Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკოში ხმები იგვიანებს


დავით პაიჭაძე, თბილისი 6 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისია ელოდა არჩევნების შედეგებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან. თუმცა დღის მიწურულს აღმოჩნდა, რომ არათუ აჭარიდან, ოქმები რამდენიმე სხვა

რეგიონის საოლქო კომისიებიდანაც იგვიანებდა. საარჩევნო ხმების ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თავმოყრისათვის კანონით დადგენილი ვადა - არჩევნებიდან მეოთხე დღე - დაირღვა. თუმცა ეს დარღვევა სრულიად უმტკივნეულოა.

უმტკივნეულოა, რადგან კანონის ამგვარი დარღვევა არავითარ სასჯელს არ ითვალისწინებს. საქართველოს სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რამდენიმე მუხლი გულისხმობს პასუხისმგებლობას სხვადასხვა სახის საარჩევნო სიყალბისათვის. სწორედ ამ პასუხისმგებლობის შეხსენებამ გააბრაზა 6 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები, რომელთაც არჩევნების შემდეგ გამართული პირველი სხდომა შეწყვიტეს და რამდენიმესაათიანი შესვენება გამოაცხადეს. ბრაზი კომისიის წევრებში აღძრა რუსთავი-2-ის ეთერში გამავალმა კლიპებმა, რომელიც მათ ხმების გაუყალბებლად დათვლისაკენ მოუწოდებს და, დანაშაულის შემთხვევაში, შეახსენებს, რომ შემდეგ არჩევნებს შეიძლება ციხეში შეხვდნენ.

სხდომის შეწყვეტას ხმების დათვლაზე არ უმოქმედია, რადგან საქართველოს მრავალ საარჩევნო ოლქში ჯერაც არ დაუმთავრებიათ ეს პროცესი. უკეთ, შეიძლება პროცესი დასრულებულიც აქვთ, მაგრამ შედეგების გამომზეურებას არ ჩქარობენ. ნათელია, რომ ხმების დათვლა და შედეგების ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის მიწოდება და გამოცხადება დღეს მთლიანად დამოკიდებულია პოლიტიკურ კონიუნქტურაზე. ხმების დათვლა საქართველოში საერთოდ აღარ არის არითმეტიკის საკითხი, ის მთლიანად პოლიტიკურ პრობლემად იქცა. დიდად აღარც კანონი ახსოვთ, რომელიც ასეთ, ანუ ხმების დაგვიანების, შემთხვევაში შემდეგ ზომას ითვალისწინებს:

[ნუგზარ კუპრეიშვილის ხმა] "თუ დღეს არის ოლქებში არჩევნების შედეგების შეჯამების ბოლო ვადა და ვერ ესწრება შეჯამება, მაშინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა მიიღოს დადგენილებით რაღაც ზომები ამ პროცესის რამდენიმე საათით ან დღით გადასაწევად."

საზოგადოება "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელი ნუგზარ კუპრეიშვილი არსებულ ვითარებას შემაშფოთებლად მიიჩნევს. 6 ნოემბერს, მისი თქმით, ბევრ ოლქში უკვე დაჯამდა შედეგები და "სამართლიანი არჩევნების" კოორდინატორებს ადგილებზე, საოლქო კომისიათა უმეტესობაში, ოქმთა ასლები არ გადასცეს. ეს კი უკვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმ მუხლის დარღვევაა, რომელიც მოქალაქეს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის უფლებას ანიჭებს.

6 ნოემბრის საღამოს აჭარაში აღორძინების სასაგებლოდ დაგროვილი ხმების რაოდენობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: აღორძინების კავშირის აჭარასა და დანარჩენ საქართველოში ერთად აღებული ხმები 327 ათასს შეადგენს, რაც პარტია აღორძინებას არჩევნების ერთპიროვნულ ლიდერად აქცევს. ამ ინფორმაციის გავრცელებით, შეიძლება ითქვას, იწყება ახალი ეტაპი შიდაპოლიტიკურ ურთიერთობებსა და ბრძოლაში. ასლან აბაშიძის გამოწვევას უთუოდ უპასუხებს ხელისუფლების ბლოკიცა და ოპოზიციაც.
XS
SM
MD
LG