Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორიგი ინციდენტი საარჩევნო ფონზე


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდი ისე მიდის, რომ თითქმის ყოველდღე გვიხდება პოლიტიკურ ძალადობაზე ლაპარაკი. ინციდენტის გარეშე არც 14 სექტემბერს ჩაუვლია. ამჯერად შეხლა-შემოხლა

მოხდა მოძრაობა "კმარას" აქტივისტებსა და პარტია "აღორძინებას" შორის. ინციდენტის მონაწილენი ამბავს განსხვავებულად ჰყვებიან. წარმოგიდგენთ ორივე ვერსიას.

15 ოქტომბერს საქართველოს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს იწვევს იმ ტექსტის საზეიმო ხელმოწერაზე, რომელსაც "ათი ნაბიჯი თავისუფლებისაკენ" ეწოდება. 14 ოქტომბერს მოძრაობა "კმარას" აქტივისტები ავრცელებდნენ ბუკლეტს, რომელიც ამ "ათ ნაბიჯსაც" შეიცავდა. თუმცა პარტია "აღორძინების" თბილისის ორგანიზაციის ლიდერის ცოტნე ბაკურიას თქმით, ბუკლეტში სხვა შინაარსის მასალაც იყო.

[ბაკურიას ხმა] "ერთი გვერდი თავიდან ბოლომდე ეთმობოდა საქართველოში ჰომოსექსუალური აღზრდის, სწავლების პრეცედენტებს და ქება-დიდებას ასხამდა ჰომოსექსუალიზმის იდეალებს ქვეყანაში. ერთი თავი ეხებოდა ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში ჰომოსექსუალური ჯვრისწერების დაშვების ფენომენს."

ცოტნე ბაკურია ჰყვება, რომ "კმარას" აქტივისტებმა ერთი ბუკლეტი გადასცეს ცოლ-შვილთან ერთად მიმავალ მამაკაცს, რომელიც ტექსტის შინაარსმა შეურაცხყო და კმარელებზე გაიწია. მას გამვლელებიც წაეშველნენ. შეიქნა შეხლა-შემოხლა და, რამდენადაც ეს ხდებოდა "აღორძინების" თბილისის ორგანიზაციის წინ, პარტიის წევრები გარეთ გამოვიდნენ და მოჩხუბრები გააშველეს.

[ბაკურიას ხმა] "რომ არ ყოფილიყვნენ ჩვენი პარტიის წევრები, იქ უარესი მოხდებოდა: თბილისელი მოქალაქეები გაცილებით მძიმე ფიზიკურ შეურაცხყოფას მიაყენებდნენ კმარელებს."

სხვა ისტორიას ჰყვება ინციდენტის მონაწილე და, შედეგად, დაზარალებული გია ონიანი: ბუკლეტების დარიგება მან ორ თანამოაზრესთან ერთად რუსთაველის მოედნიდან დაიწყო. "აღორძინების" ოფისს რომ გასცდნენ, ერთ-ერთს ხელი ჩაავლეს და იმ შენობის სადარბაზოში შესვლა აიძულეს, რომელშიც "აღორძინების" ოფისია განთავსებული. გია ონიანიც სადარბაზოში შევიდა, სადაც, მისი მტკიცებით, ოფისიდან გამოსულმა "აღორძინების" წევრებმა ბუკლეტები წაართვეს.

[ონიანის ხმა] "სადარბაზოდან რომ გამოვედით, გარეთ დაგვხვდა ანზორ აბრალავა. მისი პირველი კითხვა იყო: რამდენს გიხდით ჟვანია-სააკაშვილი? მე განვუცხადე: თქვენ, ბატონო, ეს ხელისუფლება და ჟვანია-სააკაშვილი ერთად უნდა წახვიდეთ, რათა ქვეყანას რამე ეშველოს-მეთქი. შემდეგ "აღორძინების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ხელები თვალთან მომიტანა და, როცა გავაწევინე, "აღორძინების" წევრებმა დამარტყეს. ანზორ აბრალავას არავისთვის მოუწოდებია, ძალადობა შეწყვიტეთო. ერთმა რომ დამარტყა, რამდენიმე კაცმაც დაიწყო ფიზიკური ძალადობა ჩემზე და მე გავიქეცი."

ერთი ამბის ორი ასეთი განსხავებული ვერსიის მოსმენა ეგებ აკუტაგავას "რასემონის ჭიშკარის" ასოციაციასაც იწვევდეს, რომ არა ერთი გარემოება: მე ვნახე ბუკლეტები, რომელსაც "კმარას" წევრები არიგებდნენ. იქ საერთოდ არ არის ნახსენები არც მართლმადიდებელი ეკლესია, არც აღზრდა, არც ჯვრისწერა და არც, მით უმეტეს, ჰომოსექსუალიზმი. ეს არის კრიტიკული პათოსით აღბეჭდილი ტექსტი, რომლის ავტორებსაც მიაჩნიათ, რომ მთლიანად საზოგადოებაში არსებულ განწყობას გამოხატავენ.
XS
SM
MD
LG