Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელისუფლებო ბლოკმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა ვინაობა გაამხილა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 18 სექტემბერს პრეზიდენტმა შევარდნაძემ ერთბაშად 12 სახელმწიფო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებულებას მოაწერა ხელი. ამის მიზეზი არ გახლდათ არც მოხელეთა ჯანმრთელობის

მდგომარეობის გაუარესება ან დაკისრებული მოვალეობების ცუდად შესრულება - აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა საკმაოდ დიდი ნაწილი ბედს საპარლამენტო არჩევნებში ცდის. ვინ იქნებიან სახელისუფლებო ბლოკის მაჟორიტარი კანდიდატები?

23 სექტემბერს, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში სახელისუფლებო ბლოკის - "ახალი საქართველოსთვის" მაჟორიტარი კანდიდატების პრეზენტაცია შედგა, რომელზეც ხალხის პოტენციური რჩეულნი დამსწრე საზოგადოებას და ჟურნალისტებს თავად პრეზიდენტმა შევარდნაძემ წარუდგინა. იგი დარწმუნებულია, რომ ქვეყნის მიერ ამ ათიოდე წლის წინ არჩეული კურსის შესანარჩუნებლად აუცილებელია პარლამენტში პრეზიდენტის მხარდამჭერთა ფართო წარმომადგენლობის ყოფნა.
მთაწმინდის რაიონის ყოფილი გამგებელი ზურაბ ბიბილეიშვილი, საავიაციო ქარხნის ყოფილი დირექტორი ვაჟა თორდია, ფინანსთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე ლევან ჩრდილელი, ყოფილი გენერალური პროკურორი გიორგი მეფარიშვილი, საგზაო დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ბორის სალარიძე, უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი და ა.შ. და ა. შ. - სწორედ ეს ადამიანები შეეცდებიან 2 ნოემბრის არჩევნებისას საქართველოს მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებას და პარლამენტში პრეზიდენტის კურსის მხარდამჭერთა ჯგუფის შექმნას.
სახელისუფლებო ბლოკის მაჟორიტარი დეპუტატორის კანდიდატთა სიის გაცნობის შემდეგ ორი დასკვნის გაკეთება შეიძლება. პირველი: სახელისუფლებო ბლოკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა შორის არ არის ბლოკში შემავალი არც ერთი სხვა პარტიის წარმომადგენელი "მოქალაქეთა კავშირის" გარდა - როგორც ჩანს, სახელისუფლებო ბლოკის ხელმძრვანელობა ყოველი შემთხვევისთვის თავს იზღვევს მოვლენების არასასურველად განვითარების შემთხევვაში. კერძოდ, თუ პარლამენტში მოხვედრის შემდეგ ბლოკში შემავალი პარტიები დამოუკიდებელი ფრაქციების შექმნას გადაწყვეტენ, "მოქალაქეთა კავშირს" რეზერვი მაჟორიატრების სახით მაინც ეყოლება. და მეორე დასკვნა: აქამდე, ჩვეულებრივ, პარლამენტარის აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლა ითვლებოდა დაწინაურებად. ახლა, როგორც ჩანს, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მყოფნი თავისი კარიერის საუკეთესო გაგრძელებად საკანონდებლო ორგანოში საქმიანობის გაგრძელებას თვლიან.
და ბოლოს: არჩევნებამდე 38 დღით ადრე დეპუტატობის ერთი კანდიდატი საარჩევნო მარათონს ჩამოშორდა - 23 სექტემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააუქმა სამტრედიის მაჟორიტარული ოლქის კანდიდატის, უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის რეგისტრაცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობის თანახმად, წარმოდგენილი ცნობა, თითქოს ბოლო 2 წლის მანძილზე იგორ გიორგაძე ძნაურის რაიონის სოფელ ძაგინას მაცხოვრებელი იყო, სინამდვილეს არ შეეფერება.
XS
SM
MD
LG