Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეები შეერთებულ შტატებს აკრიტიკებენ


შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია ხშირად აქებდა ხოლმე თავის მოკავშირეებს, რომლებმაც, მაგალითად, გერმანიისა და საფრანგეთისგან განსხვავებით, მხარი დაუჭირეს ერაყის წინააღმდეგ ომს.

მათ შორის ბევრია აღმოსავლეთი ევროპის ქვეყანა. მაგრამ ამ დღეებში ზოგიერთმა მათგანმა ამერიკისადმი შედარებით კრიტიკული პოზიცია გამოავლინა. შეიძლება თუ არა ამერიკასა და მის მოკავშირეებს შორის ურთიერთობების ცვლილებაზე ლაპარაკი?

ეგრეთწოდებულმა "ვილნიუსის ათეულმა", რომელშიც აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის ქვეყნები შედიან, დღემდე შეინარჩუნა შეერთებული შტატების მიმართ ერთგულება. მაგრამ ამ დღეებში ზოგიერთი მისი წევრის მხრიდან ვაშინგტონის მიმართ კრიტიკული შეფასებები მოისმა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე. თუმცა ხორვატიის, ესტონეთისა და მაკედონიის ლიდერების მიერ გამოთქმული ეს მოსაზრებები სულაც არ ნიშნავს, რომ ამერიკასა და მის აღმოსავლეთევროპელ მოკავშირეებს შორის ურთიერთობა უარესდება.

მაგრამ თავად ის გარემოება, რომ კრიტიკა გაისმა ასე საჯაროდ და თანაც გაეროში, უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ერაყის საკითხში ამერიკისადმი მხარდაჭერა არ ვრცელდება ყველა საგარეო პოლიტიკურ საკითხზე.

შეგახსნებთ, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინათ შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა ამერიკის ტრადიციული მოკავშირეების, გერმანიისა და საფრანგეთის მხრიდან ერაყის საკითხში წინააღმდეგობა საჯაროდ დააკნინა შემდეგი ცნობილი განცხადებით:

[რამსფელდის ხმა] "თქვენ ფიქრობთ, ევროპა გერმანია და საფრანგეთია. მე არ ვფიქრობ ასე. მე ვფიქრობ, რომ ეს 'ძველი ევროპაა'. თუ ნატოში შემავალ მთელს ევროპას გადახედავთ, დაინახავთ, რომ სიმძიმის ცენტრი აღმოსავლეთისკენ ინაცვლებს."
მიმომხილველთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მაშინ ამერიკის მოკავშირე მთავრობებს სხვა არჩევანი არც ჰქონდათ. თუმცა ხშირ შემთხვევაში მათი ქვეყნების მოსახლეობა მხარს არ უჭერდა ბუშის პოლიტიკას. სულ ერთია რატომ დაუჭირეს მათ მაშინ ამერიკას მხარი, დღეს ერაყის საკითხში შეერთებული შტატების მიმართ მხარდაჭერა არ შეცვლილა. თუმცა, როგორც ამ დღეებში გამოჩნდა, მთლად ასეც არ არის.

სამშაბათს ხორვატიის პრეზიდენტმა სტიპე მესიჩმა ნიუ იორკში, გაეროში გამოსვლისას თქვა, რომ არ შეიძლება მსოფლიო პროცესებში გაეროს როლის უგულებელყოფა, რაც, ფაქტობრივად, ვაშინგტონის დღევანდელი კურსის საწინააღმდეგო აზრია. ამასთან, მან თქვა, რომ არ ეთანხმება შეერთებული შტატების პოზიციას ბირთვული იარაღის გაურვცელებლობის საკითხში. მესიჩმა ყველა ქვეყანას მოუწოდა, რატიფიკაცია გაუკეთონ ბირთვული იარაღის გამოცდების სრული აკრძალვის თაობაზე ხელშეკრულებას. როგორც ცნობილია, ჯორჯ ბუში უარს ამბობს ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე.

ოთხშაბათს ესტონეთის პრეზიდენტმა არნოლდ რუუტელმა ვაშინგტონისგან განსხვავებული მიდგომა წარმოაჩინა გარემოს დაცვის საკითხებში. მისი თქმით, გარემოს დაბინძურებაზე დიდად არის დამოკიდებული მსოფლიოს მომავალი. ამიტომ იგი გამოვიდა მოწოდებით, ყველამ ხელი მოაწეროს კიოტოს ხელშეკრულებას გლობალური დათბობის თაობაზე.

ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა მხარი დაუჭირა კიოტოს ხელშეკრულებას, მაგრამ ჯორჯ ბუშმა პრეზიდენტად არჩევის უმალ უარი თქვა დოკუმენტის ხელმოწერაზე.

ამერიკის კიდევ ერთმა მოკავშირემ, მაკედონიის პრეზიდენტმა ბორის ტრაიკოვსკიმ ასევე ოთხშაბათს განაცხადა, რომ მხარს უჭერს ერაყის აღდგენაში კოალიციის მცდელობებს. მაგრამ იგი ამ პროცესში გაეროს როლის გაზრდის მოწოდებით გამოვიდა. ამასთან, მან ვაშინგტონისთვის საკმაოდ მტკივნეულ თემაზე, ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტზე მიაქცია სხდომის მონაწილეთა ყურადღება და მასში გაეროს აქტიურ ჩარევას დაუჭირა მხარი. ცხადია, ეს არ უნდა ესიამოვნოს ბუშის ადმინისტრაციას, რომელსაც ბრალად სდებენ, რომ ძალზე სუსტ ზეწოლას ახორციელებს თავის მოკავშირე ისრაელზე.

მართალია, აღმოსავლეთ ევროპელთა ზემოხსენებულმა განცხადებებმა საკმაოდ მოულოდნელად გაიჟღერა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, მაგრამ ანალიტიკოსთა აზრით, ვაშინგტონსა და მის აღმოსავლელ მოკავშირეებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არც ისე დიდია, რომ სერიოზულ უთანხმოებაზე შეიძლებოდეს ლაპარაკი. გამომსვლელებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ დანარჩენ საკითხებში შეერთებულ შტატებთან საერთო პოზიციები უცვლელი დარჩა.
XS
SM
MD
LG