Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაფხულში სამომხმარებლო ბაზარზე სტაბილურობა შეინიშნებოდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის განმავლობაში სამომხმარებლო ფასები უმნიშვნელოდ გაიზარდა, ასევე დაფიქსირდა დაბალი ინფლაცია,

ხოლო ზაფხულის სეზონზე დეფლაციაც აღინიშნა. მოგითხრობთ სამომხმარებლო და საფინანსო ბაზარზე არსებული სიტუაციის შესახებ.

ზაფხულის განმავლობაში საქართველოს სამომხმარებლო და საფინანსო ბაზარზე რაიმე მნიშვნელოვანი რყევა არ დაფიქსირებულა. უფრო პირიქით, ამ პერიდისათვის დამახასიათებელი სტაბილურობა და დაბალი ფასები ზაფხულში შენარჩუნებულ იქნა.

სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში სამომხმარებლო ფასების ეროვნულმა ინდექსმა 101,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო ინფლაციის საშუალო დონე თვეში 0,21 პროცენტი იყო. ეს მონაცემები გასული წლის ანალოგიურ პერიდთან შედარებით ნაკლებია.

დაბალი ინფლაცია და სამომხმარებლო ფასების სტაბილურობა ძირითადად მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკით და სეზონური ფაქტორებით აიხსნება. გაზაფხული და ზაფხული, ტრადიციულად, სამომხმარებლო კალათის "შემსუბუქებით" ხასიათდება, რაც ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გაიაფებით და კურორტული სეზონის დაწყებით აიხსნება.

სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, 2003 წლის ივლისში, ივნისის თვესთან შედარებით, სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ე.წ. გამსხვილებული ჯგუფების მიხედვით, ფასები სურსათზე 1,2 პროცენტით შემცირდა, არასასურსათო საქონელზე - 0,4 პროცენტით. მომსახურების ფასების საერთო დონე კი ივნისთან შეადარებით უცვლელი დარჩა.

იმის მიუხედავად, რომ ივლისში სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირება შეინიშნება, სტატისტიკური მონაცემებით, 2002 წელთან შედარებით იგი 3,1 პროცენტით არის გაზრდილი. ამ პერიდთან შედარებით არასასურსათო საქონელის ფასების საერთო დონე 0,4 პროცენტით არის შემცირებული, ხოლო მომსახურების ფასები იგივე დონეზე დარჩა.

ივნისთან შედარებით ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებლური ფასები 0,8 პროცენტით გაიზარდა, მათ შორის ყველაზე დიდი მატება სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში აღინიშნა და 5,1 პროცენტი დაფიქსირდა. ელექტროენერგიის, აირისა და წყალმომარაგების მწარმოებლური ფასების საერთო დონე წინა თვესთან შედარებით არ შეცვლილა.

სამომხმარებლო ფასების ინდექსი განსხვავებულია თბილისსა და რეგიონების მიხედვით. დედაქალაქში, ტრადიციულად, გაცილებით მაღალი ფასები აღინიშნება.

ზაფხულის პერიოდი, როგორც წესი, დაბალი ინფლაციით გამოირჩევა, თუმცა ამ მაჩვენებლის სერიოზული ზრდა არც სეზონის დასრულების შემდეგაა მოსალოდნელი. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ მხრივ ტრადიციული პოლიტიკური ფაქტორი და საარჩევნო ციებ-ცხელებაც არ მოახდენს რაიმე მნიშვნელოვან გავლენას.
XS
SM
MD
LG