Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები, არჩევნების წინასწარი შედეგები და ამ შედეგებთან დაკავშირებული მღელვარება, ქუჩაში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი არჩევნები, არჩევნების წინასწარი შედეგები და ამ შედეგებთან დაკავშირებული მღელვარება, ქუჩაში საკუთარი არჩევანის დასაცავად გამოსული საზოგადოება, მღელვარება რეგიონებში,

განხეთქილების ნიშნები სახელისუფლებო ბლოკში, უნდობლობა ოპოზიციის რიგებში - გასული ბობოქარი კვირის ამ მოვლენებს აქტიურად გამოეხმაურა ქართული პრესა. ყველა გაზეთი წერს იმ დარღვევებსა და გაუგებრობებზე, რაც 2 ნოემბერს სხვადასხვა საარჩევნო უბანში ხდებოდა, როცა ამომრჩეველი საკუთარ თავს საარჩევნო სიაში ვერ პოულობდა.
7-13 ნოემბრის გაზეთ "ახალი ეპოქის" შენიშვნით, 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები ჩვენს უახლოეს ისტორიაში რიგით მეათე იყო. 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების გამოკლებით, მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების გამოვლინებაზე ერთი და იგივე ხელისუფლება იყო და არის პასუხისმგებელი. გაზეთი წერს:


"2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებზე კიდევ ბევრი ითქმება და დაიწერება, მაგრამ უკვე დღესვე შეიძლება აღინიშნოს, რომ ეს იყო ისეთი არჩევნები, როგორსაც ხალხი ელოდა. ეს იყო ცუდად ორგანიზებული არჩევნები, რომელმაც ბევრ ამომრჩეველს კიდევ ერთხელ გაუცრუა იმედი. არა იმიტომ, რომ ამა თუ იმ პარტიას ესა თუ ის პროცენტი არ ერგო, უბრალოდ, ათობით ათას ადამიანს არ მიეცა საკუთარი ნების გამოხატვის უფლება. ზოგი სიაში არ იყო, ზოგიც საარჩევნო უბნებთან საათობით ალოდინეს.
თუ დემოკრატია თავისუფალი არჩევანის უფლებას ნიშნავს, ხელისუფლებას ყოველმხრივ უნდა ეცადა, რომ ხალხს ეს უფლება არ შეზღუდვოდა. მაშინ, ალბათ, არავის მიეცემოდა საბაბი ქუჩაში მათი გამოყვანისა.
სამწუხარო ფაქტია, რომ ვერა და ვერ ვისწავლეთ რიგიანი არჩევნების ჩატარება. პასუხისმგებლობას კი არავინ გრძნობს და ყველა ისევ "განტევების ვაცს" ეძებს."





" აღორძინებამ" საქართველო შოკში ჩააგდო", "აჭარული ბომბი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში", "ასლან აბაშიძე საკუთარ თავს არ ღალატობს" - ასე გამოეხმაურნენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არჩევნების შედეგის გამჟღავნებას 7 ნოემბრის ქართული გაზეთები. როგორც 7 ნოემბრის "მთავარი გაზეთი" წერს, აჭარიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემოსულმა არჩევნების შედეგებმა, მართლაც, აფეთქებული ბომბის შთაბეჭდილება მოახდინა. ეს შთაბეჭდილება იმდენად ძლიერი იყო, რომ ბევრის მნახველი პოლიტიკოსები და მოსახლეობა გააკვირვა. ბევრმა ნაჩქარევად დაიწყო საპასუხო ზომებზე ფიქრი, მაგრამ, "მთავარი გაზეთის" ვარაუდით, "აჭარულ სიურპრიზს" ასე ჩქარა ვერავინ მოინელებს.
7 ნოემბრის გაზეთი "რეზონანსი" ძალიან მძიმე შედეგად აფასებს სიტუაციას, როცა პირველ ადგილზე პარლამენტში მოდის კუთხური ნიშნით შექმნილი პარტია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც დემოკრატიულ ღირებულებებთან და არც დასავლურ ორიენტაციასთან. გაზეთი წერს:


"პირველ ადგილზე "აღორძინების" გასვლა არც სახელისუფლებო ბლოკს უნდა ახარებდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ასლან აბაშიძე ერთი წლის შემდეგ ნახევარი მილიონი "ამომრჩევლის" სიას და მათ ხმებს გამოგვიგზავნის, პრეზიდენტად დაინიშნავს თავს და საქართველოს დედაქალაქად ბათუმს გამოაცხადებს. სახელისუფლებო ბლოკში დღეს ამ თემაზე უფრო სერიოზულად მსჯელობენ, ვიდრე სააკაშვილის მოულოდნელ წარმატებაზე. სიტუაციიდან ორი გამოსავალი არსებობს: ან ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა ჩათვალოს ბათილად აჭარის რამდენიმე ოლქის ხმები, ან სასამართლოში გასაჩივრდეს დარღვევები და ამის გამო მოხდეს ხმების ბათილად გამოცხადება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, სააკაშვილი მთელი საქართველოს მასშტაბით მშვიდობიანი აქციების აგორებით იმუქრება. ნოემბრის აქციები კი ხელისუფლებას ცუდად აქვს დაცდილი."



