Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2 ნოემბრის არჩევნები - კიდევ ერთი შანსი ქართული დემოკრატიისთვის


თამარ ჩიქოვანი, თბილისი სენატორ მაკკეინისგან განსხვავებით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაციამ საქართველოდან გამგზავრების წინ 2 ნოემბრის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, დელეგაციაში ისეთი გავლენიანი ადამიანები შედიოდნენ, როგორიც არიან აშშ-ის სამხედრო მეთაურთა გაერთიანებული შტაბის ყოფილი სარდალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის მოადგილე და ბრუკინგსის ინსტიტუტის პრეზიდენტი სტრობ ტალბოტი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი სემ გეჯდენსონი.

ამერიკელები 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებს ქართული დემოკრატიისთვის მიცემულ კიდევ ერთ შანსად აღიქვამენ. ამ შანსის გამოყენებისთვის, ამერიკელების აზრით, გარკვეული საფუძველი ხელისუფლებამ უკვე შექმნა - კერძოდ, შევიდა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში; პარლამენტი გამოვიდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების საკითხზე შექმნილი ჩიხიდან; შეიქმნა ამომრჩეველთა კომპიუტერული სია; პოლიტიკურ პარტიებს აქვთ მედიის გამოყენების შესაძლებლობა; კანონმდებლობა უზრუნველყოფს დამატებით გამჭვირვალეობას საუბნო შედეგების დაუყოვნებელი გამოქვეყნების ფორმით.
რაც შეეხება პრობლემებს - ოპოზიციური პარტიები შეშფოთებას გამოხატავენ საარჩევნო სიების გაბერვასთნ დაკავშირებით; დამკვირვებლებს პრობლემები ექმნებათ ზოგიერთ უბანზე. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საარჩევნო პროგრამების დირექტორის, პატრიკ მერლოუს განმარტებით, დელეგაციის შეშფოთება გამოიწვია გასული კვირის ბოლოს ხელისუფლების მიერ გაკეთებულმა განცხადებამ მანიფესტაციებისა და მიტინგების შესახებ კანონის მკაცრად ამოქმედების შესახებ:
[ პატრიკ მერლოუს ხმა] "დელეგაცია შეშფოთებულია ამ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებებით, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა უნდა გაგზავნონ შეტყობინება მიტინგების მოწყობის შესახებ. ამან შეიძლება რეალური საფრთხე შეუქმნას პოლიტიკური მოღვაწეობის უფლებას".
ჯონ მალხაზ შალიკაშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთი წესი უნდა დაიცვას. ამავე დროს, მისივე განცხადებით, ღია, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაზე სრული პასუხისმგებლობა ყველა დონის ხელისუფლებას ეკისრება.
როგორ მიაღწიონ ქართველებმა წარმატებას - სტროუბ ტალბოტის ფორმულა ასე ჟღერს:
[ სტროუბ ტალბოტის ხმა] "ქართველების წარმატება დამოკიდებული იქნება ისევ ქართველებზე. პირველ რიგში მათზე, ვინც გამოიყენებს საარჩევნო უფლებას და მონაწილეობას მიიღენს არჩევნებში. წარმატება დამოკიდებული იქნება იმ პარლამენტარებზე, ვისაც აირჩევთ. წარმატება დამოკიდებული იქნება მთავრობაზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს არჩევნების ღიად და დემოკრატიულად ჩატარება".
რაც შეეხება იმას, თუ რას მიაღწევს საქართველო დემოკრატიის კიდევ ერთი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, ჯონ შალიკაშვილის აზრით, ეს დასავლური სამყაროს ოჯახში თანასწორუფლებიან წევრად მიღება იქნება. ამისთვის ქართულმა დემოკრატიამ 2 ნოემბერს უნდა დაამტკიცოს, რომ ის წარმატებულია.
XS
SM
MD
LG