Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მეათე სტუდია" 506-ე გამოშვება


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" დღევანდელ გამოშვებაში

გაგაცნობთ ქართველი ექსპერტის მოსაზრებებს იმის შესახებ, გამართლებულია თუ არა საქართველოსა და ვატიკანს შორის ხელშეკრულების მოწინააღმდეგეთა პოზიცია; შევეცდებით გავარკვიოთ, რატომ აფინანსებენ რეგიონულ მედიას არჩევნების წინ და ვიმსჯელებთ აფხაზეთის საკითხზე არჩევნების კონტექსტში. შემდეგ უცხოეთს მივაშურებთ და გავიხსენებთ დიდ ჩილელ პოეტს, პაბლო ნერუდას. გიამბობთ აგრეთვე გერმანიაში გასული საუკუნის 30-ანი წლების ლეგენდარულ ვოკალურ ანსამბლზე - "კომედიან ჰარმონისტს". პრაღაში მიკროფონთან მარიამ ჭიაურელია.
[მუსიკა]

წამყვანი:
როგორც ცნობილია, წინა შაბათს, 20 სექტემბერს, უნდა დადებულიყო ხელშეკრულება საქართველოსა და ვატიკანს შორის. საპატრიარქოს კატეგორიული წინააღმდეგობისა და საპროტესტო აქციების გამო ხელშეკრულება არ გაფორმდა. ამ პრობლემასთან დაკავშირებით გიორგი კაკაბაძე ესაუბრა "თავისუფლების ინსტიტუტის" თანამშრომელს ნუგზარ პაპუაშვილს, რომელიც არის ავტორი წიგნებისა "რელიგიის კარიბჭე" და "მსოფლიოს რელიგიები საქართველოში".
გთავაზობთ ამ ინტერვიუს.

იხ. აუდიოვერსია

რატომ აფინანსებენ რეგიონულ მედიას არჩევნების წინ?

წამყვანი:
დამოუკიდებელ საქართველოში უკვე მე-7 საყოველთაო არჩევნები ტარდება და შეიძლება ითქვას, მანამდე არც ერთ არჩევნებს არ მიუპყრია საქართველოს მესამე სექტორის დონორ ორგანიზაციათა ისეთი ყურადღება, როგორსაც 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები იპყრობს. დონორები მიმდინარე წელს უპრეცედენტო ერთობლივ პროგრამებს ახორციელებენ. ერთი ასეთი პროგრამაა რეგიონული რადიო- და ტელეკომპანიების ხელშეწყობა წინასაარჩევნო პროცესის სამართლიანად და მიუკერძოებლად გაშუქებისათვის. საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭო, ევრაზიის ფონდი, ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" - ამ ორგანიზაციებს ბევრი აქვთ გაკეთებული საქართველოში მასმედიის განვითარებისათვის. არჩევნების წინ მათ ძალისხმევა გააერთიანეს. დავით პაიჭაძე შეეცადა, გაერკვია - რატომ და ასეთი პასუხი მიიღო...

[კახა ლომაიას ხმა] "ძირიტადი მოტივი, ალბათ, ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: მედიას ფულს აძლევენ იმიტომ, რომ ის არ იყოს დამოუკიდებელი. ჩვენ მედიას ფულს ვაძლევთ იმისთვის, რომ ის იყოს დამოუკიდებელი. ეს არის მთავარი. ამ შემთხვევაში ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ რეგიონუილმა ტელე- და რადიოკომპანიებმა გამართონ დებატები პირდაპირ ეთერში არჩევნებში მონაწილე სუბიექტებთან, მიაწოდონ ამოპმწურავი და მიუკერძოებელი ინფორმაცია ამომრჩეველს, რათა მას გაუადვილდეს არჩევანის გაკეთება და ა.შ., მაგრამ მთავარი მამოძრავებელი მოტივი ჩვენთვის არის ის, რომ შევამციროთ მათი დამოკიდებულების ხარისხი ამ თუ იმ პოლიტიკურ ან ოლიგარქიულ ძალაზე - თუნდაც დროებით, ისეთ კრიტიკულ პერიოდში, როგორიცაა არჩევნები".

