Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტისგან ერაყში სამოქალაქო პირთა დაღუპვის გამოძებას მოითხოვენ


ევროპის პარლამენტისგან მოითხოვენ, გამოძიება ჩაატაროს ერაყში სამოქალაქო პირთა დაღუპვის ფაქტების გამო,

ვინაიდან, როგორც იტყობინებიან, ერაყელთა სიკვდილში ევროპის კავშირის ჯარებსაც მიუძღვით დანაშაული. უელსის ნაციონალისტური პარტია, პლეიდ კიმრუს ორი წამყვანი წევრი მიიჩნევს, რომ ერაყში მიმდინარე მოვლენების გარშემო არასაკმარისი გამჭვირვალობა ეჭვქვეშ აყენებს ევროკავშირში ადამიანის უფლებების დაცვას და ზიანს აყენებს ევროპელთა იმიჯს.

ერთ-ერთი ბრალმდებელი, პარტია პლეიდ კიმრუს წარმოადგენელი ბრიტანეთის პარლამენტში ადამ პრაისი ფრთხილობს და ზემოთქმულ ბრალდებას მხოლოდ ვარაუდს უწოდებს.

მიუხედავად ამისა, იგი ამტკიცებს, რომ პირველი მაისიდან მოყოლებული დღემდე ერაყში კოალიციის ჯარების მიერ 250 სამოქალაქო პირი იქნა მოკლული. როგორც ირკვევა, ზოგიერთი მათგანის სიკვდილი ევროპის კავშირის სამი წევრის - ბრიტანეთის, ნიდერლანდებისა და დანიის - ჯარების ანგარიშზე მოდის.

პრაისის თქმით, ეს შემთხვევები და მათი გასაიდუმლოება ჩრდილს აყენებს ევროკავშირის ძალისხმევას ადამიანის უფლებების სფეროში და საფრთხეს უქმნის კავშირის ურთიერთობებს მუსულმანურ სამყაროსთან. პრაისის თქმით, ის და მისი თანაპარტიელი, ჯილ ევანსი, რომელიც ევროპარლამენტის წევრია, ამ ორგანიზაციას მიმართავენ გამოძიების ჩატარების მოთხოვნით.

[პრაისის ხმა] "ერთ-ერთი რამ, რაც გვაფიქრებს ბრიტანეთში, არის არასაკმარისი გამჭვირვალობა სამოქალაქო პირთა დაღუპვის ფაქტების გამოძიებაში. ცხადია, ევროპის კავშირის წევრი ქვეყნის სამხედროთა ხელით უიარაღო ადამიანთა მოკვლის ფაქტები ძალიან დამაფიქრებელია."

პრაისის თქმით, ამგვარ ფაქტებთან დაკავშირებით მხოლოდ სამხედრო გამოძიება ტარდება ჩამოთვლილ სამ ქვეყანაში. მაგრამ ისინი საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება.

ამჟამად მოქმედი წესების თანახმად, თავად ერაყში შეუძლებელია სასამართლოში ჩივილი კოალიციის ჯარების წინააღმდეგ. დაღუპულთა ოჯახებს შეუძლიათ სამართალი ეძიონ მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომელთა სამხედროებიც არიან დაკავშირებული ამა თუ იმ სამოქალაქო პირის სიკვდილთან.

პრაისის თქმით, თავად მას "ტანჯვა-წვალებით" მოუხდა ინფორმაციის შეგროვება. ამაში მას დაეხმარა დეპუტატის უფლება, მოიპოვოს გარკვეული სახის ინფორმაცია.

არც შეერთებული შტატების და არც დიდი ბრიტანეთის მთავრობები არ არიან თანახმა გამოაქვეყნონ სამოქალაქო პირთა სიკვდილის შესახებ ინფორმაცია.

მან და მისმა თანაპარტიელმა დაადგინეს, რომ დღემდე სამეფო სამხედრო პოლიციამ 17 გამოძიება ჩაატარა სამოქალაქო პირთა უკანონოდ მოკვლასთან დაკავშირებით.

ბრიტანეთის ხელისუფლების თანახმად, ამჟამად გრძელდება გამოძიება 13 მსხვერპლის თაობაზე.

ვინაიდან ევროპის სამი ქვეყნიდან არცერთს არ დაუწყია დამოუკიდებელი გამოძიება, პრაისი სთხოვს ევროპის პარლამენტს, რომ მან ჩაატაროს ასეთი გამოძიება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე დაყრდნობით.

პრაისის თანაპარტიელმა ჯილ ევანსმა ორშაბათს განაცხადა, რომ იგი ჯერ თავისი ფრაქციის წევრებთან, ევროპელ მწვანეებთან და ზოგიერთ სხვა დეპუტატთან ერთად განიხილავს ამ საკითხს.

მაგრამ სავარაუდოა, რომ ევროპის პარლამენტის ორი უდიდესი ფრაქციის - კონსერვატორი ქრისტიან-დემოკრატებისა და სოციალ-დემოკრატების - მხარდაჭერის გარეშე გამოძიება არ დაინიშნება.
XS
SM
MD
LG