Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საახალწლოდ სამომხმარებლო ბაზარი გაძვირდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ახალი წლის დადგომა საქართველოში, ტრადიციულად, სადღესასწაულო სუფრის სამზადისით იგრძნობა. ამ პერიოდისათვის, როგორც წესი, საახალწლო კერძების აუცილებელ ატრიბუტებზე

ფასები იმატებს და დიასახლისებს სადღესასწაულო სუფრის გაწყობა ჩვეულებრივზე ძვირი უჯდებათ. როგორ რეაგირებს სამომხარებლო ბაზარი ახალი წლის დადგომაზე?

ახალი წელი საქართველოში ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც ყველა ოჯახი, თავისი სოციალური სტატუსის მიუხედავად, ცდილობს დღესასწაულს ხვავრიელად შეხვდეს და ამისათვის ბევრი უკანასკნელ დანაზოგსაც არ იშურებს. ამ ძირძველ ქართულ ტრადიციაზე ადეკვატურად რეაგირებს სამომხმარებლო ბაზარი, რომელიც ახალი წლის დადგომამდე ერთი კვირით ადრე მნიშვნელოვნად ძვირდება.

ის, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ოფიციალურად სასიცოცხლო მინიმუმის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ამ დღეებში არც ბაზარს და არც თავად მოსახლეობას, გაცხოველებული ვაჭრობიდან გამომდინარე, ერთი შეხედვით, როგორც წესი, არ ეტყობა. თუმცა სოციალური დიფერენციაცია თუნდაც საყიდლებიდან დაბრუნებული ადამიანების ჩანთების მოცულობაზეც შესამჩნევია.

თადარიგიანი დიასახლისები სადღესასწაულო სუფრისათვის საჭირო პროდუქტებს ბაზრის გაძვირებამდე იმარაგებენ. ხოლო მათ, ვინც, ტრადიციული ქართული უდარდელობის გამო, საახალწლო სუფრის გაწყობა ბოლო დღეებისათვის შემოინახა, ეს სიამოვნება ერთიორად ძვირი დაუჯდებათ. ქართული სუფრის ისეთი აუცილებელი ატრიბუტების ფასი, როგორიც გოჭი და ინდაური გახლავთ, 25-დან 70 ლარამდე მერყეობს; გოზინაყისათვის საჭირო პროდუქტების შესაძენად კი დიასახლისებმა 15-20 ლარი უნდა გადადონ. მთლიანობაში, სურსათი, საშუალოდ, დაახლოებით 15-20 %-ით არის გაძვირებული.

წინასაახალწლოდ ფასები უმნიშვნელოდ იმატებს საჩუქრებსა და სამომხმარებლო საქონლის ნაწილზე, თუმცა, ფასდაკლების სისტემის გამო, ახალი ნივთების შეძენა ძველ ფასებში მაინც შესაძლებელია. ხოლო ტანსაცმლისა და საოჯახო ტექნიკის მაღაზიები, რომელთა მომხმარებელი ამ პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება, მყიდველებს 25-30%-იან ფასდაკლებას სთავაზობენ. საქართველოში არსებული მძიმე სოციალური ფონის მიუხედავად, საახალწლოდ მაღაზიები მყიდველთა ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდიან.

მათ, ვისაც ჯიბე აძლევს საშუალებას, ახალი წლის საღამო ოჯახის გარეთ, რესტორანში, გაატაროს, ამ ტიპის დაწესებულებები საკმაოდ მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობენ; ფასებიც, სუფრისა და პროგრამის შესაბამისად, 50-დან 200 აშშ დოლარამდე მერყეობს.

ხოლო მათთვის, ვისთვისაც საახალწლო მდიდრული სუფრა და რესტორანი, სამწუხაროდ, მიუწვდომელი ფუფუნებაა ან, უბრალოდ, სურვილი აქვს 2004 წელს ქუჩაში შეხვდეს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამართულ უფასო კონცერტებსა და სახალხო სეირნობებში მონაწილეობით შეუძლიათ გაიხალისონ ცხოვრება.
XS
SM
MD
LG