Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტობის მსურველები საქართველოში


დავით პაიჭაძე, თბილისი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში რეალობა გახდა. შესაბამისად, უკვე 26 ნოემბრიდან მოსალოდნელია საქართველოს პრეზიდენტის პოსტის ახალ პრეტენდენტთა გამოჩენა. ვის შეიძლება გაუჩნდეს სურვილი,

გახდეს საქართველოს პრეზიდენტი?

ძალიან ადრე, 2 ნოემბერი ჯერ კიდევ შორს იყო, ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ კენჭს იყრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში. იმხანად ის გულისხმობდა არჩევნებს 2005 წლის აპრილში. ეს განცხადება ჟვანიას დღემდე არ უარუყვია, თუმცა ნაკლებ სარწმუნოა, თავად ამას სერიოზულად უყურებდეს. ოპოზიციას, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში შევარდნაძის მემკვიდრის დამარცხებას წელიწადნახევრის შემდეგ გეგმავდა, მართებდა ერთიან კანდიდატზე შეთანხმება. საამისოდ კი ოპოზიციის შიგნით დაძაბული ურთიერთობის პირობებში დიდი სამუშაო იქნებოდა გასაწევი.

მაგრამ ორმა ნოემბერმა საპრეზიდენტო არჩევნები უახლოეს მომავალში გადმოსწია. დღეს ძნელი წარმოსადგენია, 4 იანვარს დანიშნულ არჩევნებში ყოფილი ოპოზიცია ვერ შეთანხმდეს ერთიან კანდიდატზე. ძნელი წარმოსადგენია, რადგან ყველამ დაინახა, ძირითადად ვინ წარმართავდა პოლიტიკურ პროცესს გასული სამი კვირის მანძილზე და ვისმა უაღრესად სარისკო, გადამწყვეტმა ნაბიჯებმა აქცია ედუარდ შევარდნაძე ექს-პრეზიდენტად.

თავად მიხეილ სააკაშვილი თავს არიდებს პრეზიდენტობაზე საუბარს, აღნიშნავს, რომ ნაადრევია მისი კანდიდატურის წამოყენება. თუმცა ყველა ხვდება, რომ ეს მხოლოდ ტაქტიკაა. სააკაშვილი იქვე დასძენს, რომ თუ ნაციონალური მოძრაობა გადაწყვეტს კანდიდატურის წამოყენებას, მას ვერავინ შეეწინააღმდეგება, რადგან კონკურენტები საქართველოში არ ჰყავს.

ცხადია, კონკურენტი მიხეილ სააკაშვილს გაუჩნდება. 2 ნოემბრამდე, საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ საკუთარ თავზე იღებს საპრეზიდენტო პასუხისმგებლობას. მართალია, დღეს ნათელაშვილი არაფერს ამბობს საპრეზიდენტო კამპანიაზე, მაგრამ ბოლო სამი კვირის მანძილზე ლეიბორისტთა ლიდერის პოზიციათა ინტენსიური გამჟღავნება ტოვებს იმედს, რომ შალვა ნათელაშვილი მაინც შეეცდება, გახდეს პრეზიდენტი 4 იანვარს.

საპრეზიდენტო ამბიცია არ დაუმალავს იმერეთის ყოფილ გუბერნატორს თემურ შაშიაშვილს. ის პირველია, ვინც კომუნისტური წარსულის პარტიულ-კომკავშირული მჭიდიდან ისურვა პრეზიდენტობა და, ამდენად, გაბედული პრეტენზია განაცხადა საქართველოს მეორე ექს-პრეზიდენტის მემკვიდრეობაზე. შაშიაშვილის პოზიციონირება, ალბათ, შესაძლებელია, როგორც ახალგაზრდა, განახლებული, ენერგიული შევარდნაძისა, რომელიც შეეცდება დამოუკიდებელ საქართველოში გაუძღვეს ქვეყანას.

წინა ორ საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებული 17% პრეზიდენტობისკენ უბიძგებს ჯუმბერ პატიაშვილსაც. პატიაშვილი, შაშიაშვილისგან განსხვავებით, განახლებული შევარდნაძე კი არ არის, არამედ შევარდნაძის ალტერნატივაა, ოღონდ - ძველი ალტერნატივა. თუ წლების მანძილზე შევარდნაძე იყო არჩევანი, პატიაშვილი არადანი გახლდათ. ერთი ეგ არის, რომ ის დრო ნამდვილად წავიდა.

პარლამენტის წევრმა ნიკო ლეკიშვილმა 25 ნოემბერს განაცხადა, რომ პრეზიდენტობის მსურველები საქართველოში კიდევ გამოჩნდებიან და მათი რიცხვი, ალბათ, რვას მაინც მიაღწევს. ასეა თუ ისე, საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებას ცოტაღა უკლია.
XS
SM
MD
LG