Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები აჭარაში - პირობები და მოლოდინი


დავით პაიჭაძე, თბილისი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო მინისტრის ზურაბ ჟვანიას ჩასვლისა და რესპუბლიკის მეთაურ ასლან აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ ამ უკანასკნელს აღარ უთქვამს,

რომ აჭარაში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვა საეჭვოა. მართალია, აბაშიძეს არჩევნების არც ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა გამოუხატავს, მაგრამ მისი ნართაულებიდან ჩანდა, რომ, გარკვეული პირობებით, ის თანახმაა, ჩაატაროს არჩევნები. 22 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ აჭარაში ჩასვლას გეგმავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი. რამდენად ძლიერია აბაშიძის პოზიციები პირობათა წამოყენებისას და რამდენად შესაძლებელია მათი კორექცია?

აჭარაში კიდევ ერთხელ ჩასვლა ასლან აბაშიძესთან არჩევნებზე სამსჯელოდ 22 დეკემბერს არ გამორიცხა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ მაილსმა. შესაძლოა, ეს ვიზიტი ქმედითი ზომა აღმოჩნდეს აბაშიძის უფრო მოსარბილებლად, რადგან აჭარის ხელისუფლების მეთაურთან ყველაზე უფრო სწორედ უცხოელ დიპლომატებთან საუბარი ჭრის: იმავე რიჩარდ მაილსსა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ლივ პასკოსთან შეხვედრის შემდეგ აბაშიძემ ციხიდან გაათავისუფლა "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელი გიორგი მშვენიერაძე. სტრასბურგში ყოფნამ და ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ვალტერ შვიმერთან საუბარმა უფრო შეარბილა აბაშიძის თითქოსდა კატეგორიული პოზიციები არჩევნებთან დაკავშირებით; მის მეტყველებაში თანდათან იკლო, ბოლოს კი სულაც გაქრა ისეთი ცნებები, როგორიცაა, მაგალითად, ძალადობით მოსული უკანონო ხელისუფლება და პრეზიდენტობის გაუწონასწორებელი, ფაშისტი კანდიდატი. ასლან აბაშიძე დღეს გაცილებით მოზომილად ლაპარაკობს, ვიდრე ერთი კვირის წინ.

და მაინც, ნათელია, რომ აჭარის ხელისუფალი შეეცდება ივაჭროს თბილისის ხელისუფლებასთან. 2 ნოემბრის არჩევნებში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ კობა ხაბაზის აზრით, ასლან აბაშიძის მოთხოვნა მისთვის აჭარის საარჩევნო სივრცის დათმობაა.

[ხაბაზის ხმა] "ეს ნიშნავს 300 ათასი ამომრჩევლის დაფიქსირებას. 300 ათასი გაბერილი რიცხვია და არავითარი კავშირი არა აქვს რეალობასთან. აბაშიძეს სურს, ისარგებლოს ამ ციფრებით და, როცა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, 300 ათასიდან, ვთქვათ, 280 ათასი მიითვალოს. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში, სავარაუდოდ, 2 მილიონი ამომრჩეველი იქნება, გამოდის, რომ ასლან აბაშიძე თამაშს 14%-ანი ფორით იწყებს. ეს არის მისი ვაჭრობის ძირითადი მიმართულება."

აბაშიძის მეორე პირობა აჭარაში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შემოღება იქნება, რაც მისი ხელისუფლების განუხორციელებელ მიზანს წარმოადგენს აგერ უკვე 8 წელიწადია.

რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ჩასვლას აჭარაში, კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გივი ორდენიძე ამბობს, რომ ვიზიტის მიზანი აჭარის ექვსი საარჩევნო ოლქის მონახულება და იმ მიზეზების გარკვევაა, რატომ არ იხსნება ავტონომიურ რესპუბლიკაში საარჩევნო უბნები.

[ორდენიძის ხმა] "აუცილებელია, სასწრაფოდ დაიწყოს რეგისტრაციის პროცესი. რაც უფრო გაიწელება ეს გაურკვევლობა, მით უფრო გართულდება აჭარის ჩართვა საარჩევნო პროცესში; მოგეხსენებათ, რეგისტრაციისა და სიების ფორმირების გარეშე პირდაპირ არჩევნებზე ვერ გადავხტებით."

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ უთქვამთ, თორემ ისე გასაგებია, რატომაც არ იხსნება საარჩევნო უბნები აჭარაში: კანონის თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომპეტენცია ვრცელდება ავტონომიურ რესპუბლიკაზეც, ანუ თბილისიდან განკარგულების საფუძველზე იქმნება კომისიები და ამოქმედდება საარჩევნო უბნები აჭარაში. მაგრამ de facto ასე არ არის და აჭარის საარჩევნო ოლქები ვერ გაბედავენ ამუშავებას ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილების გარეშე. ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად ბათუმში დრო ჯერ კიდევ არის.
XS
SM
MD
LG