"ჩასაძირად განწირული სახელისუფლებო ხომალდიდან პირველი ირინა სარიშვილი გარბის", - იუწყება 7 ნოემბრის გაზეთი "24 საათი", რომლის აზრითაც, სარიშვილის განცხადება - პრეზიდენტს თუ სურს, პარტიული სიიდან ამომიღოსო - თვალთმაქცობად აღიქმება, რადგან კანონით, მისი თანხმობის გარეშე სიიდან ვერავინ ამოაგდებს. გაზეთი წერს:


"ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მორიგი გადაადგილების სურვილად სარიშვილი ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის იმ "სამარცხვინო გარიგებას" ასახელებს, რისი მოწმეც, მისი თქმით, საზოგადოება ამ დღეებში გახდება. ედპ-ის ლიდერის მტკიცებით, სააკაშვილმა და ჟვანიამ დაარწმუნეს შევარდნაძე, რომ თუ საარჩევნო ხმების განაწილების საკითხში დათმობებზე არ წავა, პრეზიდენტს პრობლემები შეექმნება. ჰოდა, დაშანტაჟებულ ხელისუფლებასაც თურმე თავგზა აბნევია და ოპოზიციონერების დაკრულზე ცეკვავს. გარდა იმისა, რომ ოპოზიციის მიერ მმართველი ძალის დაშანტაჟებას ვერ ეგუება, სარიშვილი ხელისუფლებისაგან დისტანცირების სხვა მიზეზებსაც ასახელებს, თუმცა - საკმაოდ ზოგადად: " ამ ორ თვეში იმდენი უმადურობა და სიბინძურე ვნახე, რაღაც ვალდებულებები რომ არ მქონდეს, პოლიტიკაში აღარ დავრჩებოდი", - აცხადებს იგი.
სარიშვილი აცხადებს, რომ სახელისუფლებო ბლოკიდან გასვლის შესახებ უკვე ჰქონდა საუბარი პრეზიდენტთან და შევარდნაძისთვის მისი პოზიცია ცნობილია. რაც შეეხება მომავალ საქმიანობას, ედპ-ს თავმჯდომარუს მტკიცებით, იგი არანაირ საპარლამენტო და სამთავრობო პოსტზე ყოფნას არ დათანხმდება, პარლამენტში არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის ბანაკში არ იქნება, "სხვა ძალის ჩამოყალიბებას" შეეცდება და დარწმუნებულია, რომ ამის გაკეთებას მოახერხებს. იმაზე საუბარს, ჰყავს თუ არა მხარდამჭერები სახელისუფლებო ბლოკში, სარიშვილი ჯერჯერობით თავს არიდებს, თუმცა მიანიშნებს, რომ "ამ ბლოკში, ალბათ, ყველა მხდალი არ იქნება და მიმბაძველები გამოუჩნდება."


უპრეცედენტოს უწოდებს 8-10 ნოემბრის გაზეთი "ალია" ბლოკ "ბურჯანაძე-დემოკრატების" გადაწყვეტილებას, პროტესტის ნიშნად დეპუტატის მანდატებზე უარის თქმის შესახებ. გაზეთის კითხვას, მანდატებზე უარის თქმა - ეს მხოლოდ პროტესტია თუ ერთადერთი გზა სისხლიანი რევოლუციის თავიდან ასაცილებლად, ბლოკ "ბურჯანაძე-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჟვანია უპასუხებს:



" რა თქმა უნდა, ეს არის პროტესტი, ეს არის ჩვენი პოლიტიკური პოზიცია და, რაც მთავარია, ჩვენი ზნეობრივი პოზიცია. ეს ნაბიჯი შეიძლება ითარგმნოს ასე: ჩვენ არ შევდივართ იმ პარლამენტში, რომელიც არ არჩეულა, არარჩეულ პარლამენტში არც ოპოზიციად, არც უმრავლესობად, არც უბრალო წევრებად ყოფნა არ გვინდა. არჩევნები საქართველოში არ შედგა. პარლამენტი დანიშნა კანცელარიამ და ასლან აბაშიძემ. თუ ჩვენ გვინდა ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვათ ამ უზნეობას და ამ უკანონობას, უბრალოდ, უნდა ვთქვათ, რომ მათ მიერ დაწერილ სცენარში არანაირ როლს არ შევასრულებთ."


ქუჩის აქციების დაწყებისთანავე, ქართულ პრესაში კვლავ გაჩნდა შესაძლო დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო დაპირისპირების თემა. რამდენად შესაძლებელია მშვიდობიანი აქციებით ხელისუფლების გადადგომის მიღწევა? გამოიყენებს თუ არა ხელისუფლება ძალას მომიტინგეების წინააღმდეგ? შეძლებს თუ არა თავად ოპოზიცია ქუჩაში გამოსული ადამიანების შესაძლო პროვოკაციებისგან დაცვას? - ამ კითხვებზე პასუხის გაცემას მთელი კვირის მანძილზე ცდილობდა ქართული პრესა.
8 ნოემბრის გაზეთ "ხვალინდელი დღის" განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ბრმად მოუწოდებდეს რეგიონების მოსახლეობას ქუჩის აქციებისკენ. მაშ, ვისი იმედი აქვს მთავარ ნაციონალს? - გაზეთი წერს:


"საქართველოში მუშაობს უამრავი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩამოდიან აქაური ვითარებით დაინტერესებული სენატორები. რიჩარდ მაილსი, რომელიც სწორედ "ოტპორის" დროს იყო იუგოსლავიაში ამერიკის ელჩი, ხვდება საქართველოს პრეზიდენტს და ხმამაღლა აცხადებს, საქართველოში დესტაბილიზაციის საშიშროება არ არსებობსო. ისევ ბობოქრობს ქართული "კმარა" და მათი რეკლამები სატელევიზიო არხებზე ძალიან პოპულარულია. ხალხიც ფიქრობს, რომ, მართლაც, კმარა ყველაფერი. ერთი სიტყვით, ამერიკამ მიანიშნა, რომ "ნება დართულია". ამიტომ ერთადერთი, ვისაც სააკაშვილი შეიძლებოდა გარიგებოდა, სწორედ ამერიკაა."
XS
SM
MD
LG