Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტმა შეარბილა ტონი კომპანია ''იუკოსის'' მიმართ


ანდრო ეული, პრაღა ოთხშაბათს რომში, სადაც ევროკავშირ-რუსეთის სამიტი გაიხსნა,







რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რამდენადმე თავშეკავებული განცხადება გააკეთა ნავთოკომპანია "იუკოსის" სკანდალთან დაკავშირებით. პუტინმა კრიტიკა გამოთქვა რუსეთის ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მისამართით იმის გამო, რომ ამ უწყების მესვეურნი ლიცენზიების გაუქმებით დაემუქრნენ "იუკოსის" გამგეობაში შემავალ ორ ნავთობკომპანიას. შეგახსენებთ, რომ "იუკოსის" დამაარსებელი და ამჯერად უკვე გადამდგარი პრეზიდენტი მიხაილ ხოდორკოვსკი ოქტომბრის დამლევს დააპატიმრეს ბეგარის გადაუხდელობისა და სახსრების მითვისების ბრალდებით, თუმცა მრავალ მიმომხილველს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ხოდორკოვსკის დაპატიმრებას პოლიტიკური სარჩული უდევს.

კორესპონდენტის შეკითხვაზე, რამდენად ამართლებს იგი "იუკოსის" წინააღმდეგ გადადგმულ სხვა ნაბიჯებს, სახელდობრ ნავთობკომპანიის აქციების თითქმის ნახევარზე ყადაღის დადებას, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "პროკურატურა და სასამართლოები ის დაწესებულებები როდია, სადაც ჯილდოებს, მედლებსა თუ პრემიებს არიგებენ. ეს ის დაწესებულებებია, სადაც თქვენ ჯილდოს მფლობელად გთვლიან და ამჯერად უნდა შემოწმდეს, რამდენად კანონიერი იყო თქვენი დაჯილდოებაო" - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა დასძინა ამასთანავე, რომ კანონის უზენაესობა უნდა შეეხოს "იუკოსსაც", თუმცა ხოდორკოვსკისა და სხვა ხელმძღვანელი პირების დაპატიმრების მიუხედავად, კომპანია უფლებამოსილია გააგრძელოს თავისი საქმიანობა [ვლადიმირ პუტინის ხმა]: "სახელმწიფოს აქვს ერთი მიზანი - წესრიგის აღდგენა. მან უნდა აიძულოს იურიდიული და ფიზიკური პირები - არსებული კანონმდებლობის ჩარჩოებში იმოქმედონ. რაც შეეხება კომპანიებს სახელმწიფომ, ჩემის აზრით, არ უნდა შეაჩეროს მათი საქმიანობა, ვინაიდან ეკონომიკური შედეგები ერთობ უარყოფითი იქნება, და არც იურიდიული მოსაზრებით უნდა იყოს სახელმწიფოს ასეთი ნაბიჯი განპირობებული. ვფიქრობ მთავრობა თავს შეიკავებს ამგვარი ქმედებისაგან".

ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა პუტინმა შეარბილა ტონი "იუკოსის" მისამართით. აქამდე იგი უარყოფდა ყოველგვარ კრიტიკას, რაც "იუკოსის" წინააღმდეგ გენერალური პროკურატურის მიერ გაჩაღებულმა მოურიდებელმა კამპანიამ გამოიწვია. მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ პუტინის პოზიციის ამგვარი შეცვლა იმით უნდა იყოს გამოწვეული, რომ ხუთი ნოემბრის "როსისკასია გაზეტამ" გამოაქვეყნა ბუნებრივი რესურსების მინისტრის ვიტალი არტიუხოვის ნთქვამი იმის შესახებ, რომ "ფაქტობრივად გარდაუვალია" ნავთობის რამდენიმე საბადოს დამუშავებაზე "იუკოსისათვის" გაცემული ლიცენზიების ჩამორთმევა. არტიუხოვმა ამით, გენერალური პროკურატურის თხოვნა შეასრულა. საბადოს დამუშავებაზე გაცემული ლიცენზიები შეიცავს წესების გრძელ ნუსხას, თანაც ზოგიერთი მათგანი, თითქოს განზრახ, ისე ბუნდოვნადაა ჩამოყალიბებული, რომ ყოველთვის შეიძლება სალიცენზიო შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულო კომპანია.

"იუკოსის " ახალი გამგეობა განაცვიფრა ვიტალი არტიუხოვის განცხადებამ. ინგლისურენოვან გაზეთ "მოსკოუ ტაიმსისათვის" მიცემულ ინტერვიუში, "იუკოსის" ვიცე-პრეზიდენტმა ბრუს მიზამორმა არტიუხოვის განცხადებას "მეტად უცნაური" უწოდა. პირველი ნიშანი იმისა, რომ კრემლმა შესაძლოა შეცვალოს თავისი პოზიცია "იუკოსთან" მიმართებაში გამოჩნდა გასული კვირის ბოლოს, როცა პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციის ახალმა უფროსმა "იუკოსის" აქციებზე ყადაღის დადება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ძალოვანმა სტრუქტურებმა, თავიანთი "ნაჩქარევი მოქმედებით", ქვეყანა სავალალო ეკონომიკური შედეგების საფრთხის წინაშე დააყენეს.
XS
SM
MD
LG