დავით პაიჭაძე:
ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, კახა ლომაია იმასაც ამბობს, რომ რეგიონული მედიისათვის დონორების მიერ შეთავაზებული თანხას შეიძლება გაცილებით სჭარბობდეს ფული, რომელსაც რომელიმე პოლიტიკური ძალა ან ფიგურა გადაიხდის მისდამი ლოიალობის სანაცვლოდ. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ რეგიონულ ელექტრონულ მედიას, თბილისურთან შედარებით, მოკრძალებული მოთხოვნები აქვს და დონორთა გრანტები მისთვის მნიშვნელოვანი სტიმულია.

საქართველოში ევრაზიის ფონდის წარმომადგენლობის დირექტორი, ქეთი ხუციშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მიანიშნებს, რომ რეგიონებში საინფორმაციო ველის დიდი ნაწილი ხელისუფლებას უკავია, რაც სახიფათო რყევების საფრთხეს შეიცავს. პარადოქსია: რეგიონულ დონეზე ინფორმაციის გავრცელებაში გარკვეული დისბალანსის შეტანა სწორედ რომ ბალანსის, თანასწორობის მომასწავებელი შეიძლება იყოს.

[ქეთი ხუციშვილის ხმა] "საერთოდ, საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან დაინტერესებულია დღევანდელი პროცესებით საქართველოშ. ეს ინტერესი ყოველთვის ჰქონდათ, მაგრამ დღეს გრძნობენ ამ პროცესების სიმწვავეს და საშშროებას, რომ ისინი შეიძლება წარიმართოს ან ძალიან არასამართლიანად, ხელისუფლების გარკვეული ზეწოლის პირობებში, ან შედეგად მივიღოთ ქაოსი, თუ არც ერთი მონაწილ საბოლოოდ არ აღიარებს არჩევნების რეზულტატს. ამიტომაც საერთაშორისო თანამეგობრობა სრულიად სხვადასხვა მიმართულებიდან ცდილობს, ზეგავლენა მოახდინოს ამ პროცესებზე. როცა ვამბობთ, რომ პოლიტიკურ ძალებს თანაბარი წარმომადგენლობა უნდა მიეცეთ დებატებში, ეს უკვე გარკვეული დისბალანსის შეტანაა, იმიტომ, რომ დღეს ხელისუფლებას მეტი შესაძლებლობა აქვს, როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ მედიაში, თავისი არსებობა გაცილებით მძლავრად გამოაჩინოს".

ქეთი ხუციშვილი შენიშნავს, რომ ბოლო დროს ხშირად გაისმის ბრალდება, რომ სხვადასხვა უცხოური ორგანიზაცია საქართველოს საქმეებში ერევა. ევრაზიის ფონდის დირექტორი ნაგულისხმევ ორგანიზაციათა დამოკიდებულებას ჩარევად არ მიჩნევს და ამბობს, რომ ისინი, უბრალოდ ხედავენ: საქართველოს ხელისუფლების მრავალი ნაბიჯი მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის, სიტყვის თავისუფლების, არასამთავრობო სექტორის განვითარების წინააღმდეგ. ეს სრულიად გააზრებული პოლიტიკაა. ამიტომაც

[ქეთი ხუციშვილის ხმა] "ისე ჩანს, თითქოს ჩვენ, არასამტავრობო ორგანიზაციები გარკვეულ რიგებში ჩავდექით. ეს ასე არ არის, ჩვენ არ ვართ დაკავშირებული რომელიმე ოპოზიციურ ძალასთან, მაგრამ სამოქალაქო, თავისუფალი საზოგადოების გაცილებით მეტ მსახურებას ვხედავთ ოპოზიციურ პარტიებში, ვიდრე ხელისუფლებაში, რომელიც ამას ძალიან აშკარად ებრძვის".

ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, კახა ლომაია ამბობს, რომ რეგიონული მედიის დახმარებით და ამ დახმარების მიღმა დონორები ცდილობენ ადამიანებში აღძრან სამოქალაქო აქტივობის სურვილი. ყველა საზოგადოებაში აქტიურ მოქალაქეთა წილი, მაქსიმუმ, 10%-ა. ამ ათი პროცენტის მონახვა და გამოწვევა, კახა ლომაიას თქმით, საქართველოს რეგიონებში უფროა შესაძლებელი, რისთვისაც მუშაობენ კიდეც დონორი ორგანიზაციები.

