Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა სამშაბათს 9 სექტემბერს ორი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ავღანეთის ქალაქ ჰავაია ბაჰუდინში, ტაჯიკეთის საზღვართან, თალიბებთან დაპირისპირებული "ჩრდილოეთის ალიანსის"

ერთ-ერთი სამხედრო ლიდერი აჰმედ შაჰ მასუდი მოკლეს ისლამისტმა ექსტრემისტებმა. აი რას წერს ამასთან დაკავშირებით გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი":

"მასუდი, რომელიც შეიარაღებულ თანარაზმელებთან ერთად მედგრად ებრძოდა 80-იან წლებში საბჭოთა საოკუპაციო ჯარს, ხოლო 90-იან წლებში თალიბებს, ეროვნული გმირი გახდა გარდაცვალების შემდეგ. მასუდის ხსოვნისადმი მიძღვნილ მიტინგზე ქაბულში ავღანეთის თავდაცვის მინისტრმა მოჰამედ ფაჰიმმა განაცხადა, რომ ახალშექმნილი ეროვნული არმია ეროვნული ერთიანობის გარანტი გახდება ავღანეთში. "ღირსეულ ცხოვრებას ღირსეული სიკვდილი მოსდევს. მამაჩემი დაიღუპა, რათა ავღანეთი დარჩენილიყო ისტორიაში. ამჯერად ჩვენი ვალია ბოლო მოვუღოთ ჩვენს შორის ყოველგვარ განხეთქილებას, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს მტრებს მიეცემათ შესაძლებლობა ავღანეთი დაიპყრონ " - განაცხადა სამგლოვიარო მიტინგზე აჰმედ შაჰ მასუდის 13-წლის ვაჟმა აჰმედმა".

როგორც გაზეთ "ფაინენშალ ტაიმსის" მიმომხილველი ვიქტორია ბერნეტი აღნიშნავს, ორმა წელმა განვლო მას შემდეგ, რაც ისლამისტმა ექსტრემისტებმა, და როგორც ვარაუდობენ "ალ-ყაიდის" წევრებმა, მუხანათურად მოკლეს აჰმედ შაჰ მასუდი, ავღანეთის დედაქალაქს კვლავაც წინააღმდეგობის მოძრაობის ლეგენდარული ლიდერის აჩრდილი თან სდევს.

ავღანეთიდან ახლა საქართველოს ჩრდილოელ მეზობელს, რუსეთს ვესტუმრებით, სადაც წინასაარჩევნო მარათონი დაიწყო. "არჩევნების გაშუქებაზე პრეზიდენტმა პუტინმა საბჭოური ყაიდის შეზღუდვები დააწესა" - წერს გაზეთი "გარდიანი" და დასძენს:

"კრემლის ძალისხმევით ქვეყანაში მიღებულ იქნა დრაკონული კანონები, რომლებიც დახურვით ემუქრება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, თუ ისინი კანდიდატების პირადი ცხოვრების დეტალებს გააშუქებენ, ან კიდევ შეფასებას მისცემენ მათს პოლიტიკურ მრწამსს. ახალი კანონი უწინდელი არჩევნების დროს გაჩაღებული ლაძღვა-გინებისა და ცილისწამების წინააღმდეგაა მიმართული. თუმცა, ოპოზიციური დეპუტატები და ჟურნალისტები აღშფოთებას ვერ მალავენ ახალი განაწესის გამო. ზოგიერთის თქმით, ქვეყანა უბრუნდება საბჭოთა პერიოდს, როცა პოლიტიკური დისკუსიები კონტროლს ექვემდებარებოდა. კანონი მოითხოვს, რომ თანაბრად მოხდეს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილე ყველა კანდიდატის საქმიანობის გაშუქება, რაც ფაქტობრივად შეუძლებელია, ვინაიდან არჩევნებში 44 პარტია მონაწილეობს. ამასთანავე კანონი, როგორც ჩამნს, თავად პრეზიდენტმა პუტინმა დაარღია გასულ კვირაში, როცა სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორობის კანდიდატ ვალენტინა მატვიენკოსთან ერთად გამოვიდა ტელევიზიით და მხარი დაუჭირა მას. როგორც მემარჯვენე ძალთა კავშირის ლიდერმა ბორის ნემცოვმა შენიშნა, ქვეყანაში არავინ იცავს კანონებს ღატაკიდან პრეზიდენტამდე, ეს კი სერიოზულ პრობლემებთანაა დაკავშირებული".

"დემოკრატიას რუსეთში ალიკაპი აქვს ჩამოცმული",
- ასეა დასათაურებული სტატია გაზეთ "ქრისჩიენ საიანს მონიტორში". სტატიაში ვკითხულობთ:

"მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტად კაგებეს ყოფილი ოფიცერი ვლადიმირ პუტინი აირჩიეს, ბევრს აღეძრა შეკითხვა, ხომ არ დაუბრუნდება რუსეთი საბჭოთა წარსულს? უკიდურესი პესიმისტები რუსული დემოკრატიის დასასრულს წინასწარმეტყველებდნენ. ხოლო უკიდურესი ოპტიმისტები პუტინს სულით ხოცამდე დემოკრატს უწოდებდნენ. სინამდვილეში ვითარება სულაც არაა გარკვეული. ის ზომები, პუტინმა რომ მიიღო ამ ბოლო დროს თავისუფალი პრესისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იმაზე მიანიშნებს, რომ პრეზიდენტის გარემოცვაში იზრდება კაგებეს ვეტერანებისა და ძალოვან სტრუქტურათა წარმომადგენლების გავლენა. მოახლოებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე ყოველივე ეს კარგს არაფერს უქადის რუსულ დემოკრატიას. რუსეთი თანამედროვე ეკონომიკის დამკვიდრებას ესწრაფვის, მაგრამ მისი მოქმედება განგაშს იწვევს და ინვესტორებს აფრთხობს. იმისათვის, რათა რუსეთი ევროპის ნაწილი გახდეს და დემოკრატიულ სახელმწიფოდ იქნეს აღიარებული, ქვეყანაში განუხრელად უნდა იყოს დაცული პრესის თავისუფლება და მოქმედების სრული თავისუფლება მიეცეს ოპოზიციას".
XS
SM
MD
LG