Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი ჩამოვიდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი 11 სექტემბრიდან საქართველოში ორდღიანი ვიზიტით მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი დონა დოუსეტ-კორიოლო სტუმრობს. ეს ვიზიტი მსოფლიო ბანკის მაღალჩინოსანის პირველი

სტუმრობა იქნება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ბოლო პერიოდში მეტისმეტად გართულებული ურთიერთობების შემდეგ. მთავრობასთან მოლაპრაკებები ამ ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული და დასაფინანსებელი პროქტების ირგვლივ გაიმართება. მანამდე კი სხვადასხვა დონორი ორგანიზაცის წარმომადგენელი თბილისში თითქმის გასაიდუმლოებულ დასკვნას აგზავნის. გესაუბრებათ იმაზე, თუ რა პერსპექტივები გვაქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის მხრივ.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, სავარაუდოდ, საქართველოსათვის დახმარების პროგრამის ფორმატს ცვლიან. აგვისტოს შუა რიცხვებში რამდენიმე დონორი ორგანიზაციის ექსპერტების ერთ-ერთი დასკვნის თანახმად, ამიერიდან ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ სიღარიბის დაძლევის პროგრამის ფარგლებში არის შესაძლებელი პროექტების დაფინანსება.

თბილისში ორდღიანი ვიზტით მყოფი მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორის -დონა დოუსეტ-კორიოლოს მთავრობასთან შეხვედრების შინაარსიც, სავარაუდოდ, ამ თემას შეეხება.

მსოფლიო ბანკის მოსალოდნელი დაფინანსება, თუ ამდაგვარი, რა თქმა უნდა, იქნება, ახალი ფორმატით წარიმართება. პროგრამა, რომელიც დაახლოებით 140 მილიონ აშშ-ს დოლარზეა გათვლილი, "ქვეყნის დახმარების სტრატეგიის" სახელით არის ცნობილი. თუმცა, ამ პროგრამის დაწყებაც, ისევე, როგორც სავალუტო ფონდის დაფინანსების განახლება მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზეა დამოკიდებული. ამ დროისათვის ქვეყნის ხელისუფლებას ადრე ნაკისრი პირობების ნახევარიც არ აქვს შესრულებული. დარჩენილ პერიოდში, სასწაულიც რომ მოხდეს და მთავრობამ ყველა პირობა ზედმიწევნით შეასრულოს, რაც ნაკლებად სავარაუდოა, პროგრამების განახლება, უკეთეს შემთხვევაში, მომავალ წლამდე მაინც არ არის მოსალოდნელი.

20 სექტემბერს ქართული დელეგაცია ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და ფინანსთა მინისტრის შემადგენლობით დუბაიში დაგეგმილ სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც მათ პროგრამების თაობაზე ამ ორგანიზაციებთან ნიადაგის მოსინჯვის შესაძლებლობა მიეცემათ. შემდეგ, 17 ოქტომბერს ჯერ სავალუტო ფონდის, 6 ნოემბერს კი მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება. ამ პერიოდისათვის რაიმე პოზიტიური გადაწყვეტილების მიღება დონორებს უკიდურესად გაუჭირდებათ, რაშიც, პირველ რიგში, ჩვენი ხელისუფლებაა დამნაშავე, რომელმაც რეკომენდაციები ვერ შეასრულა. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კი თბილისში სავალუტო ფონდის რეგულარული მისია ჩამოვა, რომელსაც პაოლო ნოიჰაუზი უხელმძღვანელებს. სწორედ ამ ვიზიტის დროს დაზუსტდება მომავალი პროგრამის დეტალები, რომლის შესრულებაზე პასუხისმგებლობის აღება უკვე, სავარაუდოდ, მთავრობის ახალ შემადგენლობას მოუწევს.
XS
SM
MD
LG