[კახა ლომაიას ხმა] "პირველ რიგში, ეს არის ამომრჩეველთა მობილიზაცია, მათთვის რწმენის გაღვივება, რომ მათ თუ მოინდომეს - ცვლილებები შესაძლებელია. მათ თუ არ მოინდომეს, გარანტირებულია, რომ ცვლილებები არ იქნება. ჩვენ ვამბობთ: იყავით აქტიური, როგორც მოქალაქეები, სცადეთ, შეცვალოთ თქვენი მომავალი, იყავით მზად საიმისოდ, რომ დაიცვათ თქვენი არჩევანი".
[მუსიკა]

აფხაზეთის საკითხი არჩევნების კონტექსტში.

წამყვანი:
საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ყოველთვის საგანგებო მნიშვნელობას იძენს აფხაზეთის თემა. თანაც, ქვეყნის გამთლიანების პრობლემა ზუსტად ეწერება არჩევნების საერთო დრამატურგიულ კონტექსტში. არჩევნების შემდეგ კი ბევრი საკითხი სამუდამოდ დავიწყებას ეძლევა. ია ანთაძე გესაუბრებათ აფხაზეთის პრობლემაზე 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.

ია ანთაძე:
გასულ საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეთა კავშირსა და აღორძინების კავშირს შორის დაპირისპირების მთავარ თემად ქვეყნის საგარეო ორიენტაცია ჩამოყალიბდა. ხელისუფლებამ ბათუმური ბლოკი პრორუსულ და "შავ" ძალად მონათლა. აღორძინების კავშირს არ უცდია ამ თვალსაზრისის გაბათილება, მაგრამ, სამაგიეროდ, შეეცადა, პრორუსული იმიჯით ესარგებლა და აფხაზეთის საკითხის მოგვარების ილუზია შეექმნა. საბოლოოდ, ხელისუფლების მთავარ უპირატესობად დასავლური კურსი გამოცხადდა, აღორძინების კავშირის მთავარ "კოზირად" კი აფხაზეთის თემა იქცა.

აღორძინების ლიდერები აცხადებდნენ, რომ აფხაზეთში ომი ხელისუფლებამ წამოიწყო და მან ამისთვის პასუხი უნდა აგოს. "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნდა ინტერვიუ თენგიზ სიგუასთან, რომელიც სახელმწიფო საბჭოს სხდომის სტენოგრამაზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ ომი შევარდნაძის უშუალო მითითებით დაიწყო. ეს მტკიცება აბათილებდა თავად პრეზიდენტის განმარტებას, რომ მან, თითქოს, არაფერი იცოდა ჯარების გადაადგილების შესახებ.

არჩევნების წინა პერიოდში აფხაზეთთან დაკავშირებით რამდენიმე სავარაუდო სცენარიც გამოქვეყნდა. დღეს ეს გეგმები მეტისმეტად გულუბრყვილოდ გამოიყურება. თუმცა, მხოლოდ დღეს. მაშინ კი მათზე სრულიად სეროზულად მსჯელობდნენ.

მაგალითად, გაზეთი "შვიდი დღე" წერდა (ციტატა): "რუსეთის გეგმის მიხედვით, არძინბა და ჩიბიროვი არჩევნებამდე მასმედიით განაცხადებენ, რომ მხარს დაუჭერენ საქართველოს იურისდიქციაში დარჩენას, თუ ხელისუფლების სათავეში ასლან აბაშიძე მოვა. რუსული გეგმა საქართველოს კონფედერაციულ მოწყობას ითვალისწინებს".

"რეზონანსის" ინფორმაციით, ასლან აბაშიძეს და ვლადისლავ არძინბას ხელი უნდა მოეწერათ დოკუმენტისთვის, რომელშიც მხარეები ერთმანეთს ნდობას გამოუცხადებდნენ. შეთანხმებას, პირველ რიგში, დევნილთა დაბრუნების საკითხი უნდა გადაეჭრა.

