Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 29.11.03


გიორგი კაკაბაძე, თბილისი 22 ნოემბრის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელსაც საქართველოს პრესა აქტიურად გამოეხმაურა, იყო ქვეყნის პრეზიდენტის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის წარდგენა.

ამ შეფასებებში განსხვავებული მოსაზრებები გამოიკვეთა და არც მიღებული მემკვიდრეობის საკითხი დარჩა უყურადღებოდ. 27-28 ნოემბრის გაზეთი "ალია" წერს:

"შევარდნაძე წავიდა. მან მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა: მორღვეული ტერიტორიები, გარღვეული ბიუჯეტი, გახლეჩილი საზოგადოება და განებივრებული კორუფცია. თუმცა ამ ადამიანს ბევრი პლუსიც ჰქონდა. მან, ბოლოს და ბოლოს, საკუთარ სკამს ხალხი არ გადააყოლა: ხმაურით, მაგრამ მაინც მშვოდობიანად გადადგა.ქვეყანა შევარდნაძემაც საკმაოდ არეული და მორღვეული ჩაიბარა. სტაბილურობა იყო ერთადერთი, რასაც მან მიაღწია. რას მიაღწევენ ახალი თაობის პოლიტიკოსები?"

"...ახალი სამეული პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს ასახელებს. თუმცა თავად მიხეილს კონსულტაციებისთვის არ მოუცდია. მან ჯერ კიდევ რევოლუციამდე იცოდა, ვინ გახდებოდა პრეზიდენტი. ასე რომ, ეს თემა დიდ მღელვარებას არც იწვევდა. ის ყოველთვის მხოლოდ საკუთარი ინტერესების შესაბამისად იქცეოდა. ამიტომ ცსკ-ში ჯერ კიდევ პრეზენტაციამდე დარეგისტრირდა.
სააკაშვილი ენერგიული ადამიანია. მისი ენერგია საკმარისია იმისთვის, რომ დაანგრიო. ამ მხრივ, მას ბადალი, მართლაც, არ ჰყავს. მაგრამ რამდენად შეძლებს ის შენებას?"

27 ნოემბრის გაზეთ "24 საათის" თქმით, "ახალ ეპოქას შევარდნაძის შემდეგ სათავეში მიხეილ სააკაშვილი ჩაუდგება. თუმცა, შექმნის თუ არა თავად სააკაშვილი ეპოქას - ამაზე პასუხი, ბუნებრივია, ჯერ არ არსებობს." გაზეთი წერს:

"პრეზიდენტობის რეალურ კანდიდატს ბოლო წლების განმავლობაში ხშირად ადარებდნენ სხვადასხვა დროის ეგზალტირებულ ლიდერებს და ხალხს ათასი რამით აშინებდნენ - ბოლშევიზაციით, ფაშიზმით, რეპრესიებით.

გამარჯვების დღეს სააკაშვილი, ყველასათვის მოულოდნელად, საოცრად მშვიდი იყო, ეგზალტაციის არაფერი ეტყობოდა და საუბარი არც მოსალოდნელ რეპრესიებზე, არც ბოლშევიზაციაზე და, მით უმეტეს, არც ფაშიზმის დამყარებაზე დაუწყია.

ამერიკის ოფიციალურ პირებსაც კი, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ეჭვის თვალით უყურებდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს და დარწმუნებულნი არ იყვნენ, რა როლს შეასრულებდა ის ქართულ პოლიტიკაში, სააკაშვილის გაწონასწორებულმა კომენტარებმა აზრი მნიშვნელოვნად შეუცვალა.
თუმცა მიხეილ სააკაშვილს მოუწევს იმის დამტკიცება, რომ არჩევანი, რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ გააკეთა, სწორი იყო."

ახლა კი იმ ზოგიერთი პრობლემის შესახებ, რომელიც საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაჩნდა. როგორც 28 ნოემბრის გაზეთი "რეზონანსი" აღნიშნავს, "1999 წლის და 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე არჩეული მაჟორიტარები დაბნეულები არიან. ძველი მაჟორიტარები ამტკიცებენ, დეპუტატები ჩვენ ვართო, ახლები კი ამბობენ - ჩვენო. ეს დაბნეულობა კი არის უზენაესი სასამართლოს იმ გადაწყვეტილების შედეგი, რომელმაც 2003 წლის მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგები გააუქმა, მაჟორიტარული კი ძალაში დატოვა."

გაზეთი გვამცნობს: "კანონმდებლობით რომელი მაჟორიტარები ითვლებიან მაჟორიტარებად, ვერც ერთი იურისტი ვერ ამბობს იმიტომ, რომ ამ მხრივ კანონმდებლობაში სრული ვაკუუმია".
"დეპუტატების ერთი ნაწილი და იურისტების დიდი ჯგუფი ამტკიცებს, რომ მაჟორიტარული არჩევნების შედეგებიც უნდა გაუქმდეს და დარწმუნებულია, რომ ამ მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევა.

კანონმდებლობით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა 30 ნოემბრამდე უნდა მოხდეს და სარჩელი უნდა შეიტანოს ან პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ, ან დეპუტატთა 1/5-მა. იურისტებს იმედი აქვთ, რომ სარჩელს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი თავად შეიტანს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა."

