Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 სექტემბრის ტრაგედიის მეორე წლისთავი


ანდრო ეული, პრაღა 2001 წლის 11 სექტემბერს, 19-მა თვითმკვლელმა საჰაერო მეკობრემ, საერთაშორისო ტერორისტის ოსამა ბინ ლადენის ორგანიზაცია "ალ-ყაიდიდან",

კოორდინირებული ტერორისტული თავდასხმა განახორციელა აშშ-ის წინააღმდეგ. ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და პენსილვანიაში 3,000-ზე მეტი ადამიანი იქნა მოკლული.

სამშაბათის დილა 2001 წლის 11 სექტემბერს თბილი და მზიანი ამინდით დაიწყო ნიუ-იორკში. მაგრამ 8 საათსა და 45 წუთზე ადგილობრივი დროით უჩვეულო სანახაობამ და რეაქტიული თვითმფრინავის ძრავების გამაყრუებელმა ხმამ დილის რითმი დაურღვია ნიუ-იორკელებს. სამგზავრო თვიმფრინავი ბოინგ-757 დაეშვა, ძალზედ ახლოს დაეშვა ქალაქის ცათაბჯენების თავზე. ავიაკომპანია "ამერიკენ ერლაინსის" ბოსტონიდან წამოსული თვითმფრინავი ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის 417-ტი მეტრის სიმაღლის ჩრდილოეთ ცათამბჯენს უახლოვდებოდა. ხომალდს, ხელისუფალთა ვარაუდით, მართავდა მოჰამედ ატა, 11 სექტემბრის თავდასხმის ლიდერი, რომელმაც თავის 4 სხვა თანამზრახველთან ერთად გაიტაცა თვითმფრინავი, რომელშიც 94 ადამიანი იმყოფებოდა.

110-თ სართულიან შენობას დაჯახებულმა თვითმფრინავმა ცეცხლის ალში გაახვია მყისვე 94-დან 99-დე, ხუთი სართული.

9 საათსა და სამ წუთზე, მეორე გატაცებული თვითმფრინავი ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის 415-მეტრის სიმაღლის სამხრეთ ცათამბჯენს დაეჯახა. ეს თვითმფრინავი, ასევე ბოსტონიდან წამოსული, ავიაკომპანია "იუნაიტედ ერლაინსს" ეკუთვნოდა და მასში მგზავრებისა და ეკპაჟის ჩათვლით სულ, 53 ადამიანი იმყოფებოდა. ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავი ხუთმა მეკობრემ გაიტაცა და ვაჭრობის მსოფლიო ცენტრისკენ მიმართა. ამჯერად ცხადი გახდა უკვე, რომ ადგილი ჰქონდა კოორდინირებულ ტერორისტულ თავდასხმას.

ფლორიდის შტატის ქალაქ სარასოტაში პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დაწყებით სკოლაში გამოდიოდა სიტყვით მთავრობის ახალი სასწავლო პროგრამის შესახებ. ცათამბჯენზე პირველი თვითმფრინავის დაჯახება უბედურ შემთხვევად მიიჩნიეს თავდაპირველად და ასევე აცნობეს ჯორჯ ბუშსაც. სულ მალე, თეთრი სახლის კაცელარიის უფროსმა ენდრიუ კარდმა ყურში ჩასჩურჩულა ბუშს: "ბატონო პრეზიდენტო. ვაჭრობის მსოფლიო ცენტრს მეორე თვითმფრინავი დაეჯახა. ამერიკას თავს დაესხნენ" - ციტატის დასასრული. ვიდრე დატოვებდა სკოლას, ჯორჯ ბუშმა გააკეთა პირველი საჯარო განცხადება ამ ტერორისტული თავდასხმის შესახებ [ჯორჯ ბუშის ხმა]: "დღეს ჩვენ, ეროვნული ტრაგედიის მოწმენი გავხდით. 2 თვითმფრინავი ვაჭრობის მსოფლიო ცენტრს დაეჯახა, რაც ტერორისტული თავდასხმაა, აშკარად, ჩვენს ქვეყანაზე. მე მევაპარაკე ვიცე-პრეზიდენტს, ნიუ-იორკის გუბერნატორს, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორს, და გავეცი განკარგულება, რომ ფედერალური მთავრობის მთელი რესურსები დაზარალებულებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად იქნეს მობილიზებული და ჩატარდეს სრულმასშტაბიანი გამოძიება, რათა მონახონ და დააკავონ ამ დანაშაულის ჩამდენნი. ტერორიზმი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, დამარცხდება".