იმ პერიოდში მეტად გავრცელებული იყო კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვითაც, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებაში საგანგებო როლი აკაკი ასათიანს უნდა შეესრულებინა. თავად ასათიანი აცხადებდა, რომ გადაწყვეტილი იყო მოლაპარაკებების გამართვა მისი და აფხაზური მხარის მონაწილეობით. შეხვედრის ადგილად სახელდებოდა სოხუმი ან ბაქო, სადაც, დიალოგის გარდა, ხელი უნდა მოეწერათ დოკუმენტზე მხარეთა დაახლოების შესახებ. ამ ვერსიას ორი გაგრძელება გამოუჩნდა. პირველი გაზეთ "დრონში" გამოქვეყნდა და მკითხველს აუწყებდა, რომ არძინბა ასათიანს შეხვდებოდა მხოლოდ ბაქოში და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს ხელისუფლება, თავის მხრივ, უზრუნველყოფდა ოფიციალურ შეხვედრას არძინბასა და ჰეიდარ ალიევს შორის. "ახალ თაობაში" კი გამოქვეყნდა მასალა, რომლის ავტორმა, აფხაზეთიდან დევნილთა კავშირის თავმჯდომარემ, მურმან ბერაიამ მკითხველს შეახსენა (ციტატა): "არძინბა ხელისუფლებაში ასათიანმა და მისმა ხალხმა მოიყვანა. თუ ვილაპარაკებთ იმაზე, რომ არძინბას ჯგუფს გარკვეული ნდობა აქვს ასათინის მიმართ, ესეც ბუნებრივია. არძინბა ასათიანის მიერ დაწინაურებული ადამიანია და, შეიძლება, ახლა სამაგიერო გადაუხადოს" (ციტატის დასასრული).

დღეს, ალბათ, აღარავის სჯერა, რომ აფხაზეთის პრობლემას აკაკი ასათიანი ან ასლან აბაშიძე მოაგვარებენ. რომანტიზმის ხანა დასრულდა. მაგრამ გასული არჩევნების წინ ბევრი ფიქრობდა, რომ აჭარის და აფხაზეთის ლიდერების პირადი ურთიერთობა საკმარისი აღმოჩნდებოდა დევნილთა დასაბრუნებლად. ადამიანები ხავსს ეჭიდებოდნენ იმის მიუხედავად, რომ იმავე პერიოდში სააგენტო "კავკაზ-პრესს" ანრი ჯერგენიამ ერთმნიშვნელოვნად განუმარტა (ციტატა): "ოფიციალური სტატუსიდან გამომდინარე, აჭარის ლიდერს ქართულ-აფხაზური პრობლემის მოწესრიგება არ შეუძლია".

ეს ყველაფერი 1999 წელს მოხდა. მაშინ აფხაზეთის თემა პოლიტიკურ კონტექსტს ძალიან კარგად მოარგეს. წელს ჯერ ბოლომდე არ გამოკვეთილა, გასცდება თუ არა ქვეყნის უმთავრესი პრობლემა "უცნობის" ახალი "კლიპისა" და სატელევიზიო რეკლამის ფარგლებს. არ არის გამორიცხული, ლიდერებმა აფხაზეთის საკითხის არსებითი განხილვა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გადადონ. მათ, დევნილებისგან განსხვავებით, არსად ეჩქარებათ.

ია ანთაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.
[მუსიკა]

პაბლო ნერუდას გარდაცვალების 30-ე წლისთავი

წამყვანი:
პაბლო ნერუდას პოეზია ანდების მთებივითაა: მასში მაღალი მწვერვალები და ღრმა უფსკრულებიაო, წერს დიდი ჩილელი პოეტის მეგობარი და ბიოგრაფი ვოლოდია ტაიტელბოიმი. ჩილეს ყველაზე ცნობილი პოეტი და ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი პაბლო ნერუდა 1973 წლის 23 სექტემბერს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა კიბოთი. მაგრამ, როგორც ჩანს, მისი სიკვდილის მიზეზი მხოლოდ მძიმე სენი არ ყოფილა. როგორც ნერუდასთან დაახლოებული პირები იხსენებენ, მას ნერუდას მეგობრის, არჩეული სოციალისტი პრეზიდენტი სალვადორ ალიენდეს წინააღმდეგ აუგუსტო პინოჩეტის პუტჩმაც მოუღო ბოლო. პაბლო ნერუდას ბიძინა რამიშვილი გაიხსენებს.

