Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ წარიმართება სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესი?


ანდრო ეული, პრაღა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში აცხადებს, რომ ვაშინგტონი მჭიდროდ ითანამშრომლებს ერაყელებთან, რათა სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესი სავსებით ჰპასუხობდეს საერთაშორისო სტანდარტებს.

თუმცა ადამიანის უფლებათა მოძრაობის აქტივისტებს, აგრეთვე გაეროს გენერალურ მდივანს კოფი ანანს მიაჩნიათ, რომ ესოდენ რთული სასამართლო პროცესის ლეგიტიმურობა შეუძლებელი იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის უშუალო მონაწილეობის გარეშე. მიკროფონს ანდრო ეულს გადავცემ

ერაყის მმართველმა საბჭომ გასულ კვირაში მიიღო დადგნილება ქვეყანაში საგანგებო ტრიბუნალის დაარსების შესახებ, რომელიც სამხედრო დამნაშავეებს გაასამართლებს. საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ სწორედ ამ ტრიბუნალმა უნდა გაასამართლოს სადამ ჰუსეინი და სასიკვდილო განაჩენიც გამოუტანოს. მმართველი საბჭოს წევრმა მუვაფაქ ალ-რუბაიმ, რომელიც შეპყრობილ სადამს შეხვდა, კორესპონდენტებთან შეხვედრისას ორშაბათს ბაღდადში განაცხადა [მუვაფაქ ალ-რუბაის ხმა]: "უნდა გაუწყოთ, რომ სადამი არ დატოვებს ერაყს, ერაყში იქნება გასამართლებული და აქვე გამოუტანენ მას განაჩენს, რომელსაც ერაყშივე მოიხდის".

მაგრამ უფლებადამცველი აქტივისტები აცხადებენ, რომ ერაყის ტრიბუნალს, საერთაშორისო სასამართლოსთან შედარებით სათანადო ლეგიტიმურობა არ ექნება და არც
კვალიფიციური იურისტებით იქნება წარმოდგენილი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს რიჩარდ ბაუჩერს მნიშვნელოვნად მიაჩნია ის წინაპირობა, რომ ერაყის ტრიბუნალს საერთაშორისო ექსპერტები მისცემენ რჩევა- დარიგებას. მაგრამ, გარდამავალ ქვეყნებში სამართლის საკითხების შემსწავლელი ნიუ-იორკის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელს იან მარტინს გაუმართლებლად მიაჩნია რიჩარდ ბაუჩერის ეს ვარაუდი [იან მარტინის ხმა]: "საერთაშორისო მრჩევლები, გულწრფელად ვიტყვი, არ უნდა შეარჩიოს კოალიციამ, ანუ იმ ქვეყნებმა, ერაყი რომა აქვთ ოკუპირებული, ვინაიდან შეიქმნება იმგვარი შთაბეჭდილება, რომ საქმე გვაქვს გამარჯვებულის სამართალთან, რომელიც საერთაშორისო ლეგიტიმურობასაა მოკლებული".

იან მარტინმა აღნიშნა ამასთანავე, რომ იმ დროს, როცა კოალიციის თაოსნობით მოწყობილი პროცესის კანონიერება ეჭვქვეშ იქნება დაყენებული, საერთაშორისო თანამეგობრობის ეგიდით გამართული სასამართლო პროცესები დაანახებს რეგიონის მოსახლეობას, რომ ტირანი ლიდერები მართლმსაჯულებას ვერ გაექცევიან. ხოლო ამგვარი შენსი ხელიდან იქნება გაშვებული, თუკი ავტორიტარულ რეჟიმებს მიეცემათ საბაბი, ერაყში გამართული სასამართლო პროცესები ახლო აღმოსავლეთის რეგიონის საქმეებში ვაშიგტონის ჩარევის მორიგ მაგალითად წარმოაჩინონ.

ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ნიუ-იორკში
კოფი ანანმა კატეგორიულად გამორიცხა გაეროს ყოველგვარი მონაწილეობა ისეთ სასამართლო პროცესში, რასაც შესაძლოა ბრალდებულის სიკვდილით დასჯა მოჰყვეს.

ადამიანის უფლებათა მოძრაობის აქტივისტები აცხადებენ, რომ თუ სადამ ჰუსეინი საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარსდგება, მასში მრავალი ერაყელი ვექილი მიიღებს მონაწილეობას და პროცესი, მთლიანობაში, ლეგიტიმური იქნება, მაშინ როცა თუ დამხობილ დიქტატორს ახლახან შექმნილი საგანგებო ტრიბუნალი გაასამართლებს, აქ, გადამწყვეტი სიტყვა ექნება ერაყის მმართველ საბჭოს, რომლის წევრები ამერიკელებმა შეარჩიეს, და პროცესიც ისე წარიმართება, როგორც ეს შეერთებულ შტატებს სურს.

კანონი, რომლის ძალითაც ერაყში საგანგებო ტრიბუნალი შეიქმნა, იმასაც ითვალისწინებს, რომ სადამ ჰუსეინს, ერაყელი ხალხის წინაშე ჩადენილი ბარბაროსობის პარალელურად საერთაშორისო დანაშაულისთვისაც მოსთხოვონ პასუხი.
XS
SM
MD
LG