Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამართალდამცავებმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლეს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 10 იანვარს, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად, მძევლობიდან გაათავისუფლეს გაერთიანებული ქართული ბანკის დამკვირვებელთა საბჭოს

ხელმძღვანელი თამაზ მაღლაკელიძე. შეგახსენებთ: დაუდგენელმა პირებმა თამაზ მაღლაკელიძე თბილისიდან შარშან, 5 დეკემბერს, გაიტაცეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის განცხადებით, მძევლის გათავისუფლებასთან ერთად, დაკავებულნი არიან ამ დანაშაულში ეჭვმიტანილები.

10 იანვარს გაერთიანებული ქართული ბანკის დამკვირვებელთა საბჭოს ხელმძღვანელის თამაზ მაღლაკელიძის მძევლობიდან დახსნა ადრე განხორციელებული ანალოგიური სპეცოპერაციებისგან რადიკალურად განსხვავდება: ამჯერად, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების ხელმძღვანელი პირების განცხადებით, დაკავებულნი არიან ამ დანაშაულში ეჭვმიტანილი პირები. აქამდე, როგორც გახსოვთ, მძევლების გათავისუფლების შემდეგ, ბურუსით მოცული რჩებოდა გამტაცებელთა ვინაობა. ასეთი სცენარით მოხდა არაბი და გერმანელი ბიზნესმენების მძევლობიდან გამოხსნა.
ამჯერად ცნობილნი არიან თამაზ მაღლაკელიძის გატაცებაში ეჭვმიტანილები. ერთ-ერთი მათგანი სამხედრო გენერალ-ლეიტენანტი გიორგი ვაშაკიძეა, რომელიც "მხედრიონის" ზეობის პერიოდში ჯაბა იოსელიანის მოადგილე გახლდათ.
"მხედრიონის" ერთ-ერთი ახლანდელი ლიდერის დოდო გუგეშაშვილის ცნობით, გია ვაშაკიძე მას შემდეგ აღარ არის "მხედრიონის" წევრი, რაც პროფესიულ სამხედრო კარიერას მიანიჭა უპირატესობა - სწავლობდა ჯერ მოსკოვის სამხედრო აკადემიაში, შემდეგ - გენშტაბის აკადემიაში. დოდო გუგეშაშვილის ცნობითვე, მართალია, მას ბოლო ხანებში გია ვაშაკიძესთან მჭიდრო კონტაქტი აღარ ჰქონდა, მაგრამ იგი მის უდანაშაულობაში დარწმუნებულია:
[დოდო გუგეშაშვილის ხმა] " დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი მეგობრებიც, რომ ეს არის პროვოკაცია გიას წინააღმდეგ რაღაც პოლიტიკური თვალსაზრისით, რადგან გია ვაშაკიძე იმ პატრიოტი ქართველების რიცხვს მიეკუთვნება, ვისთვისაც ასეთი საძაგელი ქმედებები აბსოლუტურად მიუღებელია."
საინტერესო ნიუანსი: იმ 2 თვის განმავლობაში, რაც თამაზ მაღლაკელიძე გატაცებული იყო, გამოსასყიდის მოთხოვნით გაერთიანებული ქართული ბანკისთვის არავის მიუმართავს. ამას ადასტურებს გამოხსნილი მძევლის მეგობარი, პარლამენტარი ზაზა სიორიძე:
[ ზაზა სიორიძის ხმა] " ჩვენთან არანაირ კავშირზე არ გამოსულან. ყოველ შემთხვევაში, მის მეგობრებთან. როგორც ვიცი, რაღაც ზოგადი ზარები ოჯახის წევრებთან იყო."
ბოლო ინფორმაციით, გათავისუფლებული მძევლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, თუმცა ფსიქოლოგიურ ტრავმას იგი ვერ გადაურჩა. შესაბამისად, თამაზ მაღლაკელიძის დაკითხვისას დანამდვილებით გაირკვევა, ვინ და რა მიზნით გაიტაცა იგი 5 დეკემბრის სისხამ დილას.
XS
SM
MD
LG