ბიძინა რამიშვილი:
ალიენდემ 11 სექტემბერს, ალყაშემორტყმულ საპრეზიდენტო სასახლეში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მაგრამ ნერუდამ მასზე მხოლოდ 12 დღით მეტი იცოცხლა. "სანტიაგოს მოვლენებმა მისი ავადმყოფობა დააჩქარა. მისთვის ეს ქარიშხალივით იყო: არა მარტო მკვლელობები და ადამიანის უფლებების დარღვევა, არამედ მისი სახლის დარბევა და მისი წიგნების დაწვა," იხსენებს ალიენდეს ქალიშვილი, სენატორი იზაბელ ალიენდე. იგი მამამისისა და ნერუდას ურთიერთობას "იუმორის კონკურენციას უწოდებს."

გერმანიაში ჩილეს ყოფილი ელჩი, ჩილეს ყველაზე ცნობილი თანამედროვე ავტორი, ანტონიო სკარმეტა დღესაც ღიმილით იხსენებს ნერუდას იუმორსა და ირონიას. "კულტურასა და პოლიტიკაზე არასოდეს გვისაუბრია. მუდამ ქალებზე ვლაპარაკობდით, ვხუმრობდით, დავცინოდით საშუალო გაქანების როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე პოლიტიკოსებსო." მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა სკარმეტა ამაოდ ცდილობდა თავისი უფროსი კოლეგისთვის უფრო მეტი გამოეტყუა სიყვარულისა და ეროტიკის შესახებ. "ამაზე ისე ბრწყინვალედ შეეძლო წერა, რომ აუცილებლად უფრო მეტი უნდა სცოდნოდაო."

ნერუდა 1904 წლის 12 ივლისს დაიბადა ჩილეს სამხრეთში. მისი ნამდვილი სახელი და გვარი იყო ნეფტალი რიკარდო რეიეს ბასუალტო. მაგრამ სამწერლო ფსევდონიმად აირჩია დღესდღეობით თითქმის მთლად მივიწყებული, მე-19 საუკუნეში მცხოვრები ჩეხი ავტორის, ჩეხური რეალისტური ლიტერატურული სკოლის დამფუძნებლის, იან ნერუდას გვარი. ბავშვობაშივე გრძნობდა თავის პოეტურ მოწოდებას. სახელი მთლად ახალგაზრდამ მოიხვეჭა.

სტუდენტობის შემდეგ 1927 წელს დიპლომატიურ სამსახურში ჩადგა და ესპანეთის სამოქალაქო ომის პერიოდში კონსული იყო მადრიდში. ომში იგი აქტიურად მონაწილეობდა წითლების მხარეზე და ფრანკოს ჯარების გამარჯვების მოახლოებასთან ერთად ჩილეს მიმართულებით ლტოლვილთა გემების გამგზავრებას უწყობდა ხელს. მისი მეგობრის, გარსია ლორკას დახვრეტას ღრმად შეუძრავს. ამ ტრამვას იგი სიცოცხლის ბოლომდე არ მიუტოვებია. როცა ალიენდეს წინააღმდეგ პუტჩის შემდეგ ცოლს დაუმშვიდებია, შენ ნობელის პრემიის ლაურეატი ხარ და სამხედროები არაფერს დაგიშავებენო, ნერუდას უპასუხია: "არა, ესენი არავის წინაშე იხევენ უკან, ისევე როგორც ფრანკოს ხალხს არ დაუხევია უკან ლორკას წინაშეო."
1945 წელს ლორკა ჩილეს კომუნისტურ პარტიაში შევიდა, მაგრამ მისი კომუნისტობა სამართლიანობის სურვილით უფრო იყო გამსჭვალული, ვიდრე იდეოლოგიით. ტეიტელბოიმის თქმით, როცა ნერუდა ღარიბ და მშიერ ბავშვებს ხედავდა, მაშინ ახსენდებოდა, რომ კომუნისტი იყო.

