Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში საერთაშორისო ექსპერტები ფულის გათეთრების პრობლემებზე მსჯელობდნენ


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ევროსაბჭოს ინიციატივით თბილისი ამ დღეებში საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობდა, რომელიც "ფულის გათეთრების" წინააღმდეგ ბრძოლას მიეძღვნა. მიმდინარე წლის ივნისში

საქართველოს პარლამენტმა მიიღო შესაბამისი კანონი, რითაც ფაქტობრივად თავიდან აიცილა ევროსაბჭოს სპეციალური კომისიის "შავ სიაში" მოხვედრის პერსპექტივა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სპეციალური სამსახურის ჩამოყალიბება და კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო ნორმებთან. გესაუბრებით თბილისში გამართული ამ კონფერენციის შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულება შეასრულა და მოახერხა "უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ" კანონის მიღება, დონორმა ორგანიზაციებმა "ფულის გათეთრების" საწინააღმდეგო ღონისძიებებში ტექნიკური დახმარების პროგრამა დაიწყეს. მიმდინარე წლის აგვისტოში აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტმა ეროვნულ ბანკში პრეზენტაცია მოაწყო, რომელიც "ფულის გათეთრების" საწინააღმდეგო პრევენციულ ზომებს და საქართველოს როლს მიეძღვნა. 30 სექტემბრიდან 2 ოქტობრამდე კი ევროკომისიის ინიციატივით თბილისში, "შერატონ მეტეხი პალასში" საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომლის თემა "ფულის გათეთრების" წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება გახლდათ.

კონფერენცია ჩატარდა ევროკომისიისა და სამხრეთ კავკასიაში ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ერთობლივი პროგრამისა და ევროსაბჭოს "კანონის ნორმის განმტკიცების თანამშრომლობის პროგრამის" ეგიდით.
კონფერენციაში მონაწილეობდა ევროსაბჭოს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, მოლდოვას, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ცენტრალური ბანკების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და სხვა სახელმწიფო უწყებების ათ-ათი წარმომადგენელი.
საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელთა ინფორმაციით, კონფერენციაზე იმსჯელეს "ფულის გათეთრების" წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე, საფინანსო სექტორისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ურთიერთთანამშრომლობაზე.
"ფულის გათეთრების" წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, მთელ რიგ ქვეყნებს და მათ შორის საქართველოსაც საკანონმდებლო თვალსაზრისით ჯერ კიდევ არაერთი პრობლემა აქვთ, თუმცა ის, რომ საქართველომ შეძლო და მიიღო შესაბამისი კანონი, უკვე წინგადადგმული ნაბიჯია. ექსპერტების შეფასებით, ამჟამად საჭიროა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის კუთხით ამა თუ იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ქვეყნებმა უნდა დაიცვან ევროსაბჭოს "ფულის გათეთრების" წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტისა და ფინანსური ქმედების სპეციალური კომისიის (FATF-ის) მიერ მიღებული სტანდარტები და რეკომენდაციები.
კონფერენციაზე აღინიშნა, რომ საქართველოში ე.წ. "ფულის გათეთრების" აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის შემუშავება და მიღება ეხმაურება თანამედროვე მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს, რადგან საქართველო, მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლოა ერთ-ერთ "მიმზიდველ" ადგილად იქცეს ფულის "გამთეთრებლებისათვის".
2004 წლის 1 იანვრიდან საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკთან დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით ჩამოყალიბდა, უნდა დაიწყოს ინფორმაციების მოძიება-გაანალიზების პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ევროსაბჭოს "შავ სიას" და, შესაბამისად, ფინანსურ სანქციებს თავი დავაღწიეთ, დარჩენილია გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილება, კერძოდ, პარლამენტმა უახლოეს მომავალში ცვლილება უნდა შეიტანოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლში, რომელიც ქონების კონფისკაციის საკითხებს შეეხება.
XS
SM
MD
LG