Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოღაიდელი საგადასახადოსა და საბაჟოს "წმენდით" დაემუქრა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შეუსრულებლობის გამო ახალი ფინანსთა მინისტრი საგადასახადო და საბაჟო სამსახურებში საკადრო წმენდას ჩაატარებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და ეროვნულ ბანკთან

გამართული კონსულტაციების შემდეგ კი, დაახლოებით 20 დეკემბრისათვის, ნოღაიდელის უწყება წარმოადგენს მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრებს, რომლის მიღებაც 2004 წლის მარტზე ადრე არ არის ნავარაუდევი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი მომავალი კვირიდან საგადასახადო და საბაჟო სისტემებში მასობრივ საკადრო წმენდას გეგმავს.
მისი თქმით, იგი არ აპირებს ბიუჯეტის შესრულების მიზნით თვის ბოლო დღეებს დაელოდოს - იმ საგადასახადო ინსპექციის ხელმძღვანელებს, რომლებსაც გეგმის შესრულების მაჩვენებელი ამ დროისთვის დაბალი აქვთ, თანამდებობების დატოვება ელით.

ფინანსთა მინისტრი, საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ 11 საგადასახადო ინსპექციის მუშაობით არის კმაყოფილი. გეგმის შესრულების მაჩვენებელი მაღალია აჭარაშიც, თუმცა ამ რეგიონიდან ცენტრალურ ბიუჯეტში თანხების გადმორიცხვა კვლავ პრობლემატურია. რაც შეეხება სხვა დანარჩენ ინსპექციებს, მათი ხელმძღვანელების მიმართ უმკაცრესი ღონისძიებების გატარებაა დაგეგმილი.

ნოღაიდელი იმუქრება, რომ მათ მარტო თანამდებობის დატოვება არ უშველით. ფინანსთა მინისტრს აქვე მოჰყავს მაგალითი ერთ-ერთი რაიონის საგადასახადო ინსპექციისა, რომელმაც სრულიად გაუგებარი გეგმა წარმოადგინა. ამ რაიონში რეგისტრირებული ერთი არქეოლოგიური სამსახურიდან ინსპექცია თვეში 120 ათას ლარს ელოდება, ხოლო 81 რეგისტრირებული რესტორნიდან - 60 ათას ლარს. "ამგვარად თავის მოტყუებას არ ვაპირებ", - აცხადებს ნოღაიდელი. მისი თქმით, ანალოგიური მდგომარეობაა საბაჟო სამსახურებშიც.

დღევანდელი მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტი მხოლოდ 76%-ით არის შესრულებული და ფინანსთა სამინისტრო, უკეთეს შემთხვევაში, საახალწლოდ მხოლოდ დეკემბრის ხელფასებისა და შემწეობების გაცემას შეძლებს. დანარჩენი დავალიანება, რომელიც დაახლოებით 250 მილიონი ლარი იქნება, მომავალი წლის ბიუჯეტს ერგება "მემკვიდრეობად".

რაც შეეხება თავად 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, იგი ფინანსთა მინისტრმა პარლამენტიდან გამოიტანა. საფინანსო უწყებაში ამუშავებენ მომავალი წლის ბიუჯეტის ახალ პროექტს, რომელიც, "შემოსავლების კუთხით, წლევანდელზე ამბიციური იქნება".
ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ნაერთი ბიუჯეტის პარამეტრების განხილვა უკვე დაწყებულია. "ამ კვირაში კონსულტაციებს საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და ეროვნულ ბანკთან გავმართავთ, პროექტის პირველ ვარიანტს კი მთავრობაში განსახილველად 20 დეკემბრისთვის წარვადგენთ", - გვპირდება ნოღაიდელი.
ხოლო თავად პროექტზე მუშაობის პროცესი თებერვლამდე მაინც გაგრძელდება, რადგან ამ დროისთვის გაირკვევა, რა ოდენობის თანხას უნდა ველოდეთ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან.
XS
SM
MD
LG