ნერუდას პოეზიის პიკასოს უწოდებდნენ იმის გამო, რომ იგი მუდამ ახალ ფორმებს, მუდამ ახალ გამომსახველობით საშუალებებს ეძებდა და არ ეშინოდა გარდაქმნათა ავანგარდში ყოფნა. ამავე დროს ნერუდას პოეზია ესაა მიჯნური მამაკაცის მიმართვა ქალისადმი. "როცა კაცს ქალთან ინტიმურად სურს საუბარი, ნერუდას სახით საუკეთესო მოკავშირეს ჰპოვებსო", წერს ტეიტელბოიმი.

[მუსიკა]
საინტერესო ამბების კალეიდისკოპი

წამყვანი:
ვოკალური ანსამბლი, რომლის შესახებაც დღეს მეათე სტუდიის ბოლო სიუჟეტში გიამბობთ, იუმორისტული ტექსტებით უფრო იყო დაინტერესებული. თუმცა ამაზე ცოტა ქვემოთ - ახლა კი ცოტა ხნით ისევ პოლიტიკოსებს დავუბრუნდებით საინტერესო ამბების კალეიდოსკოპში.
[მუსიკა]

შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედისა და ამჟამინდელი სენატორის, ჰილარი კლინტონის მემუარები, წლეულს გამოცემული "განცდილი ისტორია" დიდ ინტერესს იწვევს და უკვე მრავალ ენაზეა თარგმნილი, მათ შორის ჩინურ ენაზეც. ოღონდ ჩინეთში კლინტონის მემაურებმა ინტერესის გარდა კომუნისტი ლიდერების გულისწყრომაც დაიმსახურა: საქმე ის არის, რომ მემუარები შეიცავს კრიტიკულ პასაჟებს კომუნისტური რეჟიმის მისამართით, უწინარეს ყოვლისა დისიდენტ ჰარი ვუს წინააღმდეგ რეპრესიების გამო. მაგრამ პეკინში არ დაბნეულან - მათ ნაცად ხერხს მიმართეს და უბრალოდ, გადააკეთეს წიგნის ის ნაწილი (ჰილარი კლინტონის მემაურების შემთხვევაში ათი გვერდი), სადაც კომუნისტური რეჟიმისათვის არასასურველი ინფორმაცია იყო გამხელილი.
[მუსიკა]

კომუნისტების მხრივ ცენზურის საფრთხე იტალიაში ნამდვილად არ არსებობს, რითაც ძალიან ამაყობს პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი. ის ოთხშაბათს, ნიუ იორკში ყოფნისას ეწვია უოლ სტრიტის ბირჟას და დაასახელა რამდენიმე გარემოება, რომლებიც იტალიას ინვესტორთა ერთგვარ სამოთხედ აქცევს. პირველი კომუნისტების ფაქტორი გახლავთ. მათი რიცხვი იტალიაში, ბერლუსკონის ინფორმაციით, 16 პროცენტით არის შემცირებული. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია თავად ბერლუსკონი - ის, იტალიაში უმდიდრესი ადამიანი, რომლის ქონება თითქმის 5 მილიარდ ევროს აღწევს, იმდენად კმაყოფილია იტალიის საინვესტიციო პირობებით, რომ მთელი ფული სამშობლოში აქვს დაბანდებული. დაბოლოს, არსებობს ფაქტორი, რომელიც ბერლუსკონის ინვესტორების მიმზიდველ დანარჩენ გარემოებებზე არანაკლებ მიმზიდველად მიაჩნია - ეს უმაღლესი კლასის, "უმშვენიერესი მდივანი გოგონები" გახლავთ...

