Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია პროტესტს ქუჩაში გამოთქვამს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 4 ნოემბერს, საღამოს, ოპოზიციური პოლიტიკური ძალები - "ნაციონალური მოძრაობა", ბლოკი "ბურჯანაძე-დემოკრატები" და "ჯუმბერ პატიაშვილი-ერთობა" 2 ნოემბრის არჩევნების შედეგთან

დაკავშირებით თავიანთ პროტესტს თბილისის ცენტრში, მერიის შენობასთან, გამოხატავდნენ. ეს პოლიტიკური პარტიები ხელისუფლებას არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ. აი, როგორ ვითარდებოდა მოვლენები 4 ნოემბერს.

4 ნოემბრის საღამოს განვითარებულმა მოვლენებმა, გარკვეულწილად, დაჩრდილა ბოლო ორი დღის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც საარჩევნო ოლქებიდან არჩევნების შედეგების მიღებას უკავშირდება. თუმცა ის, რაც 4 ნოემბრის საღამოს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ხდებოდა, სწორედ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს უკავშირდება.
ოპოზიციის ერთი ნაწილი - კერძოდ, "ნაციონალური მოძრაობა", ბლოკი "ბურჯანაძე-დემოკრატები" და ბლოკი "ჯუმბერ პატიაშვილი - ერთობა" - ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ პერიოდისთვის გამოქვეყნებულ პირველად შედეგებს აპროტესტებენ. აქვე შეგახსენებთ: ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში ჯერჯერობით ლიდერობს სახელისუფლებო ბლოკი " ერთიანი საქართველოსთვის", რომელსაც, ამჟამინდელი მონაცემებით, ფეხდაფეხ მიჰყვება ბლოკი "მიხეილ სააკაშვილი-ნაციონალური მოძრაობა". მოკრძალებული შედეგი აქვს ბლოკს "ბურჯანაძე-დემოკრატები". ჯერჯერობით დათვლილი ხმებით, ამ ბლოკს 7 პროცენტზე ოდნავ მეტი ხმა აქვს მიღებული. რაც შეეხება ბლოკს " ჯუმბერ პატიაშვილი - ერთობა" - შეიძლება ითქვას, რომ ამ პოლიტიკურ გაერთიანებას 7 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის არანაირი შანსი არა აქვს.
უნდა ითქვას, რომ ჯუმბერ პატიაშვილი პირველი გახლდათ, ვინც პროტესტი გამოთქვა არჩევნების წინასწარ შედეგებთან დაკავშირებით. ბლოკი "ბურჯანაძე-დემოკრატები" პროტესტს ხმამაღლა 4 ნოემბრის დილიდან გამოთქვამდნენ, როცა, მათი განმარტებით, ისინი ხელისუფლების პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლის როლში აღმოჩნდნენ.
4 ნოემბრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტად უნდა ჩაითვალოს ამ პოლიტიკურ ძალთა მიერ წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის შექმნა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციის მომხრეებს თბილისის მერიის წინ მოწყობილ მიტინგზე შეატყობინა. თავდაპირველად წინააღმდეგობის ფრონტის ლიდერები ხელისუფლებას ხმების ნორმალურად დათვლისთვის ვადას 5 ნოემბრის დილამდე აძლევდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი არ გამორიცხავდნენ 5 ნოემბრის დილიდან მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებას უკვე პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით. ოდნავ მოგვიანებით გეგმამ გარკვეული ცვლილება განიცადა: წინააღმდეგობის ფრონტის ლიდერები საკუთარი მოქმედებების შესახებ საზოგადოებას 5 ნოემბერს 12 საათზე დიდ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილ საინფორმაციო შეხვედრაზე ამცნობენ.
მიტინგი თბილისის მერიის წინ მშვიდობიანად დაიშალა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ 4 ნოემბრის საღამოდან თბილისის ცენტრში შინაგანი ჯარის ნაწილების სიმრავლე შეინიშნებოდა.
და კიდევ ერთი: 4 ნოემბრის მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ოპოზიციის შიგნით არსებული დაპირისპირება. საპროტესტო აქციაში არ მონაწილეობდნენ ახალი მემარჯვენეები, მრეწველები, ლეიბორისტები, რომლებიც ჯერჯერობით არჩევნების საბოლოო შედეგებს ელიან. მემარჯვენეების ლიდერის დავით გამყრელიძის განცხადებით, პარტია ყველა არსებული საშუალებით შეეცდება ამომრჩევლის ხმების დაცვას, ოღონდ მხოლოდ საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ.
XS
SM
MD
LG