აჭარის ლიდერის საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან დაპირისპირებისა და ამ ვითარებიდან გამოსავლის მოძებნის თემას ეძღვნება 28 ნოემბრის გაზეთ "ხვალინდელი დღის" წერილი, სადაც ნათქვამია: "თბილისში რუსეთს პრაქტიკულად აღარ დარჩა ძლიერი პრორუსული ძალა, რომელსაც მომავალში შეიძლება დაეყრდნოს. ამიტომაც, სავსებით ბუნებრივია ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან მზერის კვლავაც ბათუმისკენ მიპყრობა."

"ამ რთული ვითარებიდან რამდენიმე გამოსავალი არსებობს. პირველი - ახალმა ხელისუფლებამ რუსეთის ინტერესების გათვალისწინება უნდა დაიწყოს, მაგრამ ეს ვარიანტი გამორიცხულია... სხვათა შორის, რუსეთის ხელისუფლებაში განსაკუთრებული გაღიზიანებით შეხვდნენ დროებითი ხელისუფლების მხრიდან პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის წამოყენებას, რადგან მას ისინი ულტრანაციონალისტად მოიხსენიებენ და გამსახურდიას ამსგავსებენ."


"აჭარასთან ურთიერთობის მოსაგვარებლად მეორე გამოსავალი - ასლან აბაშიძესთან პოლიტიკური გარიგების მიღწევაა. კერძოდ, საუბარი შეიძლება დაიწყოს აღორძინების ბლოკისთვის მომავალ პარლამენტში 30-35 კაციანი ფრაქციის შექმნის შესაძლებლობის მიცემაზე. ეს ვარიანტი არ არის გამორიცხული. საჭიროების შემთხვევაში, ნაციონალები ამ ნაბიჯზე წამსვლელები არიან."

"მაგრამ აჭარის კვანძის გასახსნელად ეს საკამრისი არ იქნება. ამ რეგიონთან დაძაბული ვითარების განმუხტვა მხოლოდ ზედაპირულად მოხდება, რადგან საქართველოს მომავალ ცენტრალურ ხელისუფლებასა და ასლან აბაშიძეს შორის მსოფლმხედველობრივი განსხვავება არსებობს. ასლან აბაშიძეს რუსეთი არ ეთმობა, ნაციონალებს კი - ამერიკა და ევროპა.

ასე რომ, აჭარიდან საქართველოს წინააღმდეგ სახიფათო თამაში წესების გარეშე დაიწყო. აბაშიძე "განდაგანას"
რუსეთს ეცეკვება, მაგრამ ასე განზე მოკავშირეების ძებნა რომ მას კარგ დღეს არ დააყრის, ესეც ცხადზე უცხადესია."

29 ნოემბრის გაზეთ "24 საათის" თქმით, "კონტრრევოლუცია - ეს ის საფრთხეა, რომელზეც ხავერდოვანი რევოლუციის დამთავრებისთანავე ალაპარაკდნეენ". გაზეთის ერთ-ერთი ვარაუდით, "კონტრრევოლუციის ორგანიზატორი შეიძლება იყოს შევარდნაძე, რომელიც ბოლო წუთებამდე საკუთარი გარემოცვის გავლენის ქვეშ იყო და კატეგორიულად აცხადებდა უარს გადადგომაზე."

გაზეთი წერს: "ამ ეტაპზე ერთადერთი რამის თქმა შეიძლება - ყოფილი პრეზიდენტი უნდა აცნობიერებდეს, რომ ის არც მამალაძეა, არც სარიშვილი და არც ბათიაშვილი. მიუხედავად ქვეყნის მმართველობაში ჩადენილი უამრავი შეცდომისა , რაც ძალიან ძვირად შეიძლება დაჯდომოდა ქვეყანას, ის მაინც ისტორიულ ფიგურად რჩება მსოფლიოსთვის. მან მის მიმართ აშკარად შემცირებული სიმპათიის ნაწილობრივ აღდგენა თავისი ბოლო ნაბიჯით მოახერხა. ასე რომ, სხვებისგან განსხვავებით, შევარდნაძე მართლაც ძალიან ბევრ რამეს დაკარგავს, თუ ის ამ რევანშის მცდელობაში თუნდაც რაღაცა ფორმით იქნება ჩართული."

"დღეს ვინ უდგას საქართველოს მხარში? ვინ აპირებს უპრეცედენტო დახმარებას ეკონომიკური კოლაფსის თავიდან ასაცილებლად?" ამ კითხვებს სვამს 28 ნოემბრის-4 დეკემბრის გაზეთი "ახალი ეპოქა" და თავადვე უპასუხებს: რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები.

გაზეთი წერს: "კვლავ აღდგა სატელეფონო კავშირი თბილისთან და ჯორჯ ბუშმა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან საუბარში არა მხოლოდ ქართველი ხალხისადმი კეთილგანწყობა გამოხატა, არამედ ხაზგასმით აღნიშნა, ქართველმა ხალხმა დაიცვა დემოკრატიის მონაპოვარი და ახლა მთავარია, სამართლიანი არჩევნები ჩაატაროთო. ამერიკის პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძეს დაჰპირდა, რომ თეთრი სახლი თბილისს ფინანსურ დახმარებასაც აღმოუჩენს და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთანაც უშუამდგომლებს (საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ჯონათან დანმა ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრისას უკვე განაცხადა, რომ ფონდი უახლოეს ხანში აღადგენს წინა ხელისუფლების დროს შეწყვეტილი დახმარების პროგრამას).

და რაც მთავარია: ჯორჯ ბუში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს დაჰპირდა, რომ თუ საქართველოს შეექმნება შიდა და საგარეო პრობლემები, ამას ვაშინგტონის "მყისიერი რეაგირება მოჰყვება."
XS
SM
MD
LG