Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საიდუმლო აგენტის გამჟღავნებასთან დაკავშირებული სკანდალი შეერთებულ შტატებში


ანდრო ეული, პრაღა პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ყოველმხრივ ითანამშრომლებს იუსტიციის სამინისტროსთან,






რომელიც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო აგენტის ვინაობის გამჟღავნების ფაქტს იძიებს. ბუშმა თქვა, რომ არ იცის, არიან თუ არა მისი თანამშრომლები დამნაშავე საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებაში. სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე გაზეთმა თეთრი სახლის წყაროებზე დაყრდნობით ვალერი პლეიმი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტად მოიხსენია. პლეიმის მეუღლე, გადამდგარი დიპლომატი ჯოზეფ უილსონი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამით, სამაგიერო გადაუხადა მას იმისთვის, რომ უილსონმა ბუშის პოლიტიკა გააკრიტიკა ერაყთან მიმართებაში.


სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ვაშინგტონში, შეერთებული შტატების იუსტიციის მინისტრად პრეზიდენტ ბუშის მიერ დანიშნულმა ჯონ ეშკროფტმა განაცხადა, რომ დაწყებულია საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების ფაქტის გამოძიება [ჯონ ეშკროფტის ხმა]: "იუსტიციის სამინისტრომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსგან მიიღო თხოვნა, რომ გამოძიებულ იქნეს ფედერალური კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდა საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება. ამ საკითხის შესწავლის შემდეგ, იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის განყოფილება, გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან ერთად, ხსენებული ფაქტის გამოძიებას შეუდგა".

სკანდალი დაიწყო ივლისში, როცა გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" კორესპონდენტმა, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით, შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის, ჯოზეფ უილსონის ცოლი ვალერი პლეიმი, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტად მოიხსენია. მანამდე, ჯოზეფ უილსონმა საჯაროდ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბუშის მტკიცება, თითქოს ერაყი ურანის ყიდვას ცდილობდა აფრიკაში, ყალბია.

ამ ვერსიის შესამოწმებლად ჯოზეფ უილსონი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დავალებით ნიგერში ჩავიდა 2002 წელს, მაგრამ ვერ ნახა იმის დამადასტურებელი სამხილი, რომ ერაყი მართლაც ცდილობდა აფრიკის ამ სახელმწიფოში ურანის ყიდვას.

როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, ეს სკანდალური ისტორია შესაძლოა ერთობ საზიანო აღმოჩნდეს პოლიტიკურად პრეზიდენტ ბუშისთვის,
რომელიც კრიტიკის ქარცეცხლშია ისედაც მოქცეული იმის გამო, რომ ვაშინგტონს მძიმე ტვირთად დააწვა აღდგენითი პროცესი ერაყში, სადაც თითქმის ყოველდღე იღუპებიან ამერიკელი ჯარისკაცები, ხოლო მასობრივი განადგურების იარაღი დღემდე არაა მიკვლეული.

თეთრი სახლი კატეგორიულად უარყოფს ყოველგვარ თანამონაწილეობას საიდუმლო აგენტის ვინაობის გამჟღავნებაში. ხოლო პრეზიდენტმა ბუშმა, პრესკონფერენციაზე ჩიკაგოში განაცხადა [ჯორჯ ბუშის ხმა]: "მე ვუთხარი ჩვენს ადმინისიტრაციას, ჩვენი ადმინისტრაციის თანამშრომლებს, სავსებით ითანამშრომლონ გამოძიებასთან. მინდა ვიცოდე სიმართლე".

მაგრამ დემოკრატები კონგრესში აცხადებენ, რომ ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ იუსტიციის მინისტრი ჯონ ეშკროფტი მიუკერძოებელი იქნება ამ, პოლიტიკურად ესოდენ მნიშვნელოვანი საქმის გამოძიებისას. დემოკრატები მოითხოვენ, რომ ეს საქმე ორივე პარტიის ნდობით აღჭურვილმა დამოუკიდებელმა კომისიამ გამოიძიოს.

"ჩვენ არ ვენდობით ჯონ ეშკროფტს. მე პირადად, ყოფილ გენერალურ პროკურორს ჯანეტ რენოს ვენდობოდი. და ჩვენ ოდნავადაც კი არ გვეპარება ეჭვი იმაში, რომ ფედერალური კანონი იქნა დარღვეული. ამდენად, ვფიქრობ აუცილებელია საგანგებო კომისიის შექმნა", - უთხრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს დემოკრატების ლიდერმა სენატში ტომ დეშლმა.

თუმცა გადაწყვეტილების მიღება, თუ ვინ უნდა გამოიძიოს ეს სკანდალური ისტორია, იუსტიციის სამინისტროზეა დამოკიდებული. და რამდენიც არ უნდა იხმაურონ დემოკრატებმა, საეჭვოა საქმეში კონგრესი ჩაერიოს, ვინაიდან საკანონმდებლო ორგანოს, შეერთებულ შტატებში, რესპუბლიკელები აკონტროლებენ.
XS
SM
MD
LG