მუსიკის ისტორიაში ბიჭების პირველი ანსამბლი 75 წლისაა

[მუსიკა. Veronika, der Lenz ist da]

წამყვანი:
ვოკალური ანსამბლი, რომელსაც ახლა უსმენთ, თავის დროზე თითქმის ისევე პოპულარული იყო, როგორც მოგვიანებით - სახელგანთქმული "ბითლზი". "თავის დროზე" - ესე იგი მეორე მსოფლიო ომის წინა წლებში, როცა "კომედიან ჰარმონისტს" ევროპასა თუ ამერიკაში მილიონობით მსმენელი ჰყავდა. დღეს ამ ანსამბლის თაყვანისმცემელთა რიცხვი გაცილებით მოკრძალებულია, აი, მისი გახსენების საბაბი კი მაინც არსებობს: 28 სექტემბერს "კომედიან ჰარმონისტს" 75 წელი უსრულდება. მოუსმინეთ დავით კაკაბაძეს.

დავით კაკაბაძე:
პოპ-კულტურის მკვლევართა მტკიცებით, "კომედიან ჰარმონისტსი" ბიჭების პირველი ანსამბლია მუსიკის ისტორიაში, ანუ პირველი "Boygroup"-ია, როგორც ასეთ ჯგუფებს ინგლისურად უწოდებენ. გასული საუკუნის 30-იან წლებში ამ სექსტეტის კონცერტები, ფირფიტები თუ მისი მონაწილეობით გადაღებული კინოფილმები უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობდა როგორც ევროპაში, ისე ოკეანის გაღმა.

დიდების მწვერვალზე აღმასვლა დაიწყო 1928 წლის 28 სექტემბერს, როცა "კომედიან ჰარმონისტსმა" პირველი საჯარო გამოსვლა მოაწყო: ახლად დაარსებულმა ვოკალურმა ანსამბლმა კონცერტი გამართა ბერლინის "შაუშპილჰაუსში", რისთვისაც გასამრჯელოდ დღევანდელი გადასახედიდან სასაცილო თანხა - 120 მარკა მიიღო.

[მუსიკა. Mein kleiner grüner Kaktus]

პირველ კონცერტამდე ცხრა თვით ადრე 18 წლის ჰარი ფრომერმანმა გაზეთ "ბერლინერ ლოკალ-ანცაიგერში" ლაკონიური განცხადება გამოაქვეყნა: "ვეძებ მამაკაც მომღერლებს ვოკალური ანსამბლისთვის". განცხადებას ასზე მეტი მსურველი გამოეხმაურა, მაგრამ ანსამბლის წევრების შერჩევისას ფრომერმანმა იშვიათი სიმკაცრე გამოიჩინა და ერთის გარდა, ყველა უარით გაისტუმრა. ის ერთი რობერტ ბიბერტი აღმოჩნდა - უჩვეულო ბანის პატრონი, რომელიც მოგვიანებით "კომედიან ჰარმონისტსის" ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წევრადაც იქცა.

ფრომერმანის გაცნობიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ ბიბერტიმ თავის ახალ კოლეგას კიდევ ორი ამხანაგი მიუყვანა: ბულგარელი არი ლეშნიკოვი და პოლონელი რომან ციკოვსკი. ერთიცა და მეორეც ბიბერტისთან ერთად ბერლინის "შაუშპილჰაუსის" გუნდში მღეროდა; ერთმაც და მეორემაც სავსებით დააკმაყოფიდა ფრომერმანის მკაცრი მოთხოვნები. 1928 წლის მარტში ხსენებულ ოთხეულს ერიხ კოლინი შეუერთდა, ხოლო კიდევ ცოტა ხანში მათ ერვინ ბოოცი დაემატა და სექსტეტიც დაკომპლექტდა.

[მუსიკა. Ein Freund, ein guter Freund]

ვიდრე პირველ საჯარო გამოსვლას ეღირსებოდნენ, ახალგაზრდა მომღერლები ლამის დღედაღამ შრომობდნენ, ქუჩაში თუ იაფფასიან კლუბებში სიმღერასაც არ თაკილობდნენ და პარალელურად, რეპეტიციებზე, საკუთარ სტილს, საკუთარ სახეს ეძებდნენ. მალე თავდაუზოგავ შრომასა და შეუპოვრობას შედეგიც მოჰყვა: ანსამბლის შესრულებით რამდენიმე სიმღერა მოისმინა "ვარიეტეს მეფედ" წოდებულმა ერიკ შარელმა, რომელიც მოხიბლა ახალგაზრდა მომღერლების ორიგინალურმა მანერამ და დახვეწილმა ოსტატობამ. ამრიგად, დიდი სცენებისკენ გზა ხსნილი იყო.

