Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის შენობის წინ 4 პარლამენტარმა შიმშილობა დაიწყო


თამარჩიქოვანი, თბილისი 11 ნოემბერს 4-მა პარლამენტარმა პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას, მიმართა. ნაციონალური მოძრაობის წევრები ლადო ჭიპაშვილი და გია ხევიაშვილი, ბლოკ " ბურჯანაძე-დემოკრატების"

წევრები გიორგი ბარამიძე და ვასილ მაღლაფერიძე იშიმშილებენ მანამ, სანამ პრეზიდენტი შევარდნაძე თანამდებობას არ დატოვებს. აი, როგორ ვითარდებოდა მოვლენები 11 ნოემბერს თბილისში:

წვიმიანი ამინდის მიუხედავად, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, კვლავ მიმდინარეობს მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც 2 ნოემბრის არჩევნების გაუქმებულად გამოცხადებასა და პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ.
პარალელურად, ჩნდება ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც საკუთარ თავზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიატორის როლის შესრულებას იღებენ. 11 ნოემბერს ასეთი ინიციატივით გამოვიდნენ ექიმები და მწერლები. ოპოზიციასთან დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც. თბილისის მერმა ივანე ზოდელავამ არ გამორიცხა უახლოეს საათებში პრეზიდენტისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრის შესაძლებლობა. თუმცა, მისი აზრით, შეხვედრის მონაწილეთა რაოდენობა უნდა გაიზარდოს და მასში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სხვა ოპოზიციური პარტიებიც უნდა ჩაერთონ - იგულისხმება ახალი მემარჯვენეები, ლეიბორისტული პარტია, აღორძინების კავშირი და მრეწველები. საკითხის ამგვარად დაყენებას ეწინააღმდეგებიან ნაციონალური მოძრაობისა და ბლოკ "ბურჯანაძე-დემოკრატების" წარმომადგენლები, რომელთა განცხადებით, ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მოლაპარაკების შესაძლო მონაწილეთა ხელისუფლებასთან კავშირი.
ოპოზიციასთან მოლაპარაკების აუცილებლობაზე საუბრობენ სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენლებიც, თუმცა, გარკვეული პირობების დაცვით. მაგალითად, ედპ-ს ლიდერისა და სახელისუფლებო ბლოკის სპიკერის ირინა სარიშვილ-ჭანტურიას განცხადებით, მოლაპარაკების საკითხად ვერ იქცევა არჩევნების გაუქმების ან შედეგების გადახედვის პრობლემა. "ეს მხოლოდ და მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეროგატივაა", - აცხადებს ირინა სარიშვილი-ჭანტურია.
წინაპირობების გარეშე ოპოზიციასთან დიალოგის გაგრძელების მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოს პრეზიდენტიც. 11 ნოემბერს ქართველი ბიზნესმენების დაჯილდოების ცერემონიალზე მან განაცხადა, რომ ბარიკადების ორივე მხარეს ქართველი ხალხი დგას და მათთან დიალოგი აუცილებელია.
დღისით პრეზიდენტი თავის რწმუნებულებს შეხვდა. აქვე შევნიშნავ, რომ შიმშილობის აქცია რეგიონებისკენ ინაცვლებს: ამ წუთებისთვის გავრცელებული ცნობებით, უვადო შიმშილობის აქცია ზესტაფონშიც დაიწყო.
XS
SM
MD
LG