Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო არათავისუფალი ეკონომიკის ქვეყნად რჩება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ წელს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შედარებითი გაუმჯობესების მიუხედავად, საქართველო კვლავ „ძირითადად არათავისუფალი" ქვეყნების სიაშია მოხვედრილი.

ქვეყნების შესაფასებას, ეკონომიკის თავისუფლების ხარისხის მიხედვით, კვლევითი ორგანიზაცია Heritage Foundation-ი ყოველწლიურად ატარებს. ამ გამოკვლევებით, საქართველო ჯერჯერობით არათავისუფალი ქვეყნის სტატუსს ვერ ასცდა. ცოტა ხნის წინ Wall Street Journal-მა ახალი დოკუმენტი გამოაქვეყნა.

"Wall Street Journal"-ისა და კვლევითი ორგანიზაცია "Heritage Foundation"-ის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო, ტრადიციულად, ისევ "ძირითადად არათავისუფალი" ეკონომიკის ქვეყნების კატეგორიაში შედის, თუმცა, გასულ წელთან შედარებით, ქვეყანამ 22 ადგილით წინ წაიწია.

"Wall Street Journal"-მა და კვლევითმა ორგანიზაციამ "Heritage Foundation"-მა თავისუფალი ეკონომიკის ინდექსის 2003 წლის რეიტინგი გამოაქვეყნეს. ინდექსის შემუშავებისას ყურადღება მახვილდება შემდეგ კატეგორიებზე: ვაჭრობა, მონეტარული და საგადასახადო პოლიტიკა, ხელისუფლების ზეგავლენა ეკონომიკაზე, ინვესტიციების მოცულობა, ფინანსური ვალდებულებების ბაზრის მდგომარეობა, ფასების რეგულირება, კერძო საკუთრების დაცვა, "შავი ბაზრის" მდგომარეობა და სხვა.

ყურადღება რომ არ გავამახვილოთ სხვა მაჩვენებლებზე, მხოლოდ "შავი ბაზრის", ანუ კონტრაბანდის, მოცულობით საქართველო იმდენად უსწრებს თუნდაც ყოფილი სოციალისტური ბანაკის წევრებს, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით რაიმე მყარ პოზიციაზე საუბარი მეტისმეტად ნაადრევი იქნებოდა.

ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის ქვეყნების პირველ ათეულში შევიდნენ: ჰონკონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია, ლუქსემბურგი, ირლანდია, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი, დანია, შვეიცარია და აშშ.

"ძირითადად თავისუფალი" ეკონომიკის ქვეყნების კატეგორიაში ადგილი დაიმკვიდრეს ლიტვამ და ლატვიამ, ხოლო "ძირითადად არათავისუფალი" ეკონომიკის კატეგორიაში, ანუ იმ კატეგორიაში, სადაც საქართველოც აღმოჩნდა, 44-ე ადგილი მეზობელმა სომხეთმა დაიკავა, საქართველო 91-ეა, 103-ე ადგილი ყირგიზეთს, 106-ე აზერბაიჯანს, 114-ე რუსეთს, 117-ე უკრაინას და 131-ე ყაზახეთს ერგო.

გაცილებით უარესი კატეგორიაა, ფაქტობრივად, ტოტალიტარული რეჟიმის მქონე ქვეყნები, რომელშიც რამდენიმე ყოფილი მოძმე რესპუბლიკაც აღმოჩნდა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან "რეპრესირებულად წოდებული ეკონომიკის" ქვეყნების კატეგორიაში შევიდნენ: ბელორუსი (145-ე ადგილი), ტაჯიკეთი (146-ე) და უზბეკეთი (149-ე ადგილი). ამავე კატეგორიაში მოხვდნენ: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ლიბია, ბირმა, ზიმბაბვე, ლაოსი, ირანი და ვენესუელა.

საგულისხმოა, რომ, 2002 წლის რეიტინგთან შედარებით, 2003 წელს თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის პოზიცია გაუმჯობესდა. უცვლელი პოზიცია შეინარჩუნა მხოლოდ სომხეთმა, ესტონეთმა და უზბეკეთმა. ხოლო რეიტინგში პოზიციები გაუუარესდათ მეზობელ აზერბაიჯანს, ყაზახეთსა და ტაჯიკეთს.
XS
SM
MD
LG