"კომედიან ჰარმონისტსის" კონცერტები - კიოლნში, ჰამბურგში, ლაიფციგსა თუ ბერლინში - მუდამ ხალხით გადაჭედილ დარბაზებში იმართებოდა, მათი ფირფიტები გამოსვლისთანავე ბესტსელერებად იქცეოდა, მათს გამოსვლებს პირდაპირი ეთერით გადასცემდნენ ყველაზე მსხვილი რადიოსადგურები. 1930 წელს ანსამბლმა პირველი კონცერტი გამართა გერმანიის გარეთ - ამსტერდამში, რამაც მას კიდევ უფრო გაუფართოვა თაყვანისმცემელთა წრე.

[მუსიკა. Wenn ich vergnügt bin]

ნაციონალ-სოციალისტების მომძლავრებაში ანსამბლის წევრებმა თავიდან ვერავითარი ხიფათი ვერ იგრძნეს. ის კი არა, დიდად ისინი არც მაშინ შეშფოთებულან, როცა ადოლფ ჰიტლერმა და მისმა პარტიამ ქვეყნის მართვის სადავეები იგდეს ხელთ - "კომედიან ჰარმონისტსი" იმდენად პოპულარული იყო, ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ მათ ვინმე რამეს გაუბედავდა.

მაგრამ ვითარება სულ მალე შეიცვალა. ანსამბლის ექვსი წევრიდან სამი ებრაელი გახლდათ, რაც სავსებით საკმარისი გამოდგა საიმისოდ, რათა "კომედიან ჰარმონისტსის" შევიწროება, შემდეგ კი დევნა დაწყებულიყო. 1934 წლის მარტში პროპაგანდის მინისტრ იოზეფ გებელსის ბრძანებით აიკრძალა ებრაელთა საჯარო გამოსვლები, თუმცა ანსამბლმა ერთი კონცერტის გამართვა ამის შემდეგაც მოახერხა. მიუნხენში ჩატარებული ეს კონცერტი "კომედიან ჰარმონისტსის" ბოლო გამოსვლა იყო გერმანიაში.

გამოსავლად ზოგს შეერთებულ შტატებში გადაბარგება ეჩვენებოდა, მაგრამ ოკეანის გაღმა გამართული რამდენიმე წარმატებული კონცერტის შემდეგ ანსამბლი - ბევრისთვის გაუგებარი მიზეზებით - ისევ გერმანიაში დაბრუნდა. თანდათან უარესდებოდა ურთიერთობა ანსამბლის ებრაელ და არაებრაელ წევრებს შორის; ხოლო როცა 1935 წელს ბიბერტი, ბოოცი და ლეშნიკოვი ნაციონალ-სოციალისტური მთავრობის კულტურის მმართველ ორგანოში - რაიხსკულტურკამერში - შეიყვანეს, "კომედიან ჰარმონისტსის" არსებობას წერტილი დაესვა: ებრაელები ფრომერმანი, ციკოვსკი და კოლინი იძულებული შეიქნენ, ოჯახებიანად აყრილიყვნენ და გერმანია დაეტოვებინათ. ანსამბლის წევრთა უმრავლესობას მას შემდეგ აღარასოდეს უცდია ერთმანეთთან დაკავშირება.

[მუსიკა. Auf Wiedersehen mein Frჰulein, auf Wiedersehen mein Herr]

წამყვანი:
რადიოჟურნალი "მეათე სტუდია" დასასრულს მიუახლოვდა. ის პრაღაში მოამზადეს დავით კაკაბაძემ, ბიძინა რამიშვილმა და მარიამ ჭიაურელმა. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. პრაღაში გადაცემას მარიამ ჭიაურელი უძღვებოდა. მადლობას გიხდით ყურადღებისათვის და გემშვიდობებით. მღერის ანსამბლი "კომედიან ჰარმონისტს"...

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG