Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა მრავალმხრივი კომენტარით გამოეხმაურა მსოფლიო პრესა ცნობას იმის შესახებ,

რომ ლიბიის ლიდერმა მუამარ კადაფიმ გადაწყვიტა მთლიანად შეწყვიტოს ქვეყანაში მასობრივი განადგურების იარაღის შექმნასთან დაკავშირებული პროგრამა.კადაფიმ განაცხადა, რომ მზადაა ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომლითაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებს მიეცემათ უფლება - წინასწარი შეტყობინების გარეშე შეამოწმონ ლიბიაში ნებისმიერი ბირთვული ობიექტი. როგორც გაზეთ "ფაინენშლ ტაიმსის" მიმომხილველი ფილიპ სტივენსი აღნიშნავს, კადაფის მოთვინიერებისთვის ქებას, პირველ რიგში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი იმსახურებს. ბრიტანელი ჟუნალისტი წერს:

"უკვე დაწყებულია პოლემიკა იმის თაობაზე, თუ რამ განაპირობა პოლკოვნიკ კადაფის ამგვარი "შემობრუნება" - ერაყში ამერიკის სამხედრო ძლიერების დემონსტრირებამ, თუ ბრიტანეთის მთავრობის აუჩქარებელმა დიპლომატიურმა ძალისხმევამ? ალბათ ორივე ამ ფაქტორმა უბიძგა ლიბიის ლიდერს ესოდენ მნიშვნელოვან დათმობაზე წასულიყო. ამერიკელებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ულტიმატუმებს ხშირად სასურველი შედეგი მოსდევს; ხოლო ევროპელებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ კვერთან ერთად ზოგჯერ მათრახის გამოყენებაცაა საჭირო. ასეა თუ ისე, კადაფის მოთვინიერებაში უწინარესად ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი იმსახურებს ქებას."

გაზეთ "აირიშ ტაიმსის" აზრით, კადაფის მოტივის ამოცნობა ისეთივე რთულია, როგორც თავად ლიბიის ლიდერის პიროვნება. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

"გაეროს სანქციები ლიბიის წინააღმდეგ, 80-იან წლებში რომ იქნა მიღებული საერთაშორისო ტერორიზმის მხარდაჭერის, აგრეთვე ლოკერბიში მომხდარი ტრაგედიისთვის, როცა ლიბიელმა აგენტებმა ამერიკის სამგზავრო თვითმფრინავი ააფეთქეს, ბევრად უფრო ეფექტიანი აღმოჩნდა, ვიდრე რონალდ რეიგანის დამსჯელი საჰაერო რეიდი 1986 წელს."

როგორც გაზეთი "მაიამი ჰერალდი" აღნიშნავს სარედაქციო სტატიაში, მართალია კადაფიმ რადიკალურად შეცვალა თავისი პოზიცია და მნიშვნელოვან დათმობაზე წავიდა საერთაშორისო თანამეგობრობასთან, უსაფუძვლო იქნებოდა იმის დაჯერება, რომ დღეს ჩვენ სულ სხვა პიროვნებასთან გვაქვს საქმე. გაზეთი დასძენს:

"კადაფის გადაწყვეტილება იმისთვისაა გამიზნული, რომ ლიბიისათვის ხელმისაწვდომი გახდეს დასავლეთის ტექნოლოგია, მოხდეს ამ ქვეყნის ნავთობმრეწველობის მოდერნიზაცია და გაიზარდოს ნავთობის ექსპორტი. მართალია კადაფის მოლაპარაკება ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების ოფიციალურ წარმომადგენლებთან, რასაც ლიბიაში მასობრივი განადგურების იარაღის შექმნასთან დაკავშირებული პროგრამის შეწყვეტა მოჰყვა შედეგად, ერაყის ომამდე დაიწყო, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობამ დაანახა მუამარ კადაფის, რომ იზოლაციაში მოქცეულ ლიბიას არა აქვს მომავალი".

გაზეთი "ლოს ანჯელეს ტაიმსი" მიესალმება ლიბიის გადაწყვეტილებას უარი თქვას მასობრივი განადგურების იარაღის შექმნასთან დაკავშირებულ პროგრამაზე, თუმცა მიაჩნია, რომ არ შეიძლება ბოლომდე ენდო მუამარ კადაფის. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში წერს:

"საერთაშორისო ექსპერტებმა, რომლებიც ლიბიაში ჩავლენ ბირთვული ობიექტების შესამოწმებლად, დეტალური ახსნა-განმარტება უნდა მოითხოვონ ლიბიის მთავრობისაგან იმასთან დაკავშირებით, თუ ვისგან მიიღო ტრიპოლიმ იარაღის წარმოებისათვის საჭირო აღჭურვილობა."
XS
SM
MD
LG