Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩატარდება თუ არა რუსეთის დუმის არჩევნები აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი მაშინ, როცა საქართველოს პარლამენტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტზე მსჯელობს, მოსკოვის ბასმანის სასამართლო განიხილავს რუსეთის დუმის წევრობის კანდიდატის ალექსეი ვაშჩენკოს სარჩელს:

იგი რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რუსეთის 80 ათასი მოქალაქისთვის არჩევნებში მონაწილეობის ხელის შეშლაში ადანაშაულებს. ეს ის 80 ათასი "ამომრჩეველი" გახლავთ, ვინც აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთში ცხოვრობს და რუსეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული.

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის განცხადებით, ამ დროისთვის ამ თვითაღიარებული რესპუბლიკის 34 274 მოქალაქე უკვე რუსეთის მოქალაქეც გახლავთ. სოხუმის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით კი, აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეობა 108 753 ადამიანმა მიიღო, რომლებსაც ყველა უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ 7 დეკემბერს დანიშნულ რუსეთის დუმის არჩევნებში.
ბოლო დრომდე, ამ თვალსაზრისით, ვითარება თითქოს გარკვეული იყო - რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2600, ცხინვალში კი 500 საარჩევნო ბიულეტენი გაგზავნა. ახლა კი, 28 ნოებრის გაზეთ "იზვესტიას" ცნობით, სიტუაცია ჩიხურია და სასწრაფოდ ითხოვს კრემლის ჩარევას. როგორც კარგად ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა გაზეთს, " აქამდე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის საარჩევნო უფლების ჩამორთმევის გადაწყვეტილების მიღებისას, მოსკოვი ედუარდ შევარდნაძის დამატებით გაღიზიანებას არიდებდა თვს. ახლა მას ყველაფერი გააღიზიანებს, მაგრამ არა დუმის არჩევნები." შესაბამისად, დაასკვნის გაზეთი, ქართულ ავტონომიებში არჩევნების ჩაუტარებლობის არავითარი პოლიტიკური და მორალური მიზეზი აღარ არსებობს, იურიდიული მიზეზი კი არც მანამდე არსებობდა.
გააპროტესტებს თუ არა ქართული მხარე რუსეთის გადაწყვეტილებას, საარჩევნო უბნები გახსნას "აჯანყებულ რეგიონებში"? - ამ კითხვაზე განსაკუთრებულ დავალებათა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე ამბობს:
[ მალხაზ კაკაბაძის ხმა] " მე არაერთხელ გამოვედი და ვთქვი: თუ საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია არ იქნება ამ პროტესტებზე, ჩვენი პროტესტი და საერთაშორისო სამართალი აზრს კარგავს.
- ანუ უიმედოდ ხართ და გგონიათ, რომ თქვენს პროტესტზე რეაქცია არ იქნება?
არ იქნება. მე ასე მგონია, არ იქნება."
თუ მალხაზ კაკაბაძის წინათგრძნობა გამართლდა, 7 დეკემბერს აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთში დამატებით 80 ათასი საარჩევნო ბიულეტენი გაიგზავნება და დაახლოებით 30 საარჩევნო უბანი გაიხსნება. საქართველოს ამ რეგიონებში დიდი ხანია აქტიურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ რუსეთის სახალხო პარტია და ბლოკი "ერთიანი რუსეთი."
XS
SM
MD
LG