Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამომრჩეველთა სიების საბოლოო ვარიანტის გამოქვეყნების ვადამ 26 ოქტომბრამდე გადაიწია


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 19 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ამომრჩეველთა სიების საბოლოო ვარიანტი, 22 ოქტომბრის ნაცვლად,

26 ოქტომბერს გამოქვეყნდება. 20 ოქტომბერს ნანა დევდარიანი, ამომრჩეველთა ელექტრონული სიების ჩასწორების პროცესის გაცნობის მიზნით, კომპიუტერულ ცენტრს ეწვია. არასამთავრობო ორგანიზაცია "IPS" - ი, რომელიც ამომრჩეველთა ელექტრონულ ვერსიას ამზადებს, იმის გარანტიას ვერ იძლევა, რომ დათქმული დროისთვის სიებში არსებული ყველა ხარვეზი გამოსწორდება.


2 ნოემბრის არჩევნების წინ ყველაზე "ცხელ" თემად ისევ და ისევ ამომრჩევლის სიებთან დაკავშირებული პერიპეტიები რჩება. თუ პარტიათა წარმომადგენლები სიების გაბერვასთან დაკავშირებით აკეთებენ განცხადებებს, ამომრჩევლის დიდი ნაწილი საკუთარ თავს სიაში ვერ პოულობს. ბოლო ინფორმაციით, მხოლოდ გლდანი-ნაძალადევის რაიონის ამომრჩეველთა სიას 40 ათასი გამორჩენილი ამომრჩეველი დაემატა.
[ ედუარდ შევარდნაძის ხმა] " რატომ მოხდა, რომ არსებობს სერიოზული განსხვავება ამომრჩეველთა ორ სიას შორის? - ვგულისხმობ იმ სიას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციათა მონაწილეობით შეადგინა, და სიას, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ძველმა შემადგენლობამ გამოაქვეყნა. "
პრეზიდენტის ეს კითხვა ჯერჯერობით უპასუხოდაა დარჩენილი, თუმცა იგი დავალებას აძლევს სამართალდამცავ ორგანოებს, აუცილებლად გამოიკვლიონ, ვისი ხელშეწყობითა და რა მიზნით მოხდა სრული გაუგებრობა საარჩევნო სიების შედგენისას. ამ ეტაპზე კი, არჩევნებამდე, პრეზიდენტი ამომრჩეველს ურჩევს:
[ ედუარდ შევარდნაძის ხმა] " ერთადერთი გამოსავალი ამ სიყალბის წინააღმდეგ ის არის, რომ თავად ამომრჩეველმა შეამოწმოს სია და თავად დაიცვას თავისი საარჩევნო უფლება."
პრეზიდენტის რჩევა გასათვალისწინებელია. მეც გადავწყვიტე, ჩემს საარჩევნო უბანში დამედგინა, რამდენად დაცულია ჩემი უფლება, მონაწილეობა მიმეღო არჩევნებში, მით უფრო, რომ არც ამომრჩევლის ელექტრონულ ვარიანტში და არც სატელეფონო სამსახურის "09" ინფორმაციით, სიაში ჩემი მონაცემები არ ფიგურირებდა.
მთწმინდის რაიონის მე-13 საარჩევნო უბანში გამოკრულ სიაში ჩემი მონაცემებიც ვიპოვე და ჩემი შვილისაც, რომელიც წელს პირველად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. საარჩევნო უბნის კომისიის თვმჯდომარის ია ჩხაიძის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა მის პარქტიკაში, როცა ელექტრონულ ვერსიაში გამორჩენილი ამომრჩეველი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოგზავნილ სიაში ფიგურირებს. მისივე შენიშვნით, ამომრჩევლები, მთლიანობაში, ძალიან აქტიურობენ სიებთან დაკავშირებით:
[ ია ჩხაიძის ხმა] " ძალიან აქტიურია ამომრჩეველი. მოდიან ადამიანები, რომლებიც ჩვენ დამატებით სიაში შევიყვანეთ 6 დღის წინ, და კითხულობენ, არიან თუ არა სიაში."
ია ჩხაიძის ცნობით, ამომრჩეველთა სიების გადამოწმების მთელი სიმძიმე საარჩევნო უბნის კომისიის წევრებს დააწვათ მხრებზე: მათ ფეხით მოიარეს მთელი უბანი და დაახლოებით 9 ათასი "მკვდარი სული" აღმოაჩინეს:
[ ია ჩხაიძის ხმა] " როგორც მე ვფლობ ინფორმაციას, პოლიციამ გადასცა დაახლოებით 36 ათასი ამომრჩევლის სია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადმოცემულ სიაში კი 20 ათასით მეტი ადამიანი აღმოჩნდა. ამ 20 ათასიდან 9 ათასი მარტო ჩვენს უბანზე იყო. ამდენად, რაღაც უზუსტობაა. ვერ გეტყვით - როგორ და რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ სიაში აღმოჩნდა ზედმეტი ამომრჩეველი შეყვანილი."
მთელი ამ ისტორიიდან ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: თუ მართლაც აპირებთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, დროს ნუ დაკარგავთ და მიაკითხეთ საკუთარ საარჩევნო უბანს. თუ მაინც გამორჩენილი ხართ სიიდან - რამდენიმე დღე კიდევ გრჩებათ ამ ხარვეზის გამოსასწორებლად. შეგახსენებთ: 2 ნოემბრის არჩევნებზე დამატებითი სიები არ იარსებებს.
XS
SM
MD
LG