9 საათსა და 40 წუთზე სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ ყოველგვარი საჰაერო ოპერაციები შეაჩერა ამერიკის აეროპორტებში. ეს იყო პირველი შემთხვევა აშშ-ის ისტორიაში, როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით შეწყდა საჰაერო მიმოსვლა. მაგრამ ტერორისტთა შემოტევა დამთავრებული არ იყო.

9 საათსა და 43 წუთზე, ვაშინგტონის დალესის აეროპორტიდან აფრენილ ავიკომპანია "ამერიკენ ერლაინსის" თვითმფრინავს, რომელშიც 63 ადამიანი იმყოფებოდა, ხუთმა თვითმკვლელმა ტერორისტმა გეზი შეაცვლევინა და პენტაგონის შენობას დააჯახა, რამაც იქ მყოფი 125 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 63-ვე ადამიანიც.

ათ საათსა და ხუთ წუთზე, ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის სამხრეთი ცათამბჯენი, ნიუ-იორკში, დაინგრა. ხუთი წუთის შემდეგ პენსილვანიის შტატის თავზე, ჰაერში, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მიმდინარეობდა. ნიუ ჯერსიდან სან ფრანცისკოში მიმავალ თვითმფრინავს, რომელშიც მგზავრებისა და ეკიპაჟის ჩათვლით სულ 38-დე ადამიანი იმყოფებოდა, ოთხი ტერორისტი მართავდა უკვე ვაშინგტონის ადმინისტრაციული ცენტრის მიმართულებით.
ავიკომპანია "იუნაიტედ ერლაინსის" 93-ე რეისის მგზავრებმა, თავიანთ ნათესავებთან მობილური ტელეფონით დაკავშირების შემდეგ, უკვე იცოდნენ ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის შესახებ. რამდენიმე მგზავრმა, როგორც ჩანს, წინააღმდეგობა გაუწია ტერორისტებს, და თვითმფრინავი, რამდენიმე წუთის შემდეგ ტყეში ჩამოვარდა პენსილვანიის შტატის ქალაქ შენქსვილის მახლობლად. ხელისუფლება დარწმუნებულია იმაში, რომ იმ რამდენიმე მგზავრის ძალისხმევა რომ არა, გატაცებული თვითმფრინავი თეთრ სახლს, ან კაპიტოლიუმის შენობას დაეჯახებოდა.

ათ საათსა და 28 წუთზე ნიუ-იორკში დაინგრა ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის ჩრდილოეთი ცათამბჯენიც.

ფლორიდიდან, პრეზიდენტი ბუში ლუიზიანის შტატის სამხედრო ბაზაზე ჩაიყვანა სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავმა. ნაშუადღევს, ჯორჯ ბუშმა მეორედ მიმართა ამერიკელ ხალხს [ჯორჯ ბუშის ხმა]: "ჩვენი შეიარაღებული ძალები შინ და საზღვარგარეთ სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი, და მიღებულია უშიშროების საჭირო ზომები, რათა თქვენმა მთავრობამ არ შეწყვიტოს ფუნქციონირება".

11 სექტემბრის ტრაგედიამ მთელი მსოფლიო შესძრა. სახელმწიფოთა ლიდერებმა თანაგრძნობა და მხარდაჭერა გამოუთქვეს ამერიკელ ხალხს. მოგვიანებით ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ სხვა სახელმწიფოთა ლიდერთაგან პირველი, ვინც ტელეფონით დაუკავშირდა მას 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იყო.
XS
SM
MD
LG