Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა საქართველოში მიმდინარე მოვლენები კვლავაც მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრშია მოქცეული.

როგორც გაზეთ "ჩიკაგო ტრიბიუნის" მიმოხილველი მართა მერიტი აღნიშნავს, ედუარდ შევარდნაძის გადადგომით საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან დასრულდა ერთობ უცნაური და იმავდროულად ბრწყინვალე პოლიტიკური კარიერა, თუმცა შევარდნაძის გადაწყვეტილება - არ დატოვოს საქართველო გულზე არ უნდა ეხატებოდეს მის მემკვიდრეებს. ამერიკელი ჟურნალისტი წერს:

"ბატონ შევარდნაძის პოლიტიკურმა ტრაექტორიამ დაგვანახა, რაოდენ ძნელი ყოფილა მრავალწლიანი ავტორიტარული მმართველობის შემდეგ ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრება თავად ისეთი გამოცდილი სახელმწიფო მოღვაწისთვის, როგორიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია. იმ დროს, როცა უმრავლესობა პოლიტიკოსებისა ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ, როგორც წესი, დაცემით ამთავრებს კარიერას, შევარდნაძეს რეგენერაციის არნახული უნარი აღმოაჩნდა. საქართველოს კომპარტიის ლიდერობიდან იგი გორბაჩოვის პოლიტბიუროს წევრი გახდა, შემდეგ დატოვა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებოდა, და ბოლოს საქართველოს პრეზიდენტი გახდა და მთელი მისი უნარი ამ პოსტის შენარჩუნებისკენ იყო მიმართული, ხოლო ქვეყნის ინტერესებმა უკანა პლანზე გადაინაცვლა. ბორის იელცინის მსგავსად, შევარდნაძის სურდა, თავისი რჩეულისთვის დაეთმო პრეზიდენტის სავარძელი, და სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგების მოურიდებელმა გაყალბებამ ქუჩაში გამოიყვანა ხალხი. შევარდნაძეც და იელცინიც ნაადრევად შერაცხეს დემოკრატებად, და ერთმაც და მეორემაც ყველა ღონე იხმარეს იმისთვის, რათა გაეხანგრძლივებინათ ხელისუფლების სათავეში ყოფნა".

გაღატაკებულ და სეპარატისტული მოძრაობებით დასუსტებულ საქართველოს, წერს გაზეთი "ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნი", რთული პერიოდი დაუდგა, ვინაიდან რესპუბლიკის ახალმა ხელმძღვანელობამ უნდა აღკვეთოს კორუფცია, რამაც შევარდნაძის თორმეტწლიანი მმართველობის პერიოდში ეპიდემიური ხასიათი მიიღო.
უკეთებს რა კომენტარს ედუარდ შევარდნაძის გადადგომას, გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" მიმომხილველი ჯიმ ჰოუგლენდი წერს:

"თანამდებობიდან ვადამდელი გადადგომა ერთობ იშვიათი მოვლენაა მაღალი კლასის პოლიტიკოსთათვის. მეორე ვადა რომ არა, რიჩარდ ნიქსონს ხომ ასცდებოდა ის სირცხვილი და მორალური დარტყმა, რაც მას იმპიჩმენტმა და იძულებით გადადგომამ მიაყენა... რონალდ რეიგანს არ მოუხდებოდა თავის მართლება ირან-კონტრას საქმესთან დაკავშირებით, ხოლო ბილ კლინტონს არ შეემთხვეოდა მონიკა ლევინსკის სკანდალური ისტორია."

გერმანიის "ფრანკფურტერ ალგემაინე" აქვეყნებს ინტერვიუს ახალ სახელმწიფო მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან, რომელსაც გაზეთის სპეციალური კორესპონდენტი მარკუს ვენერი "ყოფილ კრონპრინცად" და "ერთ დროს შევარდნაძის ყველაზე რეალურ მემკვიდრედ" მოიხსენიებს.

"ცხადია, სამივეს გვინდოდა პრეზიდენტობაო, - გვეუბნება ჟვანია. - მაგრამ იმისთვის, რათა საქართველოს ხელიდან არ გაეშვა ახალი დასაწყისის ეს უნიკალური შანსი, ოპოზიციის საერთო კანდიდატად სააკაშვილი ავირჩიეთო. ... ჟვანიას სურვილი იყო, საქართველოში - გერმანიის მაგალითით - საპარლამენტო დემოკრატია დამკვიდრებულიყო. მაგრამ ეს იდეა საქართველოში დიდად პოპულარული არ არის. უწინარესად მას სააკაშვილი ეწინააღმდეგება, რადგან მისი განხორციელების შემთხვევაში თავად ის - ძლიერი ჟვანიას ხელში - სიმბოლურ ფიგურად იქცეოდა. ამიტომ მიღწეულ იქნა კომპრომისი: საქართველო აირჩევს ფრანგულ მოდელს ძლიერი პრეზიდენტითა და ძლიერი მთავრობით. ხოლო ის, რომ 4 იანვრის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჯერ კიდევ მოსაგებია, ჟვანიას ფორმალობად მიაჩნია."
XS
SM
MD
LG