Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება მწუხარებას გამოთქვამს ჰეიდარ ალიევის გარდაცვალების გამო


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 15 დეკემბერს იმ ოფიციალურ დელეგაციებს შორის, ვინც ბაქოში აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის დაკრძალვას დაესწრება, აუცილებლად იქნება საქართველოს დელეგაციაც. დელეგაციის შემადგენლობა უახლოეს

ხანში გახდება ცნობილი. ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში ედუარდ შევარდნაძე, რომელსაც ჰეიდარ ალიევთან ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებდა.


პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს დელეგაცია აუცილებლად გაემგზავრება ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილხამ ალიევისთვის მისასამძიმრებლად. "ჰეიდარ ალიევი საქართველოსა და ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი იყო", - შენიშნა ნინო ბურჯანაძემ.
მას შემდეგ, რაც ჰეიდარ ალიევი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ჯერ თურქეთის, შემდეგ კი კლივლენდის ჰოსპიტალში მოხვდა, მსოფლიოს მედიას არაერთხელ გაუვრცელებია ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ. ამ ცნობის გადაუმოწმებლობის მიზეზით, საქართველოს ხელისუფლება რამდენჯერმე უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. რამდენიმე თვის წინ ქართველმა პარლამენტარებმა პარლამენტის სხდომაზე ფეხზე ადგომით პატივი სცეს ჰეიდარ ალიევის ხსოვნას - რამდენიმე წუთში კი გაირკვა, რომ ალიევი ცოცხალი იყო. მოგვიანებით პრეზიდენტმა შევარდნაძემ უშიშროების საბჭოს სხდომაც კი გადადო იმის გამო, რომ ჰეიდარ ალიევის გარდაცვალების ამბავი შეიტყო, მისმა პრესმდივანმა კი ედუარდ შევარდნაძის მწუხარების შესახებ ამცნო ქართველ ჟურნალისტებს - ალიევი მაშინაც ცოცხალი აღმოჩნდა.
ამჯერად ედუარდ შევარდნაძის პრესმდივანი კახა იმნაძე ინფორმირებული არ არის, დაესწრება თუ არა ედუარდ შევარდნაძე ჰეიდარ ალიევის დაკრძლვას. არც ის არის ცნობილი, გეგმავს თუ არა ბაქოში გამგზავრებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი ასლან აბაშიძე, რომელიც ნოემბრის შუა რიცხვებში, პრეზიდენტ შევარდნაძის დავალებით, ბაქოს სტუმრობდა და შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილხამ ალიევს. შეგახსენებთ იმასაც, რომ 23 ნოემბრის მოვლენების შეფასებისას ილხამ ალიევი საკმაოდ კატეგორიული იყო: მან თბილისში განვითარებული მოვლენები სახელმწიფო გადატრიალებად შეაფასა. ამ ნეგატიური განწყობის შესარბილებლად დროებითმა ხელისუფლებამ იმ ხანებში ბაქოში უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე მიავლინა, თუმცა რამდენად შეძლო მან საქართველოს ახალ ხელისუფლებაზე ილხამ ალიევის აზრი შეეცვალა, საიდუმლოდ რჩება.
ასეა თუ ისე, საქართველო და აზერბაიჯანი ნებისმიერ შემთხვევაში სტრატეგიულ პარტნიორებად დარჩებიან. ამის გარეშე წარმოუდგენელია იმ საერთაშორისო პროექტების განხორციელება, რომელიც ორივე ქვეყნის ინტერესში შედის და რომლის რეალობად ქცევაში ლომის წილი ჰეიდარ ალიევსა და ედუარდ შევარდნაძეს მიუძღვით.
XS